ვეფხისტყაოსანი, 1926a წ.

679. “რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს, ამად მიყუარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მამისახავს; ესე ქალი შემიკერავს, ზოგჯერ სულთქუამს, ზოგჯერ ახავს; რათგან თავი არ მამიკლავს, ჴრმალი ცუდად მომიმახავს.

680. “მისსა ვერ იტყუის ქებასა ყოველი ბრძენთა ენები; მას დაკარგულსა ვიგონებ მე, სიცოცხლისა მთმენები; მას აქათ ვახლავ ნადირთა, თავსა მათებრვე მჴსენები; სხუად არას ვიაჯ ღმრთისაგან, ვარ სიკუდილისა მქენები”.

681. აწ ათია წელიწადი ინდოეთით რა წასრულა, მის მთუარისა ჩემგან პოვნა ანუ ნახვა გარდასრულა აჰა, მიკუირს, ალმასისა გული გასძლებს ამა სრულსა ყმამან პირსა ჴელი იკრა, რა ამბავი დაასრულა. –

682. პირსა იცა, გაიხეთქა ღაწვი, ვარდი აახეწა, ლალი ქარვად გარდიქცია, ბროლი სრულად დაილეწა; ავთანდილსცა ცრემლი წასდის წამწამთაგან ერთ სახე წა; მერე ქალმან დაადუმა, მუჴლ მოყრილი შეეხვეწა.

683. ტარიელ უთხრა ავთანდილს, ასმათის დადუმებულმან: “შენ ყუელაკაი გაამე მე ვერას ვერ ამებულმან; გიამბე ჩემი ამბავი სიცოცხლე გაარმებულმან, აწ წადი, ნახე შენი მზე ნახვისა მოჟამებულმან”.

684. ავთანდილ უთხრა: ”მე შენი გაყრა არ მამეთმინების; თუ გაგეყრები, თუალთაგან ცრემლიცა დამედინების. მართალსა გითხრობ, ამისი კადრება ნუ გეწყინების შენ ვისთჳს ჰკვდები, მაგითა მას არა არ ელხინების.

685. “რა აქიმი დასნეულდეს, რაზომ გინდა საქებარი, მან სხუა უჴმოს მკურნალი და მაჯაშისა შემტყობარი; მას უამბოს, რაცა სჭირდეს სენი, ცეცხლთა მამდებარი: სხუამან სხუისა უკეთ იცის სასარგებლო საუბარი.

686. “რაცა გითხრა, მამისმინე ბრძენი გეტყუი, არა ხელი; ასი გმართებს გაგონება, არ გეყოფის, არ, ერთხელი. კარგად ვერას ვერ მოავლენს კაცი აგრე გულ ფიცხელი. აწ მე მინდა ნახვა მისი, ვისგან დამწვავს ცეცხლი ცხელი.

687. “იგი ვნახო, სიყუარული მისი ჩემთჳს დავამტკიცო; მოვაჴსენო, რაცა მეცნას, მეტი საქმე არა მიცო; შენ გენუკუი, შემაჯერო, ღმერთი იღმრთო, ცაცა იცო, ერთმანერთი არ გავსწიროთ, მაფიცო და შემომფიცო.

688. “რომე აქათ არ წახვიდე, შენ თუ ამას შემეპირო, მეცა ფიცით შეგაჯერო, არასათჳს არ გაგწირო, კულა მოვიდე შენად ნახვად, შენთჳს მოვკუდე, შენთჳს ვირო, ღმერთსა უნდეს, ვისთჳს ჰკუდები, მისთჳს აგრე არ გატირო”.

689. მან მიუგო: ”უცხოს უცხო აგრე ვითა შეგიყუარდი? გასაყრელად გეძნელები, იადონსა ვითა ვარდი; რაგვარამცა დაგივიწყე, რაგვარამცა უკუმქარდი! ღმერთმან ქმნას და კულაცა გნახო ალვა მორჩი, განაზარდი.

690. “პირი შენი ნახვად ჩემად თუ მობრუნდეს, ტანი იხოს, გული მინდორს არ გაიჭრეს, არ იირმოს, არცა ითხოს; თუ გიტყუო, მოგაღორო, ღმერთმან რისხვით გამიკითხოს! შენმან ჭურეტა სიახლემან მამაქარვოს სევდა, მითხოს!”

691. ამას ზედა შეიფიცნეს მოყვარენი გულ სადაგნი, იაგუნდნი ქარვის ფერნი, სიტყუა ბრძენნი, ცნობა შმაგნი; შეუყვარდა ერთმანერთი, სწვიდეს მიწყივ გულსა დაგნი, მას ღამესა ერთგან იყუნეს შვენიერნი ამხანაგნი.

692. ავთანდილცა მასვე თანა ტიროდა და ცრემლი ღვარა; რა გათენდა, წამოვიდა, აკოცა და გაეყარა; ტარიელს თუ ვით ეწყინა, რა ქნას, ამას ვერ მიმხუდარა; ავთანდილცა ჩატიროდა, შამბი შიგან ჩაიარა.

693. ავთანდილს ასმათ ჩამოჰყუა, ზენარით ეუბნებოდა, მუხლთა უყრიდა, ტიროდა, თითითა ეხვეწებოდა, ადრე მოსლვასა ვედრებდა, მართ ვითა ია ჭნებოდა; მან უთხრა: “დაო, უთქუენოდ სხუა რამცა მეგონებოდა!

694. “ადრე მოვალ, არ გაგწირავ, არას დავზამ შინა ხანსა, ოდენ სხუაგან არ წავიდეს, ნუსად არებს იმა ტანსა; აქათ ორ თვე არ მოვიდე, ვიქ საქმესა დასაგვანსა, შეიგენით, მიცემულვარ ჭირსა რასმე თანისთანსა”.

ამბავი ავთანდილისა არაბეთს შექცევისა

695. იგი მუნით წარმოსრული სევდამანცა განა მოკლა! პირსა იხოკს, ვარდსა აზრობს, ჴელი მისი გაამხოკლა, სისხლსა მისგან დადენილსა, მჴეცნი ყოვლი გაამლოკლა; მისმან ფიცხლა სიარულმან შარა გრძელი შეამოკლა.

696. მუნ მივიდა, სადა იგი მისნი სპანი დაეყარნეს. ნახეს, იცნეს, რაგვარადცა ჰმართებს, აგრე გაეხარნეს. შერმანდისცა ახარებდეს, ფიცხლა თავნი მისკენ არნეს: “მოვიდაო, აქანამდის ვისთჳს ლხინი გაგუემწარნეს!”

697. გაეგება, მოეხვია, ზედა დასვდა პირი ჴელსა, აკოცებდა, სიხარულით ცრემლსა ღვრიდეს ველთა მრწყველსა; ესე თქუა თუ: “ ნეტარ, ღმერთო, ცხადსა ვარ თუ, ანუ ბნელსა? მე ვით ღირს ვარ ამას, რომე თუალნი ჩემნი გჭურეტდენ მრთელსა!”