ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

544. ესე მეტად მომეწონა თათბირი და გამორჩევა, ჩემთა მტერთა დავაცადე დასახოცლად ხრმლისა ქნევა; მერმე ავდეგ წამოსავლად, მან დამიწყო ქვევე წვევა, მწადდა, მაგრა ვერ შევმართე შეჭიდება, შემოხვევა.

545. ხანი დავყავ, გავეყარე, მაგრა გავხე ვითა ხელი. ასმათ წინა ჩამომიძღვა, ჩამდიოდა ცრემლი ცხელი. ჭირი ბევრჯელ ვაითასე, ლხინი ჩემი ვაერთხელი, მერმე წასლვა არა მწადდა, ამად მივალ არფიცხელი”.

აქა ხვარაზშას შვილის ინდოეთს მოსვლა საქორწილოდ და ტარიელისაგან მისი მოკვლა

546. მოვიდა კაცი: “სასიძო მოვაო”, მოსვლა გვახარა, მაგრა თუ ღმერთი რას უზამს, არა იცოდა, გლახ, არა; მეფესა მიხვდა სიამე, არ სიტყვა ივაგლახა რა, მიბრძანა, ახლოს მიმისვა, “მოდიო”, თავი დახარა.

547. მიბრძანა: “ჩემთვის ესე დღე ლხინი და სიხარულია. გარდავიხადოთ ქორწილი, ხამს ვითა დასა, სრულია; კაცნი გავგზავნნეთ, მოვიღოთ ყოვლგნით საჭურჭლე სრულია, უხვად გავსცემდეთ, ვავსებდეთ, სიძუნწე უმეცრულია”.

548. მე გავგზავნენ ყოვლგან კაცნი საჭურჭლეთა წამომხმელნი; სასიძოცა მოგვივიდა, იყვნეს ხანსა არდამზმელნი; შიგნით ჩვენნი გაეგებნეს, გარეთ მოდგეს ხვარაზმელნი; მათ ლაშქართა ერთგან მყოფთა ვერ იტევდეს ვერცა ხმელნი.

549. მეფემან ბრძანა: “მოკაზმეთ კარვითა მოედანია, გამოისვენოს სიძემან, დაყოს ცოტაი ხანია; მუნ მისად ნახვად გავიდენ უშენოდ სპანი სხვანია , შენ აქა ნახე, კმარიან აქა ნახვისა კმანია”.

550. მოედანს დავდგი კარვები წითლისა ატლასებისა. მოვიდა სიძე, გარდახდა, დღე, ჰგვანდა არს აღვსებისა, შეიქმნა გასვლა შიგანთა, ჯარია მუნ ხასებისა, დაიწყეს დგომა ლაშქართა თემ-თემად, დას-დასებისა.

551. მე დავშვერ, ვითა წესია საურავგარდახდილისა; შინა წამოვე მაშვრალსა ქმნა მომნდომოდა ძილისა; მონა მოვიდა, მომართვა წიგნი ასმათის ტკბილისა: “ადრე მოდიო, გიბრძანებს მსგავსი ალვისა ზრდილისა”.

552. ცხენისაგან არ გარდავხე, წავე ფიცხლად დავმორჩილდი; ქალი დამხვდა ნატირები, ვჰკითხე: “ცრემლსა რასა მილდი?” მითხრა: “შენი შესწრობილი ტირილსამცა ვით ავსცილდი? გაუწყვედლად ვით გამართლო? რაგვარადმცა გავვაქილდი?!”

553. შევედით, ვნახეთ ბალიშსა ზედა წარბ-შერჭმით მჯდომარე, მზე ვეღარას იქს მის მეტსა, მას გაენათლა რომ არე, წავდეგ, მიბრძანა: “რასა სდგა? დღე მიგიჩნს წინ საომარე! ანუ გამწირე, მიტყუე და კვლაცა მოიმცთომარე?!”

554. მე მეწყინა, აღარა ვთქვი, ფიცხლა გარე შემოვბრუნდი. უკუვჰყივლე: “აწ გამოჩნდეს, არ მინდოდეს, ვისცა უნდი! ქალი ომსა რაგვარ მაწვევს, აგრე ვითა დავძაბუნდი?” შინა მოვე, მოკლვა მისი დავაპირე, არ დავყმუნდი.

555. ასსა უბრძანე მონასა: “საომრად დაემზადენით!” შევსხედით, გავვლეთ ქალაქი, არავის გავეცხადენით. კარავსა შევე, იგი ყმა ვითა წვა, ზარმაც თქმად ენით, უსისხლოდ მოვკალ იგი, გლახ, თუცა ხმდა სისხლთა დადენით.

556. კარვის კარი ჩახლათული ჩავჭერ, ჩავაკარაბაკე, ყმასა ფერხთა მოვეკიდე, თავი სვეტსა შეუტაკე. წინამწოლთა დაიზახნეს, გლოვა მიხვდა საარაკე; ცხენსა შევჯე, წამო-ცა-ვე; ჯაჭვი მეცვა საკურტაკე.

557. ხმა დამივარდა, შეიქმნა ზახილი მოსაწევარი; წამოვე, წევნა დამიწყეს, დავხოცე ჩემი მდევარი. ქალაქი მქონდა მაგარი, მტერთაგან მოურევარი, მუნ შიგან შევე მშვიდობით, ამოდ იგივე მე ვარი!

558. კაცნი გავგზავნენ, ვაცნობე ყოველგან ლაშქარსა ყველასა: “აქა მომმართეთ, ვინცაღა ჩემსა იქმოდეთ შველასა”. არ გაწყდა მოსლვა მდევართა ღამესა დია ბნელასა, ჩემი რა ცნიან, სცვიდიან თავებსა მათსა მრთელასა.

559. ცისკრად ავდეგ, შევეკაზმე, რა გათენდა ღამე დილად, ვნახენ სამნი დიდებულნი მეფისაგან მოგზავნილად; ებრძანა, თუ: “ღმერთმან იცის, გამეზარდე ვითა შვილად, ჩემი ასრე რად შესცვალე სიხარული სიმძიმილად?

560. ხვარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე? თუ ჩემი ქალი გინდოდა, რად არა შემაგებინე? მე, ბერსა შენსა გამზრდელსა სიცოცხლე მაარმებინე, დღედ სიკვდილამდის შენიცა თავი არ მაახლებინე!”

561. მე შევუთვალე: “მეფეო, ვარ უმაგრესი რვალისა, თვარა რად მიშლის სიკვდილსა ცეცხლი სირცხვილთა ალისა? მაგრა, თვით იცით, ხელმწიფე ხამს მქმნელი სამართალისა, მე, თქვენმან მზემან მაშოროს ნდომა თქვენისა ქალისა!

562. იცით, ინდოთა სამეფო რაზომი სრა–საჯდომია! — ერთიღა მე ვარ მემკვიდრე, — ყველაი თქვენ მოგხდომია: ამოსწყდა მათი ყველაი, მამული თქვენ დაგრჩომია; დღესამდის ტახტი უჩემოდ არავის არ მონდომია!