ვეფხისტყაოსანი, 1926a წ.

659. “ესე ქალაქი გზა არის ნავთა, ყოველგნით მავალთა, შემამკრებელი ამბავთა უცხოთა რათმე მრავალთა; აქა მოგუესმის ამბავი, შენ რომე ცეცხლი გწვავს ალთა. ნუთუ ქნას ღმერთმან გარდასვლა მაგა ჭირთა და ვალთა!

660. “ჩუენ გავგზავნნეთ მენავენი, რომელთაცა კულა უვლია, მოგუინახონ იგი მთვარე, ვისთჳს ჭირი არ გუაკლია; მუნამდისცა მოიჭირვე, გონებამან არ დაგლია. ყოლა ჭირი არ ეგების, თუ - მცა ლხინმან არ დასძლია”

661. “კაცნი უჴმენ მასვე წამსა; ესე საქმე დაიურვეთ, უბრძანა, თუ: “ნავებითა წადით, ზღვა-ზღვა მოიცურეთ, მოგუინახეთ, საყუარელსა მისსა მისთჳს მოასურვეთ; თავთა ჭირი უათასეთ, რადმც უშვიდეთ, რადმცა ურვეთ”

662. “აჩინნა კაცნი, სადაცა სადგურნი ნავთა სჩენოდეს; უბრძანა : “ძებნეთ ყოველგან, რაცა ვის მისი გსმენოდეს”. მოლოდნა მიჩნდა სალხინოდ, პატიჟნი რომე მლხენოდეს, უმისოდ ლხინი მინახავს, ამა დღისათჳს მრცხვენოდეს!

663. “ფრიდონ საჯდომნი დამიდგნა ადგილსა საპატრონოსა, მითხრა, თუ: “მცდარვარ აქამდის, ვერ მივხუდი გასაგონოსა: ხარ დიდი მეფე ინდოთა, რა ვით ვინ მოგაწონოსა! ვინ არის კაცი, რომელმან თავი არ დაგამონოსა!”

664. “რას ვაგრძელებდე! მოვიდეს ყოვლგნით ამბვისა მძებნელნი, ცუდნი და ცუდთა ადგილთა თავისა დამაშრობელნი; ვერა ვერ ეცნათ, ვერ იყუნეს ვერას ამბვისა მცნობელნი, მე უფრო მდინდეს თუალთაგან კულა ცრემლნი შეუშრობელნი.

665. ვთქუი: რა მაკლდა სახლსა ჩემსა, სპათა ვსჭურეტ და ვსუამ იგია; მე ვიშვებ და იგი ტყუედა ზღვასა შიგან წამიგია; კლდისაგანცა უმაგრესსა ესე ვითა გამიგია ჴრმალსა ჴელსა ვეღარას ვჴდი,ცუდად შიგან რას მიგია!

666. “მე ფრიდონს ვუთხარ: “ესე დღე ვითა მესაზაროების, ამისად მოწმად ღმერთი მყავს, სათქმელად მეუცხოების; უშენოდ მყოფსა ღამე და დღეცა მესაღამოების, დავჴსნილ ვარ ლხინსა ყოველსა, მით გული ჭირსა მოების.

667. “მაშა მე მისსა ამბავსა რადგან აღარას მოველი, ვეღარ ვიქმნები, გამიშვი, ვარ ფარმანისა მთხოველი!” ფრიდონს რა ესმა, ატირდა, ცრემლითა მორწყო ველი, მითხრა, თუ: “ძმაო დღესითგან ცუდ ჩემი ლხინი ყოველი!”

668. “თუცა დია მოიჭირვეს, ვერცა ეგრე დამიჭირეს; მისთა სპათა მუჴლ-მოყრილთა თავი მათი ჩემ კერძ ირეს, მეხვეოდეს, მაკოცებდეს, ატირდეს და ამატირეს: “ნუ წახვალო, დაგემონნეთ, სიცოცხლეა ჩუენი ვირ ეს!”

