ვეფხისტყაოსანი 1712, 1939 წ.

622. წამოვედით ნატირებნი: სრას დავსხედით თავის წინა჻ ფრიდონს უთხარ ჩემი შემწე: შენგან კიდევ არავინ ა჻ ვითა ღ~თსა შენი მგზავსი: სოფლად არა მოავლინა჻ მაშა რადგან შეგემეცენ: ამის მეტი რად რა მინა჻

623. არ ავი გესვა მოყვარე: ჟამი თუ მამხუდეს ჟამისად჻ ენა გონება მაჴმარე: გამოსარჩევლად ამისად჻ რა მოვაგვარო რა მიჯობს: სალხენლად ჩემად და მისად჻ თუ ვერას ვარგებ ვიქმნები: ვერ დამყოფელი წამისად჻

624. მან მითხრა ბედი ღ~თისაგან: მიჯობსღა ამას რომელი჻ მოსრულხარ ჩემად წყალობად: მეფე ინდოეთს მჯდომელი჻ მემცა რად ვიყავ ამისთვის: მადლისა რასმე მდომელი჻ ერთი ვარ მონა მონებად: წინაშე თქვენსა მდგომელი჻

625. ესე ქალაქი გზა არის: ნავთა ყოველგნით მავალთა჻ შემამკრეფელი ამბავთა: უცხოთა რათმე მრავალთა჻ აქა მოგესმის წამალი: შენ რომე დაუწვავ ალთა჻ ნუთუ ქნას ღ~თნ გარდასვლა: მაგაა ჭირთა და ვალთა჻

626. ჩვენ გავგზავნნეთ მენავენი: რომელთაცა კულავ უვლია჻ მოგვინახონ იგი მთვარე: ვისთვის ჭირი არ გვაკლია჻ მუნამდისცა მოიჭირვე: გონებამან არ დაგლია჻ ყოლა ჭირი არ ეგების: თუცა ლხინმან არ დასძლია჻

627. კაცი იჴმენ მასვე წამსა: ესე საქმე დაიურვეთ჻ უბრძანა თუ ნავებითა: წადით ზღვა ზღვა მოიცურვეთ჻ მოგვინახეთ საყვარელსა: მისსა მისთვის მოასურვეთ჻ თავსა ჭირი უათასეთ: რამც უშვიდეთ რადმცა ურვეთ჻

628. აჩინნა კაცნი სადაცა: სადგურნი ნავთა სჩენოდეს჻ უბრძანა ძებნეთ ყოველგან რაცა ვის მისი გსმენოდეს჻ მოლოდნა მიჩნდა სალხინოდ: პატიჟნი მორე მლხენოდეს჻ უმისოდ ლხინი მინახავს: ამა დღისათვის მრცხვენოდეს჻

629. ფრიდონ საჯდომნი დამიდგნა: ადგილსა საპატონოსა჻ მითხრა თუ მცდარ ვარ აქამდის: ვერ მივხუდი გასაგონოსა჻ ხარ დიდი მეფე ინდოთა: რა ვით ვინ მოგაწონოსა჻ ვინ არის კაცი რომელმან: თავი არ დაგამონოსა჻

630. რას ვაგრძელებდე მოვიდეს: ყოვლგნით ამბისა მძებნელი჻ ცუდნი და ცუდთა ადგილთა: თავისა დამაშრობელი჻ ვერა ვერ ეცნა ვერ იყვნეს: ვერას ამბისა მბობელი჻ მე უფრო მდინდეს თვალთაგან: კვლავ ცრემლი შეუშრობელი჻

631. მე ფრიდონს უთხარ ესე დღე: ვითა მესაზაროების჻ ამისად მოწმად ღ~თი მყავს: სათქმელად მეუცხოების჻ უშენოდ მყოფსა ღამე და: დღეცა მესაღამოების჻ დახსნილ ვარ ლხინსა ყოველსა: მით გული ჭირსა მოების჻

