ვეფხისტყაოსანი, 1926a წ.

602. “რა დავარ გაძღა ცემითა, მისითა დალურჯებითა, წამოდგეს ორნი მონანი, პირითა მით ქაჯებითა, მათ კიდობანი მოჰქონდა, ეუბნეს არ აჯებითა, მაშიგან ჩასვეს იგი მზე, ჰგავს, იქნა დარაჯებითა.

603. “ მან უთხრა: “ წადით, დაკარგეთ მუნ, სადა ზღვისა ჭიპია; წმიდისა წყლისა ვერ ნახოს მყინვარე, ვერცა ლიპია; მათ გაეხარნეს, ჴმა მაღლად იყივლეს: იპი, იპია. ესე ვნახე და არ მოვკუე, არა მგავს არცა სიპია.

604. “ზღვათკენ გავლეს სარკმელნი, მაშინვე გაუჩინარდა. დავარ თქუა: “მქმნელი ამისი ვინ არ დამქოლოს, ვინ არ, და! ვირემ მამკლვიდეს, მოვკუდები, სიცოცხლე გასაწყინარდა”. დანა დაიცა, მოცაკუდა, დაეცა, გასისხლმდინარდა.

605. “რად არ მიკუირვებ ცოცხალსა, მე ლახუარ დაუსობელსა! აწ იგი მიყავ, რა მმართებს ამისსა მახარობელსა! ზენაარ, დამჴსენ სიცოცხლე სულთა დგმა დაუთმობელსა!” საბრალოდ ცრემლსა ადენდა უკლებსა, დაუშობელსა.

606. “მე უთხარ: “დაო, რად მოგკლა, ანუ რა შენი ბრალია? რამცა ვჰქენ ნაცვლად, თჳთ რომე მისი ჩემზედა ვალია! აწ თავსა მისად საძებრად მივსცემ, სად კლდე და წყალია”. სრულად გავქუავდი, შემექნა გული მართ ვითა სალია.

607. “მეტმან ზარმან გამაშმაგა, მამივიდა ცხრო და თრთოლა; გულსა უთხარ: “ნუ მოკუდები, არას გარგებს ცუდი წოლა, გიჯობს გაჭრა ძებნად მისად, გავარდნა და ველთა რბოლა. - აჰა ჟამი, ვისცა გინდა ჩემი თანა წამოყოლა!”

608. “შეველ, ფიცხლა შევეკაზმე, ცხენსა შევჯე შეკაზმული; ას სამოცი კარგი მოყმე, ჩემსა თანა ხანდაზმული, წამომყვა და წამოვედით, კართა გარე დარაზმული, ზღუის პირს მიველ, ნავი დამხუდა, მენავემან მნახა ზმული.

609. “ნავსა შევჯე, ზღვასა შეველ, ზღვასა შიგან გავალაგდი, არსით ნავი მომავალი უნახავად არ დავაგდი; მოველოდი, არა მესმა, შმაგი უფრო გავეშმაგდი, რომე სრულად მამიძულვა, ღმერთსა თურე ასრე ვსძაგდი.

610. “რომე დავჰყავ წელიწადი, თვე თორმეტი გამეოცა, მაგრა მისი მნახავიცა სიზმრივ კაცი არ მეოცა; თანა მყოლი ყველაკაი ამომიწყდა, დამეჴოცა, ვთქუი თუ: “ღმერთსა ვერას ვჰკადრებ, რაცა სწადდეს, აგრე ჰყოცა”.

611. “ზღვა-ზღვა ცურვა მამეწყინა, მით გამოველ ზღვისა პირსა, გული სრულად გამიშმაგდა, არ უსმენდი არც ვაზირსა; ყუელაკაი დამეფანტა, დარჩომოდა რაცა ჭირსა. კაცსა ღმერთი არ გასწირავს, ასრე მისგან განაწირსა!

612. “ერთი ღა ესე ასმათი და დამრჩეს ორნი მონანი, ჩემნი გულისა მდებელნი და ჩემნი შემაგონანი. მისნი ვერა ვსცნა ამბავი ვერცა დრამისა წონანი, ტირილი მიჩნდის ლხინად და მდინდიან ცრემლთა ფონანი”.

ამბავი ნურადინ-ფრიდონისა, ოდეს ტარიელ შეეყარა

613. “ღამით მევლო, მოვიდოდი, ზღვისა პირსა აჩნდეს ბაღნი, ჰგვანდეს ქალაქს, ვიახლენით, ცალ-კერძ იყუნეს კლდეთა ნაღნი; არ მიამის კაცთა ნახვა, მიდაღვიდეს გულსა დაღნი; მუნ გარდავჴე მოსვენებად, დამხუდეს რამე ხენი ლაღნი.

614. “ხეთა ძირსა მივიძინე, მათ მონათა ჭამეს პური; მერმე ავდეგ სევდიანი, მიდაღვიდა გულსა მური: ვერა მეცნა ეგზომ გრძელად ვერ ჭორი და ვერ დასტური, ველთა ცრემლი ასოვლებდა, თუალთა ჩემთა მონაწური.

615. “ზახილი მესმა. შევხედე,– მოყმე ამაყად ყიოდა, შემოარბევდა ზღვის პირ პირ, მას თურე წყლული სტკიოდა; ჴრმლისა ნატეხი დასურილი აქუს, სისხლი ჩამოსდიოდა, მტერთა ექადდა, სწყრებოდა, იგინებოდა, ჩიოდა.

616. “ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა, აწ ესე მე მითქს რომელი, მართ ვითა ქარი მოქროდა გაფიცხებული, მწყრომელი; მონა მივსწივე, მისისა შეყრისა ვიყავ მნდომელი; შევსთუალე : “დადეგ, მიჩვენე, ლომსა ვინ გაწყენს, რომელი”

617. “მას მონასა არა უთხრა, არცა სიტყუა მოუსმინა; ფიცხლავ შევჯე, ჩავეგებე, მე ჩაუსწარ, ჩაველ წინა, უთხარ: “დადეგ, გამიგონე, შენი საქმე მეცა მინა! “, შემომხედა, მოვეწონე, სიარული დაითმინა.

618. “გამიცადა, ღმერთსა ჰკადრა: “შენ ასეთნი ხენი ვით ხენ!” მერმე მითხრა: “მოგაჴსენებ, აწ სიტყუანი რომე მკითხენ: იგი მტერნი გამილომდეს, აქანამდის რომე ვითხენ, უკაზმავსა მიღალატეს, საჭურველნი ვერ გარდვითხენ”.

619. მე უთხარ: “დადეგ, დასწყნარდი, გარდავჴდეთ ძირსა ხეთასა; არ შეუდრკების ჭაბუკი კარგი მახვილთა კუეთასა”. თანა წამომყუა, წავედით უტკბოსნი მამა ძეთასა. მე გავეკუირვე მის ყმისა სიტურფე სინაზეთასა.

620. “ერთი მონა დასტაქარი მყუა და წყლულნი შეუხვივნა, ისრის პირნი ამოართუნა, დაკოდილნი არ ატკივნა. მერმე ვჰკითხე: ვინ ხარ ანუ მკლავმან შენმან ვისგან ივნა?" საამბობლად დამირიგდა, თავი მისი გაამჩივნა.