ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

524. გახსოვს, ოდეს “ჰაჲჰაჲზმიდი, ცრემლნი შენნი ველთა ჰბანდეს, მკურნალნი და დასტაქარნი წამალსაყე მოგიტანდეს? მამაცისა სიცრუვესა ნეტარ, სხვანი რამცა ჰგვანდეს! რათგან დამთმე, მეცა დაგთმობ, ვინძი უფრო დაზიანდეს!

525. ამას ვბრძანებ: ვინცა გინდა ეპატრონოს ინდოეთსა, ეგრეც მე მაქვს პატრონობა, უგზოდ ვლიდენ, თუნდა გზეთსა! ეგე აგრე არ იქმნების, წა, მომცთახარ მოსაცეთსა, აზრნი შენნი შენვე გგვანან, მტყუანსა და შენ აგეთსა!

526. ცოცხალ ვიყო, შენ ინდოეთს, ღმერთო, ხანი ვერა დაჰყო! თუ ეცადო დაყოფასა, ხორცთა შენთა სული გაჰყო! სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო, ცათამდისცა ხელი აჰყო!”'' ესე სიტყვა დაასრულა, ყმა ატირდა, სულთქნა, აჰყო.

527. თქვა: “რა მესმა ესე მისგან, მეიმედა მეტისმეტად, კვლა მიეცა თვალთა ძალი მის ნათლისა ეგრევ ჭვრეტად. აწ დავკარგე; რად არ გიკვირს, რად ცოცხალ ვარ, რად ვარ რეტად? ვაჲ, სოფელო უხანოო, რად ზი სისხლთა ჩემთა ხვრეტად?!

528. “შევხედენ, ვნახე სასთუნალ მუსაფი გაშლით მდებარე, ავდეგ, ავიღე, ღმრთისა და მერმე მე მათი მქებარე, ვჰკადრე თუ: “მზეო, დაგიწვავს, ჩემიცა დაწვი მზე ბარე, რათგან არ მომკალ, პასუხი ერთაი გკადრო მე ბარე.

529. რომე გკადრებ, ესე სიტყვა აწ თუ ცუდად ნალიქნია, ცამცა მრისხავს, მზისა შუქნი ყოლა ჩემთვის ნუ შუქნია! თუ მაღირსებ გაკითხვასა, ავი არა არ მიქნია” მან მიბრძანა: “რაცა იცი, თქვიო”, თავი დამიქნია.

530. კვლაცა ვჰკადრე: “მე თუ, მზეო, შენთვის ფიცი გამეტეხოს ღმერთმან აწვე რისხვა მისი ზეცით ჩემთვის გაამეხოს! ვისი გინდა უშენოსა პირი მემზოს, ტანი მეხოს, მაშა მაშინ რაგვარ დავრჩე, რა ლახვარი გულსა მეხოს?

531. მე მეფეთა დარბაზს მიხმეს, შექმნეს დიდი ვაზირობა. მათ წინასვე დაეპირა იმა ყმისა შენი ქმრობა. დამეშალა, ვერ დავშლიდი, დამრჩებოდა უმეცრობა; თავსა ვუთხარ: “მიემოწმე, ჟამად გიჯობს გულმაგრობა”.

532. მემცა დაშლა ვითა ვჰკადრე, რათგან იგი ვერ მიმხვდარა! არ იტყვის, თუ: “ ინდოეთი უპატრონოდ არ მომხდარა? ტარიელ არს მემამულე, სხვასა ჰმართებს არა-დ არა! ვის მოიყვანს, არა ვიცი, ანუ იგი ვინ მომცდარა?

533. ვთქვი: “ამითა ვეღარას ვიქ, ღონე სხვა რა მოვიგვარო”; თავსა ვუთხარ: “ნუ მოგიცავ, გონებაო მრავალ-გვარო! მედვა გული მხეცისაებრ, ათასჯერცა მინდორს ვარო, ვისმცა მივეც თავი შენი, შენვე რად მე არ წამგვარო?!”

534. სულთა ვჰყიდდი გულისათვის, კოშკი ამად გამებაზრა; იგი წვიმა და-რე-ნელდა, რომე პირველ ვარდი აზრა; ვნახე, ძოწსა მარგალიტი გარე ტურფად მოემაზრა. მიბრძანა, თუ: “ეგე საქმე მემცა მართლად რად მეაზრა?!

535. არ დავიჯერებ მე შენსა ღალატსა, ორგულობასა, უარის ქმნასა ღმრთისასა, ამისთვის არ მადლობასა; იაჯდი თავსა ჩემსა და მორჭმით ინდოეთს ფლობასა! მე და შენ დავსხდეთ ხელმწიფედ, სჯობს ყოვლსა სიძესძლობასა”.

536. მოლმობიერდა მომიტკბა გამწყრალი, გამქისებული, ანუ მზე იყო ქვეყანად, ან მთვარე პირგავსებული; ახლოს დამისვა, მაღირსა აქამდის არღირსებული; მეუბნებოდა, დამივსო ცეცეხლი ამითა გზებული.

537. მიბრძანა თუ: “გონიერი, ხამს, აროდეს არ აჩქარდეს, რაცა სჯობდეს, მოაგვაროს, საწუთროსა დაუწყნარდეს; თუ სასიძო არ მოუშვა, ვაჲ თუ მეფე გაგიმწარდეს, შენ და ისი წაიკიდნეთ, ინდოეთი გარდაქარდეს!

538. კვლა თუ სიძე შემოუშვა, მე შემირთოს, იყოს ასდენ, ერთმანერთსა გავეყარნეთ, ძოწეულნი გაგვიფლასდენ, მათ მორჭმულთა მოივლინონ, ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ, ესე ამბად არ ეგების, რომე სპარსნი გაგვიხასდენ”.

539. მე ვჰკადრე: “ღმერთმან აშოროს მის ყმისა შენი ქმარობა! რა შემოვიდენ ინდოეთს, შევიგნა მათი მარობა, ვუჩვენო ჩემი ძალ-გული და ჩემი მეომარობა: ასრე დავხოცნე, შეეძლოს აღარას არ სახმარობა!”

540. მიბრძანა, თუ: “ხამს დიაცი დიაცურად, საქმედედლად, დიდსა სისხლსა ვერ შეგაქნევ, ვერ ვიქმნები შუა კედლად: რა მოვიდეს, სიძე, მოკალ მისთა სპათა აუწყვედლად. ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქს ხმელსა ნედლად.

541. ასრე ქმენ, ჩემო ლომო და მჯობო ყოველთა გმირთაო, მიპარვით მოკალ სასიძო, ლაშქართა ნუ მოირთაო” მისთა სპათაცა ნუ დაჰხოც, ზროხათა ვითა, ვირთაო,— დიადი სისხლი უბრალო კაცმანმცა ვით იტვირთაო?

542. იგი რა მოჰკლა, ეუბენ პატრონსა ჩემსა მამასა, ჰკადრე თუ: “სპარსთა ვერა ვიქ ინდოეთისა ჭამასა, ჩემია მკვიდრი მამული, არ მივსცემ არცა დრამასა, არ დამეხსნები, გაგიხდი ქალაქსა ვითა ტრამასა!”

543. ჩემი ყოლა ნურა გინდა სიყვარული, ნუცა ნდომა, ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მოხდომა; ქმნას მეფემან ყელმოტეხით შემოხვეწა, შემოკვდომა, ხელთა მოგცემს თავსა ჩემსა, შეგვფერობდეს ერთგან სხდომა”.