632. მაშა მე მისსა ამბავსა: რადგან აღარას მოველი჻ ვეღარ დავდგები გამიშვი: ვარ ფარმანისა მთხოველი჻ ფრიდონს რა ესმა ატირდა: სისხლითა მოერწყო ველი჻ მითხრა თუ ძმაო დღესითგან: ცუდ ჩემი ლხინი ყოველი჻

633. თუცა დია მოიჭირვეს: ვერცა ეგრე დამიჭირეს჻ მისთა სპათა მუჴლ მოყრილთა: თავი მათი ჩემკერძ ირეს჻ მეხვეოდეს მაკოცებდეს: ატირდეს და ამატირეს჻ ნუ წახვალო დაგაწამოთ: სიცოცხლეა ჩვენი ვირეს჻

634. ეგრე უთხარ თქვენი გაყრა: მეცა დია მეძნელების჻ მაგრა ლხინი უმისოსა: ჩემგან ძნელად გაიძლების჻ ჩემსა ტყუესა ვერ გავსწირავ: თქვენცა დია გებრალების჻ ნუვინ მიშლით არ დავდგები: არცა ვისგან დამეშლების჻

635. მერმე ფრიდონ მოიყვანა: მიძღვნა ესე ჩემი ცხენი჻ მითხრა ხედავ პირი მზისა: თქუენ საროსა ეგეც ხენი჻ ვიცი მეტი არა გინდა: ძღვენი რამცა გავკიცხენი჻ თვით ამანვე მოგაწონნეს: საჴედრობა სიფიცხენი჻

636. ფრიდონ გამამყვა წავედით: ორთავე ცრემლნი ვღვარენით჻ მუნ ერთმანერთსა ვაკოცეთ: ზახილით გავიყარენით჻ სრულად ლაშქარნი მტიროდეს: გულითა მართლად არ ენით჻ გაზრდილ გამზრდელთა გაყრასა: ჩვენ თავნი დავადარენით჻

637. ფრიდონისით წამოსრულმან: წავე ძებნად კულავ ვიარე჻ რომე არა არ დამირჩა: ჴმელთა ზედა ზღვათა გარე჻ მაგრა მისსა მნახავსაცა: კაცსა ვერას შევეყარე჻ გული სრულად გამიშმაგდა: თავი მჴეცთა დავადარე჻

638. ვთქჳ თუ ჩემგან აღარაა: სიარული ცუდი ცურვა჻ ნუთუ მჴეცთა სიარულმან: უკუმყაროს გულსა ურვა჻ მონათა და ამ ასმათსა: სიტყვა უთხარ შვიდი თუ რვა჻ ვიცი რომე დამირჯიხართ: დია გმართებს ჩემი მდურვა჻

639. აწ წადით და მე დამაგდეთ: ეტერენით თავთა თქუენთა჻ ნუღარ უჭურეტთ ცრემლთა ცხელთა: თვალთა ჩემთა მონადენთა჻ რა ესენი მოისმენდეს: საუბართა ესოდენთა჻ მითხრეს ჰაი ჰაი რასა ბრძანებ: ნუ მოასმენ ყურთა ჩვენთა჻

640. უშენოსა ნუმცა ვნახავთ: ნუ პატრონსა ნუ უფალსა჻ ნუთუ ღ~თნ არ გაგუყარნეს: ცხენთა თქუენთა ნატერფალსა჻ თქვენ გიჭვრეტდეთ საჭვრეტელსა: შვენიერსა სატურფალსა჻ თურე ბედი მოაღაფლებს: კაცსა ეზომ არ ღაფალსა჻

641. ვეღარ გავგზავნენ სიტყვანი: მესმნეს მონათა ჩემთანი჻ მაგრა დავჰყარენ არენი: მე კაცრიელთა თემთანი჻ სახლად სამყოფნი მიმაჩნდის: თხათა და მათ ირემთანი჻ გავიჭერ სრულად დავტკეპნე: ქუე მინდორნი და ზე მთანი჻