ვეფხისტყაოსანი, 1926a წ.

467. შიგან ასრე გავერივე, გლონის ჯოგსა ვითა ქორი, კაცი კაცსა შემოვსტყორცე, ცხენ კაცისა დავდგი გორი; კაცი, ჩემგან განატყორცი, ბრუნავს ვითა ტანაჯორი, ერთობ სრულად ამოვწყუიტე წინა კერძი რაზმი ორი.

468. ერთობილნი მომეხვივნეს, მგრგულივ შეიქნა ომი დიდი; ვჰკრი რასაცა, ვერ დამიდგის, სისხლსა მჩქეფრსა აღმოვღურიდი; ცხენსა კაცი გაკუეთილი მანდიკურად გარდავჰკიდი. სითაც ვიყუი, გამექციან, მათ შექნიან ჩემი რიდი.

469. “საღამო ჟამ დაიზახნა ქედით მათმან დარაჯამან: “ნუღარა სდგახართ, წავედითო, კულა მოგუხედნა რისხვით ცამან: მოვა მტვერი საშინელი, შეგუაშინა ამად ამან, ნუთუ სრულად ამოგუწყუიდნეს უთვალავმან, ბევრმან სპამან!”

470. “ჩემნი ლაშქარნი, რომელნი წამომეტანნეს მე არა, რა ეცნათ, წამოსრულ იყუნეს, ღამე წამორთვით ეარა; ვერ დაიტევდა მინდორი და არე მთათა ეარა, გამოჩნდეს, სცემდეს ტაბლაკსა, ბუკმან ჴმა გაიზიარა.

471. “იგი ნახეს, გასაქცევლად გაემართნეს, შევჰკივლენით; ველნი, ჩუენგან ნაომარნი, ომითავე გარდავლენით. რამაზ მეფე ჩამოვაგდე, ერთმანერთსა გავეჴმლენით, მისნი სპანი ყუელაკანი დავიპყრენით, არ მოვჰკულენით.

472. “უკანანიცა ლაშქარნი მოესწრნეს მათ გაქცეულთა, დაუწყეს პყრობა, ჩამოყრა შეშინებულთა, ძლეულთა; ძილისა მიხუდა ნაცვალი ძილ მკრთალთა, ღამე თეულთა, ტყუეთა მრთელთაცა არ აკლდა კუნესა, მართ ვითა სნეულთა.

473. “მას ადგილსა ნაომარსა გარდავჴედით მოსვენებად. ჴელსა ჴრმლითა დავეკოდე, წყლულად მიჩნდა არ ნაღებად; ჩემნი სპანი მოვიდიან საჭურეტლად და ჩემად ქებად, ვერ იტყუიან, ვერ მიმხუდარან ქებასაცა მოხსენებად.

474. “ერთსა კაცსა ეყოფოდეს, დიდებანი რომე მჭირდეს; ზოგთა შორით დამლოციან, ზოგნი კოცნად გამიპირდეს; რომელთაცა გავეზარდე, დიდებულნი, ამიტირდეს, ჩემგან ჴრმლითა განაკუეთი ნახნეს, მეტად გაუკუირდეს.

475. “გავგზავნენ ყოვლგან ლაშქარნი, ალაფი ავაღებინე, ერთობ სავსენი მოვიდეს, თავი ვაალაღებინე, სისხლთა მებრძოლთა ჩემთასა მინდორი შევაღებინე, არ ვბრძოლე, კარი ქალაქთა უომრად გავაღებინე.

476. რამაზს ვარქუი: “შემიგია საქმე შენი სამუხთალე, აწ ეგრეცა შეპყრობილმან თავი გამოიმართალე, სიმაგრეთა ნუ ამაგრებ, ყუელა ჴელთა მამათუალე, თუარა შენი შეცოდება მემცა ზედა რად წავსთუალე!”.

477. რამაზ მითხრა: “აღარაა ამის მეტი ჩემი ღონე, ერთი ჩემი დიდებული მამეც, ზედა მაპატრონე, ციხოანთა გაუგზავნო, საუბარი გამიგონე, ჴელთა მოგცემ ყუელაკასა, განაღამცა შენ გაქონე!”.

478. “მივეც ერთი დიდებული, თანა სპანი წავატანენ, ციხოვანნი ერთობილნი ჩემს წინაშე მოვიყუანენ, ჴელთა მამცნეს სიმაგრენი, ომი ასრე შევანანე საჭურჭლენი სიმრავლითა რასამცა ვითა დავაგვანენ!

479. “მაშინღა შევე ხატაეთს მოვლად და მოსათუალავად; კლიტენი საჭურჭლეთანი მომართვეს დაუმალავად; ქუეყანა ჩავსხი, უბრძანე: “იყუენით თქუენ უკრძალავად, მზემან არ დაგწვენ, იცოდით, დაგყარენ დაუგვალავად”.

480. “საჭურჭლენი გარდავნახენ თავის თავის, კიდის კიდე. უცხო ფერთა საჭურჭლეთა, დავშურები, თუ მოვსთუალვიდე; ერთგან ვნახე საკუირველი ყაბაჩა და ერთი რიდე, თუმცა ჰნახენ, სახელისა ცოდნასაცა ინატრიდე!

481. “ვერა შევიგენ, რა იყო, ანუ ნაქმარი რაულად! ვისცა უჩვენი, უკუირდის, ღმრთისაგან თქუის სასწაულად; არცა ლარულად ჰგდებოდა მას ქსელი, არ ორხოულად; სიმტკიცე ჰგუანდა ნაჭედსა, ვთქუი ცეცხლთა შენართაულად.

482. “იგი საძღვნოდ მისად დავსხენ, ვისი შუქი მანათობდა; მეფისათჳს დავარჩიე, საარმაღოდ რაცა სჯობდა; ჯორ აქლემი ათჯერ ასი, ყველაკაი წვივ მაგრობდა, დატვირთული გაუგზავნე, ამბავსაცა კარგსა სცნობდა”.

აქა წიგნი ტარიელისა ინდოეთ მეფის წინაშე ოდეს გაიმარჯვა

483. წიგნი დავსწერე: “მეფეო, სვემცაა თქუენი სვიანად! მე ხატაელთა მიმუხთლეს, თუცა მათ ეცა ზიანად, ჩემი ამბავი დასტური ამად გაცნობე გუიანად; მეფე შევიპყარ, მოგივალ მე ალაფიან ტყვიანად”.

484. “რა ყუელაი დავიურვე, ხატაეთით გავემგზავრე, წამოვიხუენ საჭურჭლენი, საჴელმწიფო დავიავრე, ვერ მოვეყავ აქლემითა, აზავრები ვააზავრე, მოვირჭვენ და მოვივლინე, რაცა მწადდა, აგრე ვყავ რე.

485. “ხატაეთისა ჴელმწიფე მომყუანდა შეპყრობილია. ინდოეთს მიველ, მეგება ჩემი გამზრდელი ტკბილია; რა ქება მითხრა, არ ითქმის, ჩემგან სათქმელად წბილია! ჴელი გამიჴსნა, შემამკრა მან სახვეველი ლბილია.