... (Q-1369), 1823 წ.

548. ხმა დამივარდა შეიქმნა ზახილი მოსაწევარი წამოველ წევნა დამიწყეს დავჰხოცე ჩემი მდევარი ქალაქი მქონდა მაგარი მტერთაგან მოურევარი მუნ შიგან შევე მშვიდობით ამოდ იგივე მე ვარი

549. კაცი გავგზავნე ვაცნობე ყოვლგან ლაშქარსა ყველასა აქა მომართეთ ვინცაღა ჩემსა იქმოდეთ შველასა არ გაწყდა მოსლვა მდევართა ღამესა დია ბნელასა ჩემი რა სცნიან სცვდიან თავებსა მათსა მრთელასა

550. ცისკრად ავდეგ შევეკაზმე რა გათენდა ღამე დილად ვნახენ სამნი დიდებულნი მეფისაგან მოგზავნილად ებრძანა თუ ღმერთმან იცის გამეზარდე ვითა შვილად ჩემი ასრე რად შესცვალე სიხარული სიმძიმილად

551. ხვარაზმშას სისხლი უბრალოდ სახლად რად დამადებინე თუ ჩემი ქალი გინდოდა რად არა შემაგებინე მე ბერსა შენსა გამზრდელსა სიცოცხლე მაარმებინე დღედ სიკვდილამდის შენიცა თავი არ მაახლებინე

552. მე შეუთუალე მეფეო ვარ უმაგრესი რვალისა თუ არ რად მიშლის სიკვდილსა ცეცხლი სირცხვილთა ალისა მაგრა თვით იცით ჴელმწიფე ჴამს მქმნელი სამართალისა მე თქვენმან მზემან მაშოროს ნდომა თქვენისა ქალისა

553. იცი ინდოთა სამეფო რაზომი სრასაჯდომია ერთიღა მე ვარ მემკვიდრე ყველაი თქვენ მოგხდომია ამოწყდა მათი ყველაი მამული თქვენ დაგრჩომია დღესამდის ტახტი უჩემო არავის არ მონდომია

554. ვერ გათნევ თქვენმან კეთილმან აწ ეგე არმართალია ღმერთმან არ მოგცა ყმა შვილი გიზის ერთაი ქალია ხვარაზმშა დასვა ჴელმწიფედ დამრჩების რა ნაცვალია სხუა მეფე დაჯდეს ჰინდოეთს მერტყას მე ჩემი ხრმალია

555. შენი ქალი არად მინდა გაათხოვე გამარიდე ჰინდოეთი ჩემი არის არვის მივსცე ჩემგან კიდე ვინცა ჩემსა დამეცილოს მისით მასცა ამოვფხვრიდე სხუას მეშველსა გარეგანსა მომკალ ვისცა ვინატრიდე

ამბვის ცნობა ტარიელისაგან ნესტან დარეჯანისა დაკარგვისა

556. ესე კაცნი გამეგზავნნეს გონებასა გავეშმაგე რომე მისი ვერა მეცნა ამას უფრო დავედაგე მას ზღუდესა გარდავადეგ მინდორთაკენ რომე ვაგე მესმა საქმე საშინელი თუცა თავი ვერ წავაგე

557. გამოჩნდეს ორნი ქვევითნი მე მივეგებე წინარე ქალი ჰყვა ერთსა მონასა ვცანცა თუ მოღმა ვინ არე თავგაგლეჯილი ასმათი პირს სისხლი ჩამომდინარე აღარ მიყივლა ღიმილით არცაღა გამიცინა რე

558. იგი ვნახე დავებნივე გონებანი გამიშმაგნა შორით უხმე «რაშიგან ვართ ანუ ცეცხლმან რად დაგვდაგნა» მან საბრალოდ შემომტირნა ძლივ სიტყუანი გამოაგნა მითხრა «ღმერთმან სიმგრგვალე ცისა ჩვენთჳს რისხვით წამოგრაგნა»

559. ახლოს მიველ კულავცა ვჰკითხე «რაშიგან ვართ თქვი მართალი» კულავ საბრალოდ ამიტირდა კულავ მოედვა ამით ალი დიდხან სიტყუა ვერა მითხრა მისთა ჭირთა ნაათალი მკერდსა წითლად უღებავიდა სისხლი ღაწვთა ნაწვეთალი

560. მერმე მითხრა «მოგახსენებ ესე რადმცა დაგიმალე მაგრა ვითა გაგახარნე შენცა აგრე შემიწყალე ნუ მაცოცხლებ ნუ დამარჩენ შემიხვეწე შემიბრალე დამხსენ ჩემსა საწუთროსა ღმერთსა შენსა მიავალე»

561. მიაბოდეს სასიძო მოჰკალ და ხმა დაგივარდა მეფესა ესმა აიჭრა მართ მისგან გასატკივარდა შენ დაგიძახნა «მიხმეთო» ჴმამაღლა გახდა ყივარ და მოგნახეს შინა ვერ გპოვეს მით მეფე გამომჩივარდა

562. «ჰკადრეს აქა აღარ არის კარნი სადმე გაუვლიან მეფე ბრძანებს «ვიცი ვიცი მეტად კარგად შემიგიან მას უყვარდა ქალი ჩემი სისხლნი ველთა მოუღვრიან რა ნახიან ერთმანერთი არშეხედვა ვერ დათმიან

563. «აწ თავმან ჩემმან მას მოვჰკლავ ჩემად დად ვინცა მადესა მე ღმრთისა ვუთხარ დაუბამს მას ეშმაკისა ბადესა მათ ბოზკუროთა ასეთი რა მისცეს რა უქადესა თუ დავარჩინო ღმერთი ჰგმო მისად პატიჟად მზად ესა»

564. «მის მეფისა წესი იყო თავი მისი ძვირად ფიცის და თუ ფიცის არ გატეხის მასვე წამსა დაამტკიცის ესე წყრომა მეფისაგან ვისცა ესმა ვინცა იცის მან უანმბა დავარ ქაჯსა ვინ გრძნებითა ცაცა იცის

565. «დავარს დასა მეფისასა უთხრა ვინმე ღმრთისა მტერმან «თავი ფიცა ძმამან შენმან არ დაგარჩენს იცის ერმან» მან ეგრე თქუა «უბრალო ვარ იცის ღმერთმან სახიერმან ვისგან მოვკვდე ვისთვის მოვკვდე მიიხვედროს იგი ვერ მან»

566. «პატრონი ჩემი აგრევე იყო წამოხვე შენ ოდეს შენეულივე რიდენი ებურნეს ტურფად შვენოდეს დავარ მოსთქმიდა სიტყვითა რომელნი არა მსენოდეს «ბოზო შენ ბოზო რად მომკალ ვეჭვ შენცა არა გლხენოდეს