669. “ეგრე უთხარ: “თქუენი გაყრა მეცა დია მეძნელების, მაგრა ლხინი უმისოსა ჩემგან ძნელად გაიძლების; ჩემსა ტყუესა ვერ გავსწირავ, თქუენცა დია გებრალების, ნუვინ მიშლით, არ დავდგები, არცა ვისგან დამეშლების”.

670. “მერმე ფრიდონ მოიყუანა, მიძღვნა ესე ჩემი ცხენი, მითხრა: “ჰხედავ, პირი მზისა, თქუენ საროსა ეგე ცხენი, ვიცი, მეტი არა გინდა, ძღვენი რადმცა გავკიცხენი? თჳთ ამანვე მოგაწონოს საჴედრობა სიფიცხენი”.

671. “ფრიდონ გამამყუა, წავედით, ორთავე ცრემლნი ვღვარენით; მუნ ერთმანერთსა ვაკოცეთ, ზახილით გავიყარენით. სრულად ლაშქარნი მტიროდეს გულითა მართლად, არ ენით. გაზრდილ-გამზრდელთა გაყრასა ჩუენ თავნი დავადარენით.

672. “ფრიდონისით წამოსრულმან წავე ძებნად, კულა ვიარე, რომე არა არ დამირჩა ჴმელთა ზედა, ზღვათა გარე, მაგრა მისსა მნახავსაცა კაცსა ვერას შევეყარე; გული სრულად გამიშმაგდა, თავი მჴეცთა დავადარე.

673. “ვთქუი, თუ: “ჩემი აღარაა ხამს სიარული, ცუდი ცურვა, ნუთუ მჴეცთა სიახლემან უკუ მყაროს გულსა ურვა!” მონათა და ამა ასმათს სიტყუა უთხარ შვიდი, თუ რვა: “ვიცი, რომე დამირჯიხართ, დია გმართებს ჩემი მდურვა.

674. “აწ წადით და მე დამაგდეთ, ეტერენით თავთა თქუენთა, ნუღარ უჭურეტთ ცრემლთა ცხელთა, თუალთა ჩემთა მონადენთა!” რა ესენი მოისმენდეს საუბართა ესოდენთა, მითხრეს: “ჰაჲ ჰაჲ, რასა ჰბრძანებ, ნუ მოასმენ ყურთა ჩუენთა!

675. “უშენოსა ნუმცა ვნახავთ ნუ პატრონსა, ნუ უფალსა! ნუთუ ღმერთმან არ გაგუყარნეს ცხენთა თქუენთა ნატერფალსა! თქუენ გიჭვრეტდეთ საჭურეტელსა შვენიერსა, სატურფალსა”. თურმე ბედი მოაღაფლებს კაცსა ეგზომ არა ღაფალსა.

676. “ვეღარ გავგზავნენ, სიტყუანი მესმნეს მონათა ჩემთანი, მაგრა დავყარენ არენი მე კაცრიელთა თემთანი; სახლად საყოფნი მიმაჩნდეს თხათა და მათ ირემთანი. გავიჭერ, სრულად დავტკეპნენ ქუე მინდორნი და ზე მთანი.

677. “ესე ქუაბნი უკაცურნი ვჰპოვე, დევთა შეეკაფნეს; შემოვები, ამოვწყუიდენ, ყოლე ვერას ვერ მეჴაფნეს, მათ მონანი დამიჴოცნეს, ჯაჭვნი ავად მოექაფნეს; საწუთრომან დამაღრიჯა, ცქაფნი მისნი კულა მეცქაფნეს.

678. “აჰა, ძმაო, მაშინდითგან აქა ვარ და აქა ვკუდები; ხელი მინდორს გავიჭრები, ზოგჯერ ვტირ და ზოგჯერ ვბნდები, ესე ქალი არ დამაგდებს, არს მისთჳს ცეცხლ ნადები, ჩემად ღონედ სიკუდილისა მეტსა არას არ ვეცდები!