ვეფხისტყაოსანი, 1926a წ.

დასაწყისი

1. რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა, ზეგარდმო არსნი სულითა ყუნა ზეცით მონაბერითა, ჩუენ, კაცთა, მოგუცა ქუეყანა, გუაქუს უთვალავი ფერითა, მისგან არს ყოვლი ჴელმწიფე სახითა მის მიერითა.

2. ჰე, ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა, შენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა, მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკუდიდმდე გასატანისა, ცოდვათა შემსუბუქება, მუნ თანა წასატანისა.

3. ვის ჰშვენის, — ლომსა, — ჴმარება შუბისა, ფარ -შიმშერისა, მეფისა მზის თამარისა, ღაწუ-ბადახშ, თმა-გიშერისა, — მას, არა ვიცი, შევჰკადრო შესხმა ხოტბისა, შერისა , ვისთა მჭურეტელთა ყანდისა მირთმა ჴამს, მართ, მიშერისა.

4. თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლ -დათხეული, ვთქუენი ქებანი ვისნი მე არ -ავად გამორჩეული. მელნად ვიჴმარე გიშრის ტბა და კალმად - მინა რხეული, ვინცა ისმინოს, დაესვას ლახუარი გულსა ხეული.

5. მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა, ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე-კბილისა, ბროლ-ბადახშისა თლილისა, მის მიჯრით მიწყობილისა. გასტეხს ქუასაცა მაგარსა გვრდემლი ტყვიისა ლბილისა.

6. აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ჴელოვანება, — ძალი მამეც და შეწევნა შენგნით მაქუს, მივსცე გონება; მით შევეწივნეთ ტარიელს, ტურფადცა უნდა ჴსენება, მათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირს ერთმანერთის მონება.

7. მო, დავსხდეთ, ტარიელისთჳს ცრემლი გუდის შეუშრობელი; მისებრი მართ დაბადებით ვინმცა ყოფილა შობილი! დავჯე, რუსთველმან გავლექსე, მისთჳს გულს ლახუარ-სობილი, აქამდის ამბად ნათქუამი, აწ მარგალიტი წყობილი.

8. მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი: ვის მორჩილობს ჯარი სპათა, მისთჳს ვხელობ, მისთჳს მკუდარი; დაუძლურდი, მიჯნურთათჳს კულა წამალი არსით არი: ანუ მამცეს განკურნება, ანუ მიწა მე სამარი.

9. ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები, ვით მარგალიტი ობოლი, ჴელით-ჴელ საგოგმანები, ვჰპოვე და ლექსად გარდავჰთქუი, საქმე ვქენ საჭოჭმანები, ჩემმან ხელ-მქმნელმან და-ვე-მრთოს ლაღმან და ლამაზმან ნები

10. თუალთა, მისგან უნათლოთა, ენატრამცა ახლად ჩენა; აჰა, გული გამიჯნურდა, მიჴდომია ველთა რბენა! მიაჯეთ ვინ, ჴორცთა დაწვა კმარის, მისცეს სულთა ლხენა. სამთა ფერთა საქებელთა ლამის ლექსთა უნდა ლევნა.

11. რაცა ვის რა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს: მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს; კულა მიჯნურსა მიჯნურობა უყვუარდეს და გამოსცნობდეს, არცა ვისგან დაიწუნოს, არცა სხუათა უწუნობდეს.

12. თუ მიჯნურსა მიჯნურობა ეტლად მომცა რადგან ბედმან, მე მით ვიცან საქმე მათი თავით ჩემით შენახედმან. სიტყუა კარგი გამოვაგო ლექს-მრავალმან, ენა-მეტმან; შეიზომნეს ჭირნი მათნი ჭირთა ჩემთა მეათედმან.

სწავლისათჳს მოშაირეთასა

13. შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი, საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათჳს დიდი მარგი, კულა აქაცა იამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი; გრძელი სიტყუა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი.

14. ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა, მობურთალსა — მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა, მართ აგრევე მელექსესა — საუბართა ტკბილთა ფრქუევა. რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა,

15. მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა! რა ვეღარ მიხუდეს ქართულსა, დაუწყოს ლექსმან ძვირობა, არ შეამოკლოს ქართული, არა ქნას სიტყვა-მცირობა, ჴელმარჯვედ სცემდეს ჩოგანსა, იჴმაროს დიდი გმირობა.

16. მოშაირე არა ჰქუიან, თუ სადმე თქვას ერთი, ორი; თავი ყოლე ნუ ჰგონია მელექსეთა კარგთა სწორი; განაღა თქუას ერთი, ორი, უმსგავსო და შორი-შორი, მაგრა იტყუის: ჩემი სჯობსო, უცილობლობს ვითა ჯორი.

17. მეორე ლექსი ცოტაი, ნაწილი მოშაირეთა, არ ძალ-უც სრულ-ქმნა სიტყუათა, გულისა გასაგმირეთა, ვამგზავსე მშვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა: დიდსა ვერ მოჰკულენ, ჴელად აქუს ჴოცა ნადირთა მცირეთა.

18. მესამე ლექსი კარგია სანადიმოდ, სამღერელად, სააშიკოდ, სალაღობოდ, ამხანაგთა სათრეველად; ჩუენ მათიცა გუიამების, რაცა ოდენ თქუან ნათელად. მოშაირე არა ჰქუიან, ვერას იტყუის ვინცა გრძელად.