ვეფხისტყაოსანი, 1926a წ.

486. დადგნეს ტურფანი კარავნი მოედანს ჩამოდგომილსა, საუბრისა და ჭურეტისა ჩემისა მას მონდომილსა. მას დღესა ედვა ნადიმი მას შიგან გარდაჴდომილსა; მიალერსებდა, მიჭურეტდა წინაშე ახლოს ჯდომილსა.

487. “მას ღამეს ვსხედით ნადიმად, მუნ ამოდ გავიხარენით, დილასა ქალაქს შევედით, მოედნით ავიყარენით; მეფემან ბრძანა: “ლაშქარნი უჴმენით, შემოსჯარენით! დღეს ხატაელი მიჩვენეთ, ტყუენიცა შემომგვარენით!”

488. “რამაზ მეფე მას წინაშე შეპყრობილი მოვიყუანე; ტკბილად ნახა ჴელმწიფემან, ვითა შვილი სააკვანე, ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავაგვანე, ესე არის მამაცისა მეტის-მეტი სიმგულვანე!

489. “მას მეფესა ხატაელსა უმასპინძლა, უალერსა, ჟამიერად უბრძანებდის საუბარსა მათსა ფერსა. ცისკრად მიჴმეს, მიბრძანებდეს მე სიტყუასა ლმობიერსა: “შეუნდობო ხატაელსა, მას აქამდის შენამტერსა?”

490. “მე ვჰკადრე: “ღმერთი ვინადგან შეუნდობს შეცოდებულსა, უყავით თქუენცა წყალობა მას ღონე გაცუდებულსა”. რამაზს უბრძანა: “იცოდი, გაგზავნით შეწყალებულსა, მაგრა ნუ გნახავთ კულამცაღა ჩუენს წინა გაწბილებულსა!”.

491. “ხარაჯა დასდვეს, შეჰკუეთეს დრაჰკანი ასჯერ ასია, კულა ხატაური ათასი, სხუა სტავრა, სხუა ატლასია. მერმე ყუელაი დამოსა იგი და მისი ხასია, შეწყალებული გაუშვა, უყო რისხვისა ფასია.

492. “ხატაელმან დაუმადლა, დადრკა, მდაბლად ეთაყუანა, მოაჴსენა: “ორგულობა თქუენი ღმერმან შემანანა. თუღა ოდეს შეღაგცოდო, მაშინ მამკალ მეცა განა!” წავიდა და ყუელაკაი მისი თანა წაიტანა.

აქა ასმათისაგან მორთმევა სამჴრისა

493. მოვიდა კაცი მეფისა, ცისკრობს, არ დანაღამია; ებრძანა: “ შენგან გაყრივარ მას აქათ თვეო სამია, მინდორს მოკლული ისრითა ნადირი არ მიჭამია, არ დამაშურალ ხარ, წამოდი, თუცა დაშრომის ჟამია”.

494. შევეკაზმე, დარბაზს მიველ, დამხუდა ჯარი ავაზისა, შავარდნითა სავსე იყო სრულად არე დარბაზისა, მეფე ქუე ჯდა შეკაზმული, შვენებითა მგზავსი მზისა; გაეხარნეს მისლვა ჩემი ტურფისა და ლამაზისა!

495. “იდუმალ ცოლსა ეუბნა, მართ ჩემგან უცოდნელია: “ომით მოსრული ტარეილ საჭურეტლად სასურველია, მან განანათლოს მჭურეტელთა გული, რაზომცა ბნელია; რაცა დაგვედრო საქნელად, ქენ, არა საზოზღნელია.

496. “აწ მითქუამს საქმე უშენოდ, შენცა სცან ესე მცნებული: რათგან ქალია სამეფოდ ჩუენგანვე სახელ დებული, ვინცაღა ნახავს, აწ ნახოს, აჰა ხე, ედემს ხლებული, გუერდსა დაისვი, ორნივე სრას დამხუდით, მოვალ შვებული”.

497. “მოვინადირეთ მინდორი, ძირი მთისა და გორისა; იყო სიმრავლე ძაღლისა, შავარდნისა და ქორისა. ადრე დავბრუნდით, ვიარეთ არ ეჯი გზისა შორისა. აღარ იბურთეს, დაშლა ქნეს თამაშობისა ორისა.

498. “ჩემთა მჭურეტელთა მოეცვა ქალაქი, შუკა და ბანი. ომ-გარდაჴდილსა მშვენოდეს მე ენიანნი კაბანი; ფერ მიჴდილ-გვარად ვშვენოდი ვარდი, ცრემლითა ნაბანი, ვინცა მიჭურეტდის, ბნდებოდის: მათრლად არს, არ კატაბანი.

499. “რიდენი რომე მეშოვნეს ქალაქსა ხატაელთასა, იგი მეხვივნეს, მშვენოდეს, ვახელებ გულსა ხელთასა. მეფე გარდაჴდა, დარბაზსა შევედით ჩემთა მზრდელთასა, შევხედენ, დავჰკრთი ელვასა ღაწვთა მზეებრ ნათელთასა.

500. “მას მზესა ტანსა ემოსნეს ნარინჯის ფერნი ჯუბანი, ზურგით უთქს ჯარი ხადუმთა, დას დასად, უბან უბანი; სრულად ნათლითა აევსო სახლი, შუკა და უბანი, მუნ ვარდსა შუა შვენოდეს ძოწ მარგალიტნი ტყუბანი.

501. “ნაომარსა, დაკოდილსა ჴელი ყელსა ჩამომება... დედოფალი საჯდომთაგან ადგა, წინა მამეგება, ვითა შვილი გარდამკოცნა, ღაწვი ვარდი დამილება, მითხრა: “ნუ ეჭუ, ამას იქით, თუღა მტერი შეღაგება”.

502. “ახლოს დამისვეს ადგილსა, მუნ, სადა მიამებოდა. პირის პირ მიჯდა იგი მზე, გული ვისთჳსცა კუდებოდა. მალვით უჭურეტდი, მიჭურეტდის, სხუად არად მეუბნებოდა; თუალნი მოვსხლიტნი, სიცოცხლე ამითა მეარმებოდა.

503. “შეიქნა სმა და პურობა, მგზავსი მათისა ძალისა; სხუა გახარება ასეთი არს უნახავი თუალისა! ჯამი და ჭიქა ყუელაი ფირუზისა და ლალისა. არვისი ბრძანა მეფემან არცა გაშვება მთურალისა.

504. მე მუნა მყოფი მივეცი შვებასა მეტის მეტასა. არ შემომხედნის, შევხედნი, ცეცხლმან დამიწყის შრეტასა: კაცთა კრძალვასა ვაწვევდი გულსა შმაგსა და რეტასა. რა უამეა პირის პირ საყუარელისა ჭურეტასა!