ვეფხისტყაოსანი, 1926a წ.

505. “დააგდეს მღერა მუტრიბთა, “სულეთო!” თავი ხარიან; მიბრძანეს: “შვილო ტარიელ, ვით გითხრათ, ვით გუიხარიან?! ნეტარძი გუაქუსო, მებრძოლნი მით ჩუენნი ვაგლახ არიან; მართალ არნ შენნი მჭურეტელნი, არ ცუდად იმკუეხარიან!

506. “აწ თუცა გმართებს შემოსა, ვის მორჭმით მოგივლენიან, არ შეგმოსთ, მაგა კაბათა არ აგჴდით, –ტურფად გშვენიან; აწ გქონდეს ასი საჭურჭლე, ვის შუქნი მოგიფენიან, თჳთ შეიკერე, რაცა გწადს, ჩუენგან ნუღარა გრცხვენიან”.

507. “მამართვნეს ასნი კლიტენი ასთავე საჭურჭლეთანი; თაყუანი ვეც და დავლოცენ დავლანი მათთა სვეთანი; მაკოცეს, ადგეს ორნივე, თჳთ იგი მზენი მზეთანი, რა გასცეს, ზომნი ვით გითხრნე ლაშქართა სისავსეთანი.

508. “კულაცა დაჯდა მხიარული, მოიმატა სმა და მღერა; კულა გაგრძელდა ნადიმობა, ბარბითი და ჩანგთა ჟღერა. დედოფალი წამოვიდეს, შეეყარა მწუხრსა დღე რა, ძილ პირამდის სიხარულსა სიხარული ჰგუანდა ვერა.

509. “ავიყარენით, მიგუჭირდა სმა დოსტაქნისა მეტისა. საწოლს შემოველ, შემექნა ცნობა მართ ვითა რეტისა. ძალი არ მქონდა ტყუე-ქნილსა მე იმა ცეცხლთა შრეტისა. მეგონებოდა მალხენდის გონება მისგან ჭურეტისა”.

510. მონა მოვიდა, მიამბო ამბავი მე მართალია: “თქუენსა ამბავსა იკითხავს აჯიღოსანი ქალია”. მაშინვე ვიცან, ავიჭერ, ჩქარ ჩქარად გულ გამკრთალია; მოვიდა, ვნახე ასმათი ჩემთანა მომავალია.

511. “მე ვისთჳს ვკუდები, მიამა ასმათის ნახვა მე მისად. აღარ მიუშვი, ვაკოცე, ქნად ღა თაყუანის ცემისად; ჴელი მოვჰკიდე, დავისვი ახლოს ტახტისად ჩემისად, ვჰკითხე, თუ: “ნეტარ მისულა მორჩი ალვისა ხე მისად?

512. “მიამბე მისი ამბავი, სხუად ნურას მეუბნებია!” მითხრა თუ: “გკადრებ მართალსა, აწ ჩემგან არ სათნებია: დღეს ერთმანერთი გინახავს და ტურფად მოგწონებია, აწ კულაცა ცნობა ამბვისა მას ჩემთჳს უბრძანებია”.

წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყუარელსა თანა

513. “წიგნი მომართვა, ჩავხედენ, პირისა თემთა მთენისა. ეწერა: “ვნახე სიტურფე წყალ ჯავარისა შენისა. ომ-გარდაჴდილი შვენოდი, შენატევები ცხენისა, არ ავი მიმჩანს მიზეზი ჩემისა ცრემლთა დენისა.

514. “ღმერთმან თუმცა ენა ჩემი, ქებად შენდა უშენოსა, შენთჳს მკუდარი, აღარ ვიტყუი, მაშა მამკლავ უშენოსა, მზემან ლომსა ვარდ გიშერნი ბაღჩას ბაღად უშენოსა, შენმან მზემან, თავი ჩემი არვის მართებს უშენოსა!

515. “თუმცა მიგდის ღვარი ცრემლთა, მაგრა ცუდად არ იდენო, ამას იქით ნუღარა სტირ, ჭირსა თავი არიდენო; შენი მჭურეტნი ჩემთა მჭურეტთა აგინებენ, არ იდენო; რომე ძოღან მოგეხვივნეს, იგი ჩემთჳს არიდენო.

516. “იგი მე მამცენ რიდენი, რომელნი წეღან გშვენოდეს, ვეჭუ მნახო, შენცა გიამოს, შენეულითა მშვენოდეს; ესე სამკლავე შეიბი, თუ ჩემი გაღაგულენოდეს, ერთი ასეთი ცოცხალსა სხუა ღამე არ გაგთენოდეს”.

517. აქა მჴეც-ქმნილი ტარიელ ტირს, ჭირი ეათასების; თქუა: “მე მაქუს სამჴრე, რომელი კულა წინას მკლავსა მას ების!” იგი შეიჴსნა, მოიღო, თუალვით არ დაიფასების, პირსა დაიდვა, დაცაბნდა, ქუე მკუდართა დაედასების.

518. ასრე წვა, რომე არ გვანდა მკუდარი სამარის კარისა, ორგნით ჩანს ლები მჯიღისა, მართ გულსა გარდნაკარისა; ასმათს ზდის ღვარი სისხლისა, ღაწუთაგან ნახოკარისა, კულა წყალსა ასხამს, უშველის, ჴმა ისმის მუნ წკანწკარისა.

519. ავთანდილცა სულ თქნა მწარედ, დაბნედილსა შემოსჭურიტნა; ასმათ ვანი გაამრავლნა, ცრემლმან მისმან ქუანი ხურიტნა; მერმე სულად მოაქცია , ცეცხლნი წყლითა დაუშრიტნა; თქუა: “ცოცხალ ვარ, საწუთრომან აწცა ჩემი სისხლნი ხურიტნა!”

520. ზე წამოჯდა ფერ მიჴდილი, აყოლებდა თუალთა რეტად. ვარდი სრულად შექნილიყო ზაფრანად და ვითა სპეტად. დიდხან მათად არა სცალდა საუბრად და არცა ჭურეტად, დარჩომა და არ სიკუდილი მას უმძიმდა მეტის-მეტად.

521. ავთანდილს უთხრა: –“ისმენდი, ცნობა მიც თუცა ხელისა, გითხრა ამბავი ჩემი და ჩემისა დამმარხველისა; ლხინად მიჩნს შეყრა მოყურისა მის, შენგან შეუყრელისა. მე მიკუირს ჩემი სიცოცხლე, ასრე დარჩომა მრთელისა!

522. “ასმათის ნახვა მიამა, ჩემგან დად საესავისა. წიგნი რა ვნახე, მამართვა ესე საბამი მკლავისა. მკლავსა შევიბი მაშინვე, მოვიჴსენ რიდე თავისა, იგი უცხო და ღარიბი მტკიცისა რასმე შავისა”.

523. “რიდენი და ყაბაჩანი რომე მესხნეს საძღნოდ მისად, ერდგან შევკრენ, გაუგზავნენ, მზესა აკლდა ოდენ ვისად. ასმათ დიდხანს არ გაუშვი მე იმედად სულთა დგმისად, მისგან კიდე მომეცალა საუბრადმცა სხუადღა ვისად!“