ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

ფრიდონისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა

620. დღესა ერთსა მე და ფრიდონ ნადირობას გამოვედით, ზღვასა ზედა წაწურვილსა ქედსა რასმე გარდავდეგით; ფრიდონ მითხრა: “გითხრობ რასმე: — ვთამაშობდით, ცხენსა ვსხედით, ერთი რამე საკვირველი მე ვნახეო ამა ქედით”.

621. მე ვჰკითხევდი, ფრიდონ მეტყვის მართ ამბავსა ესოდენსა: “დღე ერთ მწადდა ნადირობა, შევჯე ამა ჩემსა ცხენსა,— ზღვათა შიგან იხვსა ჰგავს და ხმელთა ზედა შავარდენსა, — აქა ვდეგ და თვალს უგებდი ქორსა, იქით განაფრენსა.

622. ზოგჯერ ზღვითკე მივიხედნი, წავსდგომოდი ამა გორსა; ზღვასა შიგან ცოტა რამე დავინახე, თუცა შორსა. ეგრე ფიცხლა სიარული არას ძალუც მისსა სწორსა, ვერად ვიცან, გონებასა გავეკვირვე ამა ორსა:

623. ვთქვი: რა არის, რას ვამსგავსო? მფრინველია, ანუ მხეცი.” ნავი იყო, გარ ეფარა სამოსელი მრავალკეცი; წინა კაცნი მოზიდვიდეს; თვალი ამად დავაცეცი, მთვარე უჯდა კიდობანსა, ცა მეშვიდე მასცა ვეცი.

624. ამოძვრეს ორნი მონანი, შავნი მართ ვითა ფისანი. ქალი გარდმოსვეს, სისხონი ვნახენ მისისა თმისანი. მას რომე ელვა ჰკრთებოდა, ფერნიმცა ჰგვანდეს რისანი! მან გაანათლა ქვეყანა, გაცუდდეს შუქნი მზისანი!

625. სიხარულმან ამაჩქარა, ამათრთოლა, და-ცა-მლეწა, იგი ვარდი შემიყვარდა, რომე თოვლსა არ ეხეწა; დავაპირე შეტევება, ვთქვი: “წავიდე მათკე მე, წა-, ჩემსა შავსა სულიერი რამცა ვითა გარდეხვეწა!”

626. ცხენი გავქუსლე, იქმოდა შამბი ხმასა და ხრიალსა, ვეღარ მიუსწარ, გამესწრნეს, რაზომცა ვსცემდი წრტიალსა. ზღვის პირსა მივე, შევხედენ, ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა, გაშორვებოდეს, წამსვლოდეს, ამისთვის დავეწვი ალსა”.

627. ესე მესმა ფრიდონისგან, მომემატა ცეცხლთა სიცხე, ცხენისაგან გარდავიჭერ, თავი სრულად გავიკიცხე, ჩემთა ღაწვთა დანადენი მე ჩემივე სისხლი ვიცხე. უთხარ: “მომკალ, უჩემოსა ენახამცა ვისცა ისც ხე!”

628. ესე ჩემგან გაუკვირდა ფრიდონს, უცოხდ ეუცხოვა, მაგრა მეტად შევებრალე, ტირილითა მესათნოვა; თვალთა ვითა მარგალიტი ცრემლი ცხელი გარდმოთოვა. ვითა შვილი დამადუმა, მემუდარა, შემეპოვა.

629. “ვაგლახ მეო, რა გიამბე ფათერაკად, მცთარმან, შმაგად!” მოვახსენე: “ნურა გაგვა, ნუ ინავღლი მაგას მაგად! იგი მთვარე ჩემი იყო, მით მედების ცეცხლი მდაგად; აწ გიამბობ, რათგან თავი გინდა ჩემად ამხანაგად”

630. ფრიდონს უთხარ ყველაკაი ჩემი თავსა გარდასრული; მან მითხრა, თუ: “რას ვიტყოდი მოცთომილი, გაბასრული! შენ, მაღალი ინდოთ მეფე, ჩემსა რადმე ხარ მოსრული, სახელმწიფო საჯდომი და ტახტი გმართებს, სრაცა სრული”.

631. კვლაცა მითხრა: “ვისცა ღმერთი საროს მორჩსა ტანად უხებს, მას ლახვრსა მოაშორვებს, თუცა პირველ გულსა უხებს, იგი მოგვცემს წყალობასა მისსა, ზეცით მოგვიქუხებს, ჭირსა ლხინად შეგვიცვალებს, არათ ოდეს შეგვაწუხებს”.

632. წამოვედით ნატირებნი, სრას დავსხედით თავისწინა; ფრიდონს უთხარ: “ჩემი შემწე შენგან კიდევ არავინ-ა, ვითა ღმერთმან შენი მსგავსი სოფლად არა მოავლინა, მაშა, რათგან შეგემეცენ, ამის მეტი რად რა მინა?

633. არ ავი გესვა მოყვარე, ჟამი თუ მომხვდეს ჟამისად, ენა, გონება მახმარე გამოსარჩევლად ამისად: რა მოვაგვარო, რა მიჯობს სალხენლად ჩემად და მისად? თუ ვერას ვარგებ, ვიქმნები ვერდამყოფელი წამისად”.

634. მან მითხრა: “ბედი ღმრთისაგან მიჯობსღა ამას რომელი? მოსრულ ხარ ჩემად წყალობად მეფე ინდოეთს მჯდომელი; მემცა რად ვიყავ ამისთვის მადლისა რასმე მნდომელი? ერთი ვარ მონა მონებად, წინაშე თქვენსა მდგომელი.

635. ესე ქალაქი გზა არის ნავთა, ყოველგნით მავალთა, შემომკრებელი ამბავთა უცხოთა რათმე მრავალთა; აქა მოგესმის წამალი, შენ რომე დაუწვავ ალთა. ნუთუ ქმნას ღმერთმან გარდახდა ამაგა ჭირთა და ვალთა!

636. ჩვენ გავგზავნნეთ მენავენი, რომელთაცა კვლა უვლია, მოგვინახონ იგი მთვარე, ვისთვის ჭირი არ გვაკლია; მუნამდისცა მოიჭირვე, — გონებამან არ დაგლია. ყოლა ჭირი არ ეგების, თუმცა ლხინმან არ დასძლია”

637. კაცნი იხმნა მასვე წამსა; ესე საქმე დავიურვეთ, უბრძანა, თუ: “ნავებითა წადით, ზღვა-ზღვა მოიცურვეთ, მოგვინახეთ, საყვარელსა მისსა მისთვის მოასურვეთ; თავთა ჭირი უათასეთ, რადმც უშვიდეთ, რადმცა ურვეთ?”

638. აჩინნა კაცნი, სადაცა სადგურნი ნავთა სჩენოდეს; უბრძანა : “ძებნეთ ყოველგან, რაცა ვის მისი სმენოდეს”. მოლოდნა მიჩნდა სალხინოდ, პატიჟნი მო-რე-მლხენოდეს, უმისოდ ლხინი მინახავს, ამა დღისათვის მრცხვენოდეს!