ვეფხისტყაოსანი 1712, 1939 წ.

681. ყმა წავიდა მხიარული: ლმობიერი არ გამწყრალი჻ ლომი მინდორს ლომთა თანა: მინდორს რული ფერ ნამკრთალი჻ ყმა სოფლისა ხასიათი: ჯავარი და სრული წყალი჻ მაგრამ ჰქონდა გულისათვის: გული გულსა განაცვალი჻

682. მზე უკადრი ტახტსა ზედა: ზის მორჭმული არ ნადევრი჻ წყლად ეფრატსა უხვად ერწყო: ედემს რგული ალვა მჭევრი჻ ბროლ ბალახშსა აშვენებდა: თმა გიშერი წარბი ტევრი჻ მე ვინ ვაქებ ათინს ბრძენსა: ჴამს აქებდეს ენა ბევრი჻

683. ყმა მხიარული წინაშე: დასვა სკამითა მისითა჻ სხენან სავსენი ლხინითა: ორთავე შესატყვისითა჻ უბნობდენ ლაღნი წყლიანნი: არა სიტყვითა მქისითა჻ უთხრა ჰპოეა პატიჟნი: მაგრა ძებნითა ვისითა჻

684. ჰკადრა რა კაცსა სოფელმან: მისცეს წადილი გულისა჻ ჴსოვნა არა ჴამს ჭირისა: ვით დღისა გარდასრულისა჻ ვჰპოვე ხე ტანი ალვისა: სოფლისა წყალთა რწყულისა჻ მუნ პირი მზგავსი ვარდისა: მაგრა აწ ფერ ნაკრულისა჻

685. მუნ სარო მგზავსი ვარდისა: ვნახე მისჭირდა მინები჻ იტყჳს დავჰკარგე ბროლი და: სადა რთავს ბროლსა მინები჻ მით ვიწვი რათგან ჩემებრვე: ცეცხლი სწვავს მოუთმინები჻ მერმე კულავ ჰკადრა ამბავი: მან მისგან მონასმინები჻

686. სიარულსა მისგან ძებნად: სრულ პატიჟთა მოსთვლის ჭირსა჻ მერმე ჰკადრა საწადლისა: ღ~თმან პოვნა ვით აღირსა჻ საწუთრო და სოფელს ყოფა: კაცი უჩნსო ვით ნადირსა჻ ოდენ ხელი მჴეცთა თანა: იარების მინდორს ტირსა჻

687. ნუ მკითხავ ქება რა გკადრო: ჩემგან ვით გაგეგონების჻ მისსა მნახავსა ნახული: აღარა მოეწონების჻ თვალნი მჭვრეტელი ვით მზისა: ციაგსა დაეღონების჻ ვარდი და ქნილა ზაფრანად: აწ ია შეიკონების჻

688. წვრილად ჰკადრა რა იცოდა: რა ნახული რა ნასმენად჻ ვითა ვეფხსა წავარნა და: ქვაბი აქუსო სახლად მენად჻ ქალი ახლავს სასურველად: სულთა დგმად და ჭირთა თმენად჻ ვაი სოფელმან სოფელს მყოფი: ყოვლი დასვა ცრემლთა დენად჻

689. ქალსა რა ესმა ამბავი: მიხვდა წადილი ნებისა჻ განათლდა პირი მთვარისა: ვით ნათლად ნავანებისა჻ იტყჳს რა უთხრა პასუხი: მას სათნებლისა თნებისა჻ რაა წამალი მისისა: წყლულისა განკურნებისა჻

690. ყმა ეტყჳს ვის აქუს მინდობა: კაცისა მამცქაფავისა჻ მან ჩემთვის დაწვა თავისი: დადვა არ დასაწვავისა჻ დრო დამიც ჩემგან მისულისა: მითქუამს დადება თავისა჻ მზე შემიფიცავს თავისა: ჩემგან მზედ სახედავისა჻

