ვეფხისტყაოსანი, 1926a წ.

563. “მიბრძანა, თუ: “ჴამს დიაცი დიაცურად, საქმე დედლად, დიდსა სისხლსა ვერ შეგაქნევ, ვერ ვიქნები შუა კედლად: რა მოვიდეს, სიძე, მოჰკალ მისთა სპათა აუწყუეტლად. ქნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქს ჴმელსა ნედლად.

564. “ასრე ქენ, ჩემო ლომო და მჯობო ყოველთა გმირთაო, მოპარვით მოჰკალ სასიძო, ლაშქართა ნუ მოირთაო” მისთა სპათაცა ნუ დაჰჴოც, ზროხათა ვითა, ვირთაო, დიადი სისხლი უბრალო კაცმანმცა ვით იტვირთაო!

565. “იგი რა მოჰკლა, ეუბენ პატრონსა ჩემსა მამასა, ჰკადრე თუ: “სპარსთა ვერა ვიქ ინდოეთისა ჭამასა, ჩემია მკუიდრი მამული, არ მივსცემ არცა დრამასა, არ დამეჴსნები, გაგიჴდი ქალაქსა ვითა ტრამასა!”

566. “ჩემი ყოლე ნურა გინდა სიყუარული, ნურცა ნდომა, ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მოჴდომა; ქნას მეფემან ყელ მოტეხით შემოხვეწა, შემოკდომა, ჴელთა მოგცემს თავსა ჩემსა, შეგუფეროდეს ერდგან სხდომა”.

567. “ესე მეტად მამეწონა თათბირი და გამორჩევა, ჩემთა მტერთა დავაქადე დასაჴოცლად ჴრმლისა ქნევა; მერმე ავდეგ წამოსავლად, მან დამიწყო ქუევე წვევა, მწადდა, მაგრა ვერ შევჰმართე შეჭიდება, შემოხვევა.

568. “ხანი დავჰყავ, გავეყარე, მაგრა გავჴე ვითა ხელი. ასმათ წინა ჩამომიძღვა, ჩამდიოდა ცრემლი ცხელი. ჭირი ბევრჯელ ვიათასი, ლხინი ჩემი ვაერთხელი, მერმე წასლვა არა მწადდა, ამად მივალ არ-ფიცხელი”.

569. “გარე ვაქციე ასმათი მუნ ჩემი ჩამოყოლილი; ღამით უჭურეტდი ვარსკულავთა მე საწოლს ვერ დაწოლილი; გულსა დამესვის ლახუარი შავთა წამწამთა სროლილი; მისმან შუქმან ფერი მიკრთო, დამალება, დამდვა წყლული;

570. მოვიდა კაცი: “სასიძო მოვაო”, მოსვლა გვახარა, მაგრა თუ ღმერთი რას უზამს, არა იცოდა, გლახ, არა; მეფესა მიხუდა სიამე, არ სიტყუა ივაგლახა რა, მიბრძანა, ახლოს მიმისვა, “მოდიო”, თავი დახარა.

571. “მიბრძანა: “ჩემთჳს ესე დღე ლხინი და სიხარულია. გარდავიჴადოთ ქორწილი, ჴამს ვითა დასასრულია; კაცნი გავგზავნნეთ, მოვიღოთ ყოვლგნით საჭურჭლე სრულია, უხვად გავსცემდეთ, ვავსებდეთ, სიძუნწე უმეცრულია”.

572. “მე გავგზავნენ ყოვლგნით კაცნი საჭურჭლისა წამამხმელნი; სასიძოცა მოგუივიდა, იყუნეს ხანსა არ დამზმელნი; შიგნით ჩუენნი გაეგებნეს, გარეთ მოდგეს ხუარაზმელნი; მათ ლაშქართა ერდგან მყოფთა ვერ იტევდა ვერცა ჴმელნი.

573. “მეფემან ბრძანა: “მოჰკაზმეთ კარვითა მოედანია, გამოისვენოს სიძემან, დაყოს ცოტაი ხანია; მუნ მისად ნახვად გავიდნენ უშენოდ სპანია სხუანია შენ აქა ნახენ, კმარიან იქა ნახვისა კმანია”.

574. მოედანს დავდგით კარვები წითლისა ატლასებისა. მოვიდა სიძე, გარდაჴდა, დღე, ჰგვანდა არ აღვსებისა, შეიქნა გასვლა შიგანთა, ჯარია მუნ ხასებისა, დაიწყეს დგომა ლაშქართა თემ თემად, დას დასებისა.

575. მე დავშვერ, ვითა წესია საურავ გარდაჴდილისა; შინა წამოველ მაშურალსა ქნა მამდომოდა ძილისა; მონა მოვიდა, მომართვა წიგნი ასმათის ტკბილისა: “ადრე მოდიო, გიბრძანებს მგზავსი ალვისა ზრდილისა”.

576. ცხენისაგან არ გარდავჴე, წაველ ფიცხლად დავმორჩილდი; ქალი დამხუდა ნატირები, ვჰკითხე: “ცრემლსა რასა მილდი?” მითხრა: “შენი შესწრობილი ტირილსამცა ვით ავსცილდი? გაუწყვედლად ვით გამართლო, რაგვარადმცა გავაქილდი!”

577. “შევედით, ვნახეთ ბალიშსა ზედა წარბ-შერჭმით მჯდომარე, მზე ვეღარას იქს მის მეტსა, მას განენათლა რომ არე, წავდეგ, მიბრძანა: “რასა სდეგ? დღე მიგიჩს წინ საომარე! ანუ გამწირე, მიტყუე და კულაცა მოიმცთომარე?!”

578. “მე მეწყინა, აღარა ვთქუი, ფიცხლა გარე შემოვბრუნდი. უკუ ვჰყივლე: “აწ გამოჩნდეს, არ მინდოდეს, ვისცა ვუნდი! ქალი ომსა როგორ მაწვევს, აგრე ვითა დავძაბუნდი?” შინა მოველ, მოკულა მისი დავაპირე, არ დავყმუნდი.

579. “ასსა უბრძანე მონასა: “საომრად დაემზადენით!” შევსხედით, გავვლეთ ქალაქი, არავის გავეცხადენით.” კარავსა შეველ, იგი ყმა ვითა წვა – ზარმაც თქმად ენით,– უსისხლოდ მოვჰკალ იგი, ყმა, თუცა ჴამს სისხლისა დენით.

580. “კარვის კარი ჩახლათული ჩავსჭერ, ჩავაქარაბაკე, ყმასა ფერჴთა მოვეკიდე, თავი სვეტსა შევუტაკე. წინა მწოლთა დაიზახეს, გლოვა მიხუდა საარაკე; ცხენსა შევჯე, წაცამოველ; ჯაჭვი მეცვა საკურტაკე.

581. ჴმა დამივარდა, შეიქნა ზახილი მოსაწევარი; წამოველ, წევნა დამიწყეს, დავჴოცენ ჩემი მდევარი. ქალაქი მქონდა მაგარი, მტერთაგან მოურევარი, მუნ შიგან შეველ მშვიდობით, ამოდ იგივე მე ვარი!

582. “კაცნი გავგზავნენ, ვაცნობე ყოვლგან ლაშქარსა ყუელასა: “აქა მომმართეთ, ვინცაღა ჩემსა იქმოდეთ შველასა”. არ გასწყდა მოსლვა მდევართა ღამესა დია ბნელასა, ჩემი რა სცნიან, სცვედიან თავებსა მათსა მრთელასა.