ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

601. ნავითა გავე, ზღვისაგან შტო რამე გამოვიდოდა, არ მოვჰკრეფდი გამყოფთა, ვთქვი, ჩემთა რად დავრიდო, და-? დამეძაბუნნეს, სიმრავლე მე მათი არ გამვიდოდა, ვნადირობდი და ვიზახდი, ხმა ჩემი არ უდიდოდა.

602. მართლად იჯავრეს, წუნობა მათი თუ ესე ხმდა ვითა! გამომაპარნეს ლაშქარნი, გზანი შემიკრნეს ნავითა, თვით ბიძასძენი ჩემნიცა შესხდეს მათითა თავითა, ჩემთა გაუხდეს ლაშქართა ომად თავისა მკლავითა.

603. მათი მესმა, დავინახე ზახილი და ხრმალთა ელვა, ნავი ვსთხოვე მენავეთა, მით ვიყივლე მე ერთხელ “ ვა”, ზღვასა შევე, მომეგება მეომარი ვითა ღელვა, სწადდა, მაგრა ვეღარა ქმნეს ჩემი ზედა წამოქელვა.

604. კვლა სხვანი დიდნი ლაშქარნი უკანა მომეწეოდეს, იქით და აქათ მომიხდეს, ერთგნით ვერ მომერეოდეს, არ მომწურვოდეს წინანი, ზურგით მესროდეს მე ოდეს, ხრმალსა მივენდევ, გამიტყდა, ისარნი დამელეოდეს.

605. მომეჯარნეს, ვეღარა ვქმენ, ნავით ცხენი გარდვიხლტუნვე, ზღვა-ზღვა ცურვით წამოუვე, ჩემი მჭვრეტი გავაცბუნვე; თანამყოლნი ყველაკანი დამიხოცნეს, დამრჩეს მუნვე, ვინცა მდევდა, ვერ შემომხვდა, მივუბრუნდი, მივაბრუნვე.

606. აწ იგი იქმნას, რაცაღა ენებოს ღმრთისა წადილსა! ვეჭვ, ჩემი სისხლი არ შერჩეს, ძალი შესწევდეს ქადილსა! ოხრად გავუხდი ყოფასა მათ საღამოსა და დილსა, უხმობ ყვავთა და ყორანთა, მათ ზედა ვაქმნევ ხადილსა!”

607. ამა ყმამან შემიკვეთა, გული მისკენ მიმიბრუნდა. მოვახსენე: “აჩქარება შენი ყოლა არა უნდა, მეცა თანა წამოგყვები, დაიხოცნენ იგი მუნ და-! ჩვენ ორთავე მეომარი განაღამცა შეგვიძრწუნდა!”

608. ესეცა უთხარ: “ამბავი ჩემი არ გაგეგონების, უფრორე წყნარად გიამბობ, თუ ჟამი ჩვენ გვექონების”. მან მითხრა: “ლხინი საჩემო მაგას რა შეეწონების. დღედ სიკვდილამდის სიცოცხლე შენ ჩემი დაგემონების”.

609. მივედით მისსა ქალაქსა ტურფასა, მაგრა ცოტასა; გამოეგებნეს ლაშქარნი, იხმიდეს მისთვის ოტასა, პირსა იხოკდეს, გაჰყრიდეს ნახოკსა, ვით ნაფოტასა, ეხვეოდიან, ჰკოცნიდეს ხრმალსა და სალტე-კოტასა.

610. კვლა მოვეწონე, ვეტურფე მე მისი გარდნაკიდარი; შემასხმიდიან ქებასა: “მზეო, შენ ჩვენთვის იდარი!” მივედით, ვნახეთ ქალაქი მისი ტურფა და მდიდარი, ყველასა ტანსა ემოსა ზარქაში განაზიდარი”.

შველა ტარიელისაგან ფრიდონისა

611. მოჯობდა, ომი შეეძლო, ხმარება ცხენ-აბჯარისა; დავკაზმეთ ნავი, კატარღა და რიცხვი სპათა ჯარისა; კაცი ხმდა, მისთა მჭვრეტთათვის ღონემცა ეაჯა რისა! აწ გითხრა ომი მოყმისა, მებრძოლთა დამსაჯარისა.

612. მათი მესმა დაპირება, ჩაბალახთა ჩამობურვა; ნავი წინა მომეგება, არა ვიცი, შვიდი თუ რვა. ფიცხლა ზედა შევეჯახე, მათ დაიწყეს ამოდ ცურვა; ქუსლი შევეც დავუქციე, დაიზახნეს დიაცურ “ვა”.

613. კვლა სხვასა მივე, მოვკიდე ხელი ნავისა ბაგესა, ზღვასა დავანთქენ, დავხოცენ, ომიმცა რაღა აგესა! სხვანი გამექცეს, მიმართეს მათ-მათსა საქულბაგესა; ვინცა მიჭვრეტდეს, უკვირდა, მაქებდეს, არ მაძაგესა.

614. ზღვა გავიარეთ, გავედით, შემოგვიტივეს ცხენია, კვლა შევიბენით, შეიქმნნეს ომისა სიმარცხენია. მუნ მომეწონნეს ფრიდონის სიქველე-სიფიცხენია: იბრძვის ლომი და პირად მზე, იგი ალვისაც ხენია.

615. “თვით ორნივე ბიძასძენი მისნი ხრმლითა ჩამოყარნა, ხელნი წმიდად გარდეკვეთნეს, იგი ასრე ასაპყარნა, მოიტანნა მხარდაკრულნი, ერთმან ორნი არ დაყარნა, მათნი ყმანი გაამტირლნა, მისნი ყმანი ამაყარნა.

616. მათნი ლაშქარნი გაგვექცეს; ვეცენით, გა-ცა-ვფანტენით. ფიცხლად წავუღეთ ქალაქი, არ თავნი გავაზანტენით; ქვითა დავლეწეთ წვივები, ჩვენ იგი გავანატენით. მომკალით, ლარი დალიოთ ან აკიდებით, ან ტენით.

617. ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი და ბეჭედნი მისნი დასხნა. თვით ორნივე ბიძასძენი დაპყრობილნი წამოასხნა. მისთა ნაცვლად სისხლნი მათნი მოღვარნა და ველთა ასხნა; ჩემი თქვეს, თუ: “ღმერთსა მადლი, ვინ ალვისა ხენი ასხნა!”

618. მივედით, მოქალაქეთა ზარი ჩნდა, რომე ზმიდიან, აჯაბთა მქმნელნი მჭვრეტელთა გულსა მუნ დააბმიდიან; მე და ნურადინს ყველანი ქებასა შეგვასხმიდიან, გვითხრობდეს: “მკლავთა თქვენთაგან ჯერთ მათნი სისხლნი მიდიან!”

619. ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და მიხმობდეს მეფეთმეფობით, თვით თავსა მათსა — მონად და ჩემსა — ყველასა სეფობით; დაღრეჯით ვიყავ, ვერ მპოვეს ვეროდეს ვარდსა მკრეფობით, ჩემი ვერ ცნიან ამბავი, მუნ იყო არიეფობით”.