691. ჴამს მოყვარე მოყვრისათვის: თავი ჭირსა არ დამრიდად჻ გული მისცეს გულისათვის: სიყვარული გზად და ხიდად჻ კვლავ მიჯნურსა მიჯნურისა: ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად჻ აჰა მაქუსმცა უმისოსა: ლხინი არმად თავი ფლიდად჻

692. მზე ეტყვის მამხვდა ყოველი: ჩემი წადილი გულისა჻ პირველ შენ მოხველ მშვიდობით: მპოვნელი დაკარგულისა჻ მერმე ზრდა სიყვარულისა: გაქვს ჩემგან დანერგულისა჻ ვპჰოვე წამალი გულისა: აქამდის დადაგულისა჻

693. საწუთრო კაცსა ყოველსა: ვითა ტაროსი უხუდების჻ ზოგჯერ მზეა და ოდესმე: ცა რისხვით მოუქუხდების჻ აქამდის ჭირი ჩემზედა: აწ ესე ლხინად უხვდების჻ რადგან შვება აქვს სოფელსა: თვით რად ვინ შეუწუხდების჻

694. შენ არ გატეხა კარგი გჭირს: ზენაარისა ფიცისა჻ ჴამს გასრულება მოყურისა: სიყვარულისა მტკიცისა჻ ძებნა წამლისა მისისა: ცოდნა ჴამს უიიცისა჻ ჩემი თქვი რა ვქმნა ბნელ ქმნილმან: მზე მამეფაროს მე ცისა჻

695. ყმამან ჰკადრა სიახლითა: შევრთე ჭირი შვიდსა მე რვა჻ ცუდი არის დამზრალისა: გასათბობლად წყლისა ბერვა჻ ცუდი არის სიყვარული: ქუეით კოცნა მზისა წვერვა჻ თუ გიახლო ერთხელ ვა და: რა მოგშორდე ათასჯერ ვა჻

696. ვაი თუ გავიჭრა გაჭრილსა: სადა გლახ დამწვავს სამალი჻ გული ძეს საგნად ისრისა: მესურის საკრავად სამალი჻ დრო სიცოცხლისა ჩემისა: დღისითღა ჩანს ნაასამალი჻ ფარვა მწადს მაგრა გარდახდა: ჟამი პატიჟთა სამალი჻

697. მესმა თქვენი ნაუბარი: გავიგონე, რაცა ბრძანე ვარდსა ქაცვი მოაპოვებს: ეკალთამცა რად ვეფხანე მაგრა მზეო - თავი მზესა: ჩემთვის სრულად დააგვანე სიცოცხლისა საიმედო: ნიშანი რა წამატანე

698. ყმა ტკბილი და ტკბილ ქართული: სიკეთისა ჴელის მჴდელი჻ მზესა ასრე ეუბნების: ვით გაზრდილსა ამო მზრდელი჻ ქალმან მისცა მარგალიტი: სრულ ქმნა მისი საწადელი჻ ღ~თნ ქნა და გაუსრულდეს: ლხინი ესე აწინდელი჻

699. რა სჯობს რა კაცმან გიშერი: ბროლ ლალსა თანა ახიოს჻ ანუ ბაღს ალვა საროსა: ახლოს რგოს მორწყოს ახიოს჻ მისსა მჭვრეტელსა ალხინოს: ვერ მჭვრეტსა ავაგლახიოს჻ ვაი მოყვარისა გაყრილსა: ახიო ეყოს ახი ოს჻

700. მათ მიხვდა ლხინი ყოველი: ერთმანერთისა ჭვრეტითა჻ ყმა წამოვიდა გაყრილი: მივა გულითა რეტითა჻ მზე ტირს სისხლისა ცრემლითა: ზღვისაცა მეტის მეტითა჻ იტყვის ვერ გაძღა სოფელი: ვაი სისხლთა ჩემთა ხვრეტითა჻