... (Q-1369), 1823 წ.

470. რიდენი რომე მეშოვნეს ქალაქსა ხატაელთასა იგი მეხვივნეს მშვენოდეს ვახელებ გულსა ხელთასა მეფე გარდახდა დარბაზსა შევედით ჩემთა მზრდელთასა შევხედენ დავჰკრთი ელვასა ღაწვთა მზეებრ ნათელთასა

471. მას მზესა ტანსა ემოსნეს ნარინჯისფერნი ჯუბანი ზურგით უთქს ჯარი ხადუმთა დასდასად უბანუბანი სრულად ნათლითა აევსო სახლი შუკა და უბანი მუნ ვარდსა შუა შვენოდეს ძოწმარგალიტნი ტყუბანი

472. ნაომარსა დაკოდილსა ჴელი ყელსა ჩამომება დედოფალი საჯდომთაგან ადგა წინა მომეგება ვითა შვილი გარდამკოცნა ღაწვი ვარდი დამილება მითხრა «ნუ ეჭვ ამას იქით თუღა მტერი შეღაგება

473. ახლოს დამისვეს ადგილსა მუნ სადა მიამებოდა პირისპირ მიჯდა იგი მზე გული ვისთვისცა კვდებოდა მალვით უჭვრეტდი მიჭვრეტდის სხუად არად მეგონებოდა თვალნი მოვსწყვიდნი სიცოცხლე ამითა მეარმებოდა

474. შეიქნა სმა და პურობა მსგავსი მათისა ძალისა სხუა გახარება ასეთი არს უნახავი თვალისა ჯამი და ჭიქა ყველაი ფეროზისა და ლალისა არვისი ბრძანა მეფემან არცა გაშვება მთრვალისა

475. მე მუნა მყოფი მივეცი შვებასა მეტისმეტასა არ შემომხედნის შევხედნი ცეცხლმან დამიწყის შრეტასა კაცთა კრძალვასა ვაწვევდი გულსა შმაგსა და რეტასა რა უამია პირისპირ საყვარელისა ჭვრეტასა

476. დააგდეს მღერა მუტრიბთა «სულეთო თავი ხარიან მიბრძანეს «შვილო ტარიელ ვით გითხრათ ვით გვიხარიან ნეტარძი გვაქვსო მებრძოლნი მით ჩვენნი ვაგლახ არიან მართალან შენნი მჭვრეტელნი არ ცუდად იმკვეხარიან

477. «აწ თუცა გმართებს შემოსვა ვის მორჭმით მოგივლენიან არ შეგმოსთ მაგა კაბათა არ აგხდით ტურფად გშვენიან აწ გქონდეს ასი საჭურჭლე ვის შუქნი მოგიფენიან თჳთ შეიკერე რაცა გწადს ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან

478. კულავცა დაჯდა მხიარული მოიმატა სმა და მღერა კულავ გაგრძელდა ნადიმობა ბარბითი და ჩანგთა ჟღერა დედოფალნი წამოვიდნეს შეეყარა მწუხრსა დღე რა ძილპირამდის სიხარულსა სიხარული ჰგვანდა ვერა

479. ავიყარენით მიგვჭირდა სმა დოსტაქნისა მეტისა საწოლს შემოვე შემექმნა ცნობა მათ ვითა რეტისა ძალი არ მქონდა ტყვექმნილსა მე ამა ცეცხლთა შრეტისა მეგონებოდა მალხენდის გონება მისგან ჭვრეტისა

480. მონა მოვიდა მიამბო ანბავი მე მართალიო თქვენსა ამბავსა იკითხავს აჯიღოსანი ქალიო მაშინვე ვიცან ავიჭერ ჩქარჩქარად გულგამკრთალიო მოვიდა ვნახე ასმათი ჩემთანა მომავალია

481. მე მისთჳს ვკვდები მიამა ასმათის ნახვა მე მისად აღარ მიუშვი ვაკოცე ქნადღა თაყვანის ცემისად ხელი მოვჰკიდე დავისვი ახლოს ტახტისა ჩემისად ვჰკითხე თუ ნეტარ მისულა მორჩი ალვისა ხე მისად

482. მიანბე მისი ამბავი სხუად ნურად მეუბნებია მითხრა თუ გკადრებ ამბავსა აწ ჩემგან არა სთნებია დღეს ერთმანერთი გინახავს და ტურფად მოგწონებია აწ კულავცა ცნობა ამბისა მას ჩემგან უბრძანებია

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი

483. წიგნი მომართვა ჩავხედენ პირისა თემთა მთენისა ეწერა ვნახე სიტურფე წყალჯავარისა შენისა ომგარდახდილი შვენოდი შენატევები ცხენისა არ ავი მიმიჩს მიზეზი ჩემისა ცრემლთა დენისა

484. ღმერთმან თუმცა ენა ჩემი ქებად შენდა უშენოსა მზემან ლომსა ვარდგიშერნი ბაღი ბაღჩად უშენოსა […………………………………………………………….] […………………………………………………………….]

485. თუცა მიგდის ღვარი ცრემლთა მაგრა ცუდად არ იდენო ამას იქით ნუღარ იდენ ჭირსა თავი არიდენო შენნი მჭვრეტნი ჩემთა მჭვრეტთა აგინებენ არ იდენო […………………………………………………………….]

486. იგი მე მამცენ რიდენი რომელნი წეღან გშვენოდეს რა მნახო შენცა გიამოს შენეულითა მშვენოდეს ესე სამკლავე შეიბი თუ ჩემი გაღაგვლენოდეს ერთი ასეთი ცოცხალსა სხუა ღამე არ გაგთენოდეს

487. აქა მხეცქმნილი ტარიელ ტირს ჭირი ეათასების თქუა მე მაქვს სამხრე რომელი კულავ წინას მკლავსა მას ების იგი შეიხსნა მოიღო თვალვით არ დაიფასების პირსა დაიდვა დაცაბნდა ქვე მკვდართა დაედასების

488. ასრე წუა რომე არ ჰგვანდა მკვდარი სამარის კარისა ორგნით ჩანს ლები მჯიღისა მართ გულსა გარდნაკარისა ასმათს სდის ღვარი სისხლისა ღაწვთაგან ნახოკარისა კულავ წყალსა ასხამს უშველის ხმა ისმის მუნ წკანწკარისა