ვეფხისტყაოსანი, 1926a წ.

წიგნი ტარიელისა საყუარელსა თანა

524. “ მიუწერე: “მზეო, შუქი შენი, შენგან მონაფენი გულსა მეცა, გამიცუდდეს სიჩაუქე, სიალფანი; ხელმან შენი განვიცადენ სინატიფე სიტურფენი, სულთა ნაცვლად სამსახური რამცა ვითა გიმუქფენი?

525. “მაშინ, ოდეს დამარჩინე, სულთა სრულად არ გამყარე, აწცა ჩემთჳს ესე ჟამი მასვე ჟამსა დავადარე; სამჴრე შენი მამივიდა, შემოვიბი მკლავსა გარე, რომე მმართებს სიხარული, ეგზომიმცა რა ვიხარე?!

526. “გაღანამცა ვიწინაშე, აჰა რიდე, რომე მთხოვე; ყაბაჩაცა ასეთივე, ამისებრი ვერა ვჰპოვე; დაბნედილსა ნუ დამაგდებ, მიშველე რა, მარგე, მოვე; სოფელს მყოფსა უშენოსა კაცსა ვისმცა შევეპოვე!”

527. “ქალი ადგა, გამეყარა. დავწევ, ამოდ დამეძინა, მაგრა შევკრთი, საყუარელი ჩემი ვნახე ძილსა შინა; გამეღვიძა, აღარა მყუა, სულ დგმულობა მამეწყინა, ღამე ასრე გავათენე, მისი ჴმაცა არ მესმინა”.

528. დილასა ადრე სრას მიჴმეს, დღე რა ქნა მწუხრმან ჟამითა; ავდეგ, ვცან მათი ამბავი, წასლვა ვჰქენ მითვე წამითა; ვნახე, ორნივე ერდგან სხდეს ხასითა ოდენ სამითა, რა მიველ, მითხრეს დაჯდომა, წინაშე დავჯე სკამითა.

529. “გუიბრძანეს თუ: “ღმერთმან ასრე დაგუაბერნა, დაცაგულია; ჟამი გუახლავს სიბერისა, სიყმაწვილე გარდგუივლია; ყმა არ მოგუცა, ქალი გუივის, ვისგან შუქი არ გუაკლია, ყმისა არ-სმა არა გუაგვა, ამად ზედა წაგუითვლია.

530. “აწ ქალისა ჩუენისათჳს ქმარი გუინდა, სად მოვნახოთ, რომე მივსცეთ ტახტი ჩუენი, სახედ ჩუენად გამოვსახოთ, სამეფოსა ვაპატრონოთ, საჴელმწიფო შევანახოთ, არ ამოვსწყდეთ, მტერთა ჩუენთა ჴრმალი ჩუენთჳს არ ვამახოთ?”.

531. “ვთქუი: “თქუენი ძისა არა სმა გულსა ვით მიეფარების, მაგრა კმა ჩუენად იმედად, ვინ მზესა დაედარების; ვისცა სთხოვთ შვილსა სასიძოდ, მას დიდად გაეხარების, სხუამცა რა გკადრო! თჳთ იცით, მაგას რა მოეგვარების”.

532. “დავიწყეთ რჩევა საქმისა, გული უც, თუცა მელია; ვთქუი: “ჩემგან დაშლა ამისი არ ითქმის, არ საქნელია!” მეფემან ბრძანა: “ხუარაზმშა, ჴელმწიფე ხუარაზმელია, თუ მოგუცემს შვილსა საჩვენოდ, მისებრივ არ რომელია”.

533. რომე პირველვე დაესკუნა მათ ესე შეეტყვებოდა; ერთმანერთსაცა უჭურეტდეს, სიტყუაცა აგრე სწბებოდა. ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბვად არ ეგებოდა, ოდენ დავმიწდი, დავნაცრდი, გული მიდამო ჰკრთებოდა.

534. “დედოფალმან თქუა: “ხუარაზმშა მეფეა მორჭმით მჯდომელი, მათსამცა შვილსა სასიძოდ ჩუენთჳს სხუა სჯობდა რომელი!” შეცილებამცა ვით ჰკადრე, რადგან თჳთ იყო მდომელი! მოწმობა დავრთე, დაესკუნა დღე ჩემი სულთა მჴდომელი.

535. “გაგზავნეს კაცი ხუარაზმშას წინა შვილისა მთხოვლი; შესთუალეს: “გაჴდა უმკუიდროდ სამეფო ჩუენი ყოველი; არს ერთი ქალი საძეო, არ კიდე გასათხოელი, თუ მოგუცემ შვილსა სამისოდ, სხუასა ნუღარას მოელი”.

536. “კაცი მოვიდა, აევსო ჯუბაჩითა და რიდითა, გაჰხარებოდა ხუარაზმშას სიხარულითა დიდითა; ებრძანა: “მოგუხუდა ღმრთისაგან, ჩუენ რომე ვინატრიდითა! თჳთ მაგისებრსა შვილსამცა ჩუენ ჴელსა რასა ვჰჴდიდითა!”

537. “კულა გაგზავნნეს სხუანი კაცნი სასიძოსა მოყუანებად, დავედრეს თუ : “ნუ აყოვნებთ, მოდით ჩუენად ნაბრძანებად”. მე მაშურალი, ნაბურთალი საწოლს შევე მოსვენებად, გულსა სევდა შემეყარა, ვიწყე ჭირთა მოპოვნებად”.

538. მეტმან სევდამან მიმწურა გულსა დაცემად დანისად. ასმათის მონა შემოდგა, მე ვჯე ლაღი და ჯანი სად, წიგნი მამართვა, ეწერა: “ვინ სჩან ალვისა ტანისად, ადრე მოდიო, გიბრძანებს, დაუყოვნებლად ხანისად”.

539. “შევჯე, წაველ, ბაღჩას მივე, ვითა სცნობდე, ლხინთა ზომით! ბაღჩა შევვლე, კოშკი დამხუდა, ასმათ ვნახე ძირსა დგომით; ვნახე, ვსჭურეტდი ნატირებად, ცრემლი აჩნდა ღაწვთა წთომით, დამიმძიმდა, არა ვჰკითხე; ჩემი სჭირდა მისვლა ნდომით.

540. “იგი ვნახე დაღრეჯილი, ესე მეტად დამიმძიმდა. ვითა წინას შემამცინის, აღარ ეგრე გამიღიმდა. ყოლე სიტყუა არ მამიგო, ოდენ ცრემლთა გარდმოსწვიმდა, ამით უფრო დამაწყლულა, არა წყლულთა მიაქიმდა.

541. “ჩემნი ერთნი გონებანი, მეტად შორად გამიკიდნა, შინა კოშკად შემიყუანა, ფარდაგსაცა ამიზიდნა. შეველ, ვნახე იგი მთუარე; ჭირმან ყოვლმან უკუ მრიდნა, გულსა შუქი შემომადგა, მაგრა გული არ დამიდნა.

542. იყო არ ნათლად ნათელი, ფარდაგსა შემომდგომელი, ებურა მოშლით პიროქრო, მე მივეც რიდე რომელი, მითვე მწვანითა უებრო მიწოლით ტახტსა მჯდომელი, ცრემლისა ღვარსა მოეცვა პირი, ელვათა მკრთომელი.