ვეფხისტყაოსანი, 1926a წ.

621. “პირველ მითხრა: “არა ვიცი, რა ხარ, ანუ რას გამგზავსო? ანუ აგრე რამ დაგლია, ანუ პირველ რამ გაგავსო? რამან შეგქნა მოყუითანედ, ვარდ გიშერი რომე რგავსო? ღმერთმან მისგან ანთებული სანთელიმცა რად დაგავსო?

622. “მულღაზანზარის ქალაქი, ახლოს მე მაქუსო რომელი, ნურადინ-ფრიდონ სახელ მძეს,– მეფე ვარ მუნა მჯდომელი; ესე სამზღვარი ჩემია, სადა ხარ გარდამჴდომელი, ცოტაა მაგრა ყოველგნით სიკეთე მოუთხრობელი.

623. “მამის ძმა და მამა ჩემი პაპამან ჩემმან გაყუნა ოდეს, ზღვასა შიგან კუნძულია, _ ჩემად წილად მას იტყოდეს, _ თჳთ ბიძასა ჩემსა მიხუდა, ვისთა შვილთა აწ დამკოდეს; მათკენ დაჰრჩა სანადირო;– არ მივსცემდი, მამერჩოდეს.

624. “დღეს გამოვე ნადირობას, ზღვისა პირსა ვინადირე, მუნა გასვლა მამდომოდა, მით მრეკალი არ ვახშირე; სპათა უთხარ: “მომიცადეთ, მოვიდოდე მეცა ვირე! “ ხუთთა ოდენ ბაზიერთა მეტი არა დავიჭირე.

625. “ნავითა გაველ, ზღვისაგან შტო რამე გარდმოდიოდა, არ მოვჰკრეფდი გამყოფთა, ვთქუი, ჩემთა რად დავრიდო, და! დამიძაბუნეს, სიმრავლე მე მათი არ გამვიდოდა, ვნადირობდი და ვიზახდი, ჴმა ჩემი არ გავიდოდა.

626. “მართლად იჯავრეს, წუნობა მათი თუ ესრე ჴმდა ვითა! გამომაპარნეს ლაშქარნი, გზანი შემიკრეს ნავითა, თჳთ ბიძასძენი ჩემიცა შესხდეს მათითა თავითა, ჩემთა გაუჴდეს ლაშქართა ომად თავისა მკლავითა.

627. “მათი მესმა, დავინახე ზახილი და ჴრმალთა ელვა, ნავი ვსთხოვე მენავეთა, მით ვიყივლე მე ერთხელ ვა, ზღვასა შეველ, მამეგება მეომარი ვითა ღელვა, სწადდა, მაგრა ვეღარა ქნეს ჩემი ზედა წამოქელვა.

628. “კულა სხუანი დიდნი ლაშქარნი უკანა მამეწეოდეს, იქით და აქათ მომიხდეს, ერთგნით ვერ მამერეოდეს, არ მამწუროდეს წინანი, ზურგით მესროდეს მე ოდეს, ჴრმალსა მივენდევ, გამიტყდა, ისარნი დამელეოდეს.

629. “მომეჯარნეს, ვეღარა ვქმენ, ნავით ცხენი გარდვიხლტუნვე, ზღვა ზღვა ცურვით წამოუველ, ჩემი მჭურეტი გავაცბუნვე; თანა მყოლნი ყუელაკანი დამიჴოცნენ, დამრჩეს მუნვე, ვინცა მდევდა, ვერ შემამხუდა, მიუბრუნდი, მივაბრუნვე.

630. “აწ იგი იქნას, რაცაღა ენებოს ღმრთისა წადილსა! ვეჭუ, ჩემი სისხლი არ შერჩეს, ძალი შემწევდეს ქადილსა! ოჴრად გავუხდი ყოფასა მათ საღამოსა და დილსა, უჴმობ ყუავთა და ყორანთა, მათზედა ვაქმნევ ჴადილსა!”

631. “ამა ყმამან შემიკუეთა, გული მისკენ მიმიბრუნდა. მოვაჴსენე: “აჩქარება შენი ყოლა არა უნდა, მეცა თანა წამოგყუები, დაიჴოცნენ იგი მუნ და! ჩუენ ორთავე მეომარი გაღანამცა შეგუიძრწუნდა!”

632. “ესეცა უთხარ: “ამბავი ჩემი არ გაგეგონების, უფრორე წყნარად გიამბობ, თუ ჟამი ჩუენ გუექონების”. მან მითხრა: “ლხინი საჩემო მაგას არ შეეწონების. დღედ სიკუდილამდის სიცოცხლე შენ ჩემი დაგემონების”.

633. “მივედით მისსა ქალაქსა ტურფასა, მაგრა ცოტასა; გამოეგებნეს ლაშქარნი, ისხემდეს მისთჳს ოტასა, პირსა იხოკდეს, გაჰყრიდეს ნახოკსა, ვით ნაფოტასა, ეხვეოდიან, ჰკოცნიან ჴრმალსა და სალტე-კოტასა.

634. “კულა მოვეწონე, ვეტურფე მე მისი გარდნაკიდარი; შემასხმიდიან ქებასა: “მზეო, შენ ჩუენთჳს იდარი!” მივედით, ვნახეთ ქალაქი მისი ტურფა და მდიდარი, ყუელასა ტანსა ემოსა ზარქაში განაზიდარი”.

შველა ტარიელისაგან ფრიდონისა

635. “მოჯობდა, ომი შეეძლო, ჴმარება ცხენ-აბჯარისა; დავჰკაზმეთ ნავი, კატარღა და რიცხვი სპათა ჯარისა; კაცი ჴმდა, მისთა მჭურეტთათჳს ღონემცა იაჯა რისა!– აწ გითხრა ომი მოყმისა, მებრძოლთა დამსაჯარისა.

636. – მათი მესმა დაპირება, ჩაბალახთა ჩამოხურვა; ნავი წინა მამეგება, არა ვიცი, იყო თუ რვა. ფიცხლავ ზედა შევეჯაჴე, მათ დაიწყეს ამოდ ცურვა; ქუსლი ვჰკარ და დავუქცივე, დაიზახეს დიაცურ ვა!

637. “კულა სხუასა მიველ, მოვჰკიდე ჴელი ნავისა ბაგესა, ზღვასა დავანთქენ, დავჰჴოცენ, ომიმცა რაღა აგესა! სხუანი გამექცნეს, მიმართეს მათ მათსა საქულბაგესა; ვინცა მიჭურეტდეს, უკუირდა, მაქებდეს, არ მაძაგესა.

638. “ზღვა გავიარეთ, გავედით, შემოგუიტიეს ცხენია, კულა შევიბენით, შეიქნა ომისა სიფიცხენია. მუნ მომეწონნეს ფრიდონის სიქველე-სიმკვირცხენია: იბრძვის ლომი და პირად მზე, იგი ალვისაც ხენია.

639. “თჳთ ორნივე ბიძა ძენი მისნი ჴრმლითა ჩამოჰყარნა, ჴელნი წმინდად გარდეკუეთნეს, იგი ასრე ასაპყარნა, მოიყუანა მჴარ-დაკრულნი, ერთმან ორნი არ დაჰყარნა, მათნი ყმანი გაამტირლნა, მისნი სპანი ამაყარნა.