ვეფხისტყაოსანი 1712, 1939 წ.

740. რა ვაზირმან ესე უთხრა: ადგა დარბაზს გაემართა჻ მეფე დახვდა შეკაზმული: პირი მზეებრ ეწაღმართა჻ შეუშინდა საწყენლისა: მოხსენება ვერ შემართა჻ დაყრით დგა და იგონებდა: არ საქმეთა საომართა჻

741. მეფემან ნახა ვაზირი: დაღრეჯით დაყმუნვებული჻ უბრძანა რა გჭირს რა იცი: რად მოხვე შეჭირვებული჻ მან ჰკადრა არა არ ვიცი: მართ ვარ თავისა ვებული჻ მართალ ხართ მამკლათ რა გესმას: ამბავი ჩემგან ცნებული჻

742. ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა: არცა მატს და არცა სდიდობს჻ მეშინიან თუცა შიშსა: მოციქული ვერ დარიდობს჻ აწ ავთანდილ გეთხოვების: მოაჯეობს არ წამკიდობს჻ უმის ყმისოდ სოფელსა და: საწუთროსა მისთვის ფლიდობს჻

743. რაცა იცოდა ყუელაი: ჰკადრა მოშიშრად ენითა჻ კვლავ მოახსენა რამცა სცნა: სიტყჳთა ესოდენითა჻ თუ რაგავარ მყოფი მინახავს: თუ რაგვარ ცრემლთა დენითა჻ მართალ ხართ ჩემთვის რისხვანი: თუმცა იანაზდენითა჻

744. რა მეფემან მოისმინა: გაგულისდა გაუცნობდა჻ ფერი ჰკრთა და გასაშიშრდა: შემხედველთა შეაშთობდა჻ შეუზახნა რასთვის შმაგობ: მაგას სხვამცა ვინ მითხრობდა჻ ავსა კაცსა ურჩევნია: ავსამცა რას ადრე სცნობდა჻

745. ვითამც რამე სიხარული: საქმე მითხარ ვითა ღადრად჻ მაგის მეტი რა ვინ მიყოს: თუ არ მამკლას მუხთლად ღადრად჻ შმაგო ენა ვით იხმარე: აწ მაგისად ჩემად კადრად჻ აგრე შმაგი არ ვაზირა: არად ვარგხარ არცა სხვად რად჻

746. ჴამსცა კაცმან პატრონისა: საწყინარსა არ დარიდნეს჻ ოდენ სიტყუა უმეცრული: უმეცრულად დაიყბედნეს მე მაგისად მოსმენამდის: რად არ ყურნი შემებეჭდნეს჻ შენ თუ მოგკლა სისხლნი შენნი: ჩემმან ქედმან მიიქედნეს჻

747. კვლავ უბრძანა თუცა მისგან: აწ არ იყავ მოგზავნილი჻ თავმან ჩემმან აწვე მოგკვეთ: არად უნდა ამას ცილი჻ წა უკუდეგ ავი შმაგი: უმეცარი შლეგი წბილი჻ შაბაშ სიტყვა შაბაშ კაცი: შაბაშ საქმე მისგან ქნილი჻

748. დადრკა სკამნი შემოსტყორცა: ჰკრა კედელსა შეალეწნა჻ დააცდუნვა მაგრა მისთვის: აალმასნა არ აძეწნა჻ ვით მიამბე წასლვა მისი: ვინ ალვისა მორჩი ხე წნა჻ ვაზირისა ცრემლმან ცხელმან: ღაწვნი თეთრნი აახეწნა჻

749. ვეზირმან გლახ გამორიდნა: მართ ვეღარას ვერ იძრწინვებს჻ გამოძრწა და გამომელდა: გულსა წყლულსა მოიმტკივნებს჻ შეის ხასობს გაის ქუშობს: ენა ასრე მოაყივნებს჻ მტერი მტერსა ვერას ავნებს: რომე კაცი თავსა ივნებს჻

