ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

487. ავიყარენით, მიგვჭირდა სმა დოსტაქნისა მეტისა. საწოლს შემოვე, შემექმნა ცნობა მართ ვითა რეტისა. ძალი არ მქონდა ტყვექმნილსა მე ამა ცეცხლთა შრეტისა. მეგონებოდის, მალხენდის გონება მისგან ჭვრეტისა”.

ასმათისაგან სამხრის მორთმევა

488. მონა მოვიდა, მიამბო ამბავი მან მართალია: “თქვენსა ამბავსა იკითხავს აჯიღოსანი ქალია”. მაშინვე ვიცან, ავიჭერ, ჩქარ-ჩქარად გულგამკრთალია; მოვიდა, ვნახე ასმათი ჩემ თანა მომავალია.

489. მე ვისთვის ვკვდები, მეამა ასმათის ნახვა მე მისად. აღარ მივუშვი, ვაკოცე, ქმნადღა თაყვანისცემისად; ხელი მოვკიდე, დავისვი ახლოს ტახტისად ჩემისად, ვჰკითხე, თუ: “ნეტარ მისრულა მორჩი ალვისა ხე მისად?

490. მიამბე მისი ამბავი, სხვად ნურად მეუბნებია!” მითხრა თუ: “გკადრებ მართალსა, აწ ჩემგან არსათნებია: დღეს ერთმანერთი გინახავს და ტურფად მოგწონებია, აწ კვლაცა ცნობა ამბისა მას ჩემგან უბრძანებია”.

წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარლისა თანა მოწერილი

491. ,, წიგნი მომართვა, ჩავხედენ, პირისა თემთა მთენისა. ეწერა: “ვნახე სიტურფე წყალ-ჯავარისა შენისა. ომგარდახდილი ჰშვენოდი, შენატევები ცხენისა, არავი მიჩანს მიზეზი ჩემისა ცრემლთა დენისა.

492. ღმერთმან თუ მცა ენა ჩემი, ქებად შენდა უშენოსა, შენთვის მკვდარი, აღარ ვიტყვი, მაშა მომკლავ უშენოსა, მზემან ლომსა ვარდ-გიშერი ბაღჩას ბაღად უშენოსა, შენმან მზემან, თავი ჩემი არვის მართებს უშენოსა!

493. თუცა მიგდის ღვარი ცრემლთა, მაგრა ცუდად არ იდენო, ამას იქით ნუღარ იდენ, გულსა ჭირნი არიდენო; შენნი მჭვრეტნი ჩემთა მჭვრეტთა აგინებენ, არ იდენო; რომე წეღან მოგეხვივნეს, იგი ჩემთვის არიდენო.

494. იგი მე მომცენ რიდენი, რომელნი წეღან გშვენოდეს, რა მნახო, შენცა გეამოს, შენეულითა მშვენოდეს; ესე სამკლავე შეიბი, თუ ჩემი გა-ღა-გვლენოდეს, ერთი ასეთი ცოცხალსა სხვა ღამე არ გაგთენოდეს”.

495. აქა მხეც-ქმნილი ტარიელ ტირს, ჭირი ეათასების; თქვა: “მე მაქვს სამხრე, რომელი კვლა წინას მკლავსა მას ების!” იგი შეიხსნა, მოიღო, თვალვით არ დაიფასების, პირსა დაიდვა, და-ცა-ბნდა, ქვე მკვდართა დაედასების.

496. ასრე წვა, რომე არ ჰგვანდა მკვდარი სამარის კარისა, ორგნით ჩანს ლები მჯიღისა, მართ გულსა გარდნაკარისა; ასმათს სდის ღვარი სისხლისა, ღაწვთაგან ნახოკარისა, კვლა წყალსა ასხამს, უშველის, ხმა ისმის მუნ წკანწკარისა.

497. ავთანდილცა სულთქვნა მწარედ, დაბნედილსა შემოსჭვრიტნა; ასმათ ვანი გაამრავლნა, ცრემლმან მისმან ქვანი ხვრიტნა; მერმე სულად მოაქცია , ცეცხლნი წყლითა დაუშრიტნა; თქვა: “ცოცხალ ვარ? საწუთრომან აწცა ჩემნი სისხლნი ხვრიტნა!”

498. ზე წამოჯდა ფერმიხდილი, აყოლებდა თვალთა რეტად. ვარდი სრულად შექმნილიყო ზაფრანად და ვითა სპეტად. დიდხან მათად არა სცალდა საუბრად და არცა ჭვრეტად, დარჩომა და არსიკვდილი მას უმძიმდა მეტისმეტად.

499. ავთანდილს უთხრა: “ისმენდი, ცნობა მიც თუცა ხელისა, გითხრა ამბავი ჩემი და ჩემისა დამმარხველისა; ლხინად მიჩს შეყრა მოყვრისა მის, შენგან შეუყრელისა. მე მიკვირს ჩემი სიცოცხლე, ასრე დარჩომა მრთელისა!

500. ასმათის ნახვა მეამა, ჩემგან დად საესავისა. წიგნი რა ვნახე, მომართვა ესე საბამი მკლავისა. მკლავსა შევიბი მაშინვე, მოვიხსენ რიდე თავისა, იგი უცხო და ღარიბი მტკიცისა რასმე შავისა”.

წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი

501. ,,მივუწერე: “ მზეო, შუქი შენი, შენგან მოაფენი გულსა მეცა, გამიცუდდეს სიჩაუქე - სიალფანი; ხელმან შენნი გავიცადენ სინატიფე - სიტურფენი, სულთა ნაცვლად სამსახურნი რამცა ვითა გიმუქფენი?!

502. მაშინ, ოდეს დამარჩინე, სულთა სრულად არ გამყარე, აწცა ჩემთვის ესე ჟამი მასვე ჟამსა დავადარე; სამხრე შენი მომივიდა, შემოვიბი მკლავსა გარე, რომე მართებს სიხარული, ეგზომიმცა რა ვიხარე?!

503. განაღამცა ვიწინაშე, აჰა რიდე, რომე მთხოვე; ყაბაჩაცა ასეთივე, ამისებრი ვერა ვპოვე; დაბნედილსა ნუ დამაგდებ, მიშველე რა, მარგე, მოვე; სოფელს მყოფსა უშენოსა კაცსა ვისმცა შევეპოვე!”