750. თქუა ცოდვათა ჩემთა მსგავსი: ღ~თნ მეტი რა მიჩვენოს჻ რად მოვღორდი რად დავბნელდი: ნეტარ ვინღა გამითენოს჻ ვინცა სხვა რა კადნიერად: პატრონსა რა მოახსენოს჻ ჩემნი დღენი მასმცა ადგან: რაძინ ვითა გაისვენოს჻

751. ვაზირი გაწბილებული: მივა ბედითა შავითა჻ ავთანდილს უთხრა დაღრეჯით: პირითა გამქუშავითა჻ მადლი რა გკადრო აწ თქუენგან: გავხასდი მე მაშა ვითა჻ ვაი კარგი თავი უებრო: დავჰკარგე დავაშავითა჻

752. ქრთამსა სთხოვს და ამხანაგობს: თუცა ცრემლსა არ იწყურვებს჻ მიკვირს რად სცალს საწყლიანოდ: რად არ გულსა შეიურვებს჻ ვინ არ მისცეს ქადებული: მოურავსა მოიმდურვებს჻ თქმულა ქრთამი საურავსა: ჯოჯოხეთსცა დაიურვებს჻

753. ვით გამჴადა რა მიბრძანა: არ ეგების ჩემგან თხრობა჻ რა სიავე რა სირეგვნე: რა შლუობა რა შმაგობა჻ მე თვით კაცად აღარ ვარგ ვარ: აღარა მიც თავსა ცნობა჻ ესე მიკვირს რად არ მამკლა: მისცა თურე ღ~თნ თმობა჻

754. მეცა ვიცოდი რაცა ვჰქენ: ცთომით არ წამკიდებია჻ ვიაზრე გამიწყრებოდა: ჭმუნვა მით გამდიდებია჻ განგებით ქნილსა რისხვასა: ვერავინ დარიდებია჻ შენთვის სიკვდილი ლხინად მჩანს: ჭირი არ გამცუდებია჻

755. ყმამან უთხრა აღარ წასლვა: არ ეგების ჩემგან აროს჻ იადონი მაშინ მოუკვდეს: ოდეს ვარდმან იდამჭნაროს჻ ჴამს უძებნოს ცვარი წყლისა: მისთვის თავი ყოვლგნით აროს჻ ვერ უპოოს რა ქნას ანუ: გული რითა დაიწყნაროს჻

756. უმისოდ მყოფი ვერ გავძლებ: ჯდომასა, ვერცა წოლასა჻ მართ ნადირთაებრ გაჭრასა: ვირჩევ მათთანა რბოლასა჻ ასრე გასრულსა რად მნუკევს: მისთა მებრძოლთა ბრძოლასა჻ სჯობს უყოლობა კაცისა: მომდურავისა ყოლასა჻

757. მოვახსენებ ერთხელ კულაცა: აწ რაზომცა მეფე წყრების჻ ნუთუ გაბრჭოს გული ჩემი: ვით იწვის და ვით ენთების჻ არ გამიშვებს გავიპარვი: რა იმედი გარდასწყდების჻ მე თუ მოვჰკვდე ჩემი კერძი: სოფელიცა გაქარდების჻

758. მოიუბნეს ვაზირმან ქნა: ჭამა სმანი მათნი ფერნი჻ უმასპინძლა ძღვენი უძღვნა: შვენიერსა შვენიერნი჻ მისნი მყოლნი ავეავსნა: მოყმენი თუნდა ბერნი჻ გაიყარნეს ყმა წავიდა: სახლად ჩადგეს მზისა წვერნი჻

759. შეკრა წითელი ასი ათასი: პირად მზემან და ტანად სარომან჻ სამასი თავი სტავრა ატლასი: უხვმან და მიუმხვდარომან჻ სამოცი თვალი ლალ იაგუნდი: ფერად მათმან საურაომან჻ კაცი გაგზავნა ვეზირისასა: ესე ყველაი მისთვის არო მან჻