... (Q-1369), 1823 წ.

431. ვთქჳ თუ ძმანო იგი კაცნი ჩვენ ღალატსა გვიდგებიან მკლავთა თქვენთა სიმაგრენი ამისთვისმცა რად დალბიან ვინცა მოკვდეს მეფეთათვის სულნი მათნი ზეცას რბიან აწ შევებნეთ ხატაველთა ჴრმალნი ცუდად რას გვაბიან

432. უბრძანე ჩაცმა აბჯრისა ლაღმან სიტყვითა ხაფითა დავეკაზმენით საომრად ჯაჭვჯავშანითა ქაფითა რაზმი დავაწყევ მივმართე წაველ დიდითა სწრაფითა მას დღესა ჩემი მებრძოლი ჩემმანვე ჴრმალმან დაფითა

433. მივეახლენით შეგვატყვეს მათ ტანსა აბჯარცმულობა კაცი მოვიდა მომართვა მეფისა მოციქულობა ეთქუა თუ ჟამად გვაჩნია ჩვენ თქვენი არ ორგულობა აბჯრითა გხედავთ შეგქვნია აწ ამად გულნაკლულობა

434. შევსთუალე თუ მეცა ვიცი რაცა ჩემთვის გაგიგია თქვენ რასაცა სთათბირობდით არ იქმნების არ იგია ბრძანეთ მოდით შემებენით ვითა წესი და რიგია მეცა თქვენად დასახოცლად ჴელი ჴრმალსა დამიგია

435. რა მივიდა მოციქული კულავცა რადღა გამოგზავნეს კვამლი შექნეს ლაშქართათვის დამალული გაამჟღავნეს სამალავით გამოვიდეს თავნი ორგნით აქარავნეს შექმნეს რაზმი მრავალკეცი თუცა ღმერთო ვერა მავნეს

436. შუბი ვსთხოვენ ჴელი ჩავყავ მუზარადის დასარქმელად საომარად ატეხილი ვიყავ მათად გამტეხელად ერთსა წავსწვდი უტევანსა წავგრძელდი და წაველ გრძელად მათ ურიცხვთა რაზმი ეწყო წყნარად დგეს და აუშლელად

437. ახლოს მიველ შემომხედნეს შმაგიაო ესე თქვესა მუნ მივმართე მკლავმაგარმან სად უფროსი ჯარი დგესა კაცსა შუბი ვკარ ცხენი დავეც მართ ორნივე მიჰხდეს მზესა შუბი გატყდა ჴელი ჩავჰყავ ვაქებ ჴრმალო ვინცა გლესა

438. შიგან ასრე გავერივე გნოლის ჯოგსა ვითა ქორი კაცი კაცსა შემოვსტყორცე ცხენკაცისა დავდგი გორი კაცი ჩემგან შენატყორცი ბრუნავს ვითა ტანაჯორი ერთობ სრულად ამოვწყვიტე წინა კერძი რაზმი ორი

439. ერთობილნი მომეხვივნეს მგრგვლივ შეიქმნა ომი დიდი ვჰკრი რასაცა ვერ დამიდგნის სისხლსა მჩქეფრსა ამოღვრიდი ცხენსა კაცი გაკვეთილი მანდიკურად გარდავჰკიდი სითაც ვიყვი გამექციან მათ შეჰქნია ჩემი რიდი

440. საღამო ჟამ დაიზახა ქედით მათმან დარაჯამან ნუღარა სდგათ წაედითო კულავ მოგვხედნა რისხვით ცამან მოვა მტვერი საშინელი შეგვაშინა ამად ამან ნუთუ სრულად ამოგვწყვიდნეს უთვალავმან ბევრმან სპამან

441. ჩემნი ლაშქარნი რომელნი წამომეტანნეს მე არა რა ეცნა წამოსულიყვნეს ღამე წამორთვით ეარა ვერ დაიტევდა მინდორი და არე მთათა ე არა გამოსჩნდეს სცემდეს ტაბლაკსა ბუკმან ხმა გააზეარა

442. იგი ნახეს გასაქცევლად გაემართნეს შევჰკივლენით ველნი ჩვენგან ნაომარნი ომითავე გარდავლენით რამაზ მეფე ჩამოვაგდე ერთმანერთსა გავეხრმლენით მისნი სპანი ყველაკანი დავიპყრენით არ მოვჰკვლენით

443. უკანანიცა ლაშქარნი მოესწრნეს მათ გაქცეულთა დაუწყეს პყრობა ჩამოყრა შეშინებულთა ძლეულთა ძილისა მიხვდა ნაცვალი ძილმკრთალთა ღამეთეულთა ტყვეთა მრთელთაცა არ აკლდა კვნესა მართ ვითა სნეულთა

444. მას ადგილსა ნაომარსა გარდავხედით მოსვენებად ხელსა ხრმლითა დავეკოდე წყლულად მაჩნდა არ ნაღებად ჩემნი სპანი მოვიდიან საჭვრეტლად და ჩემად ქებად ვერ იტყვიან ვერ მიმხვდარან ქებასაცა მოხსენებად

445. ერთსა კაცსა ეყოფოდეს დიდებანი რომე მჭირდეს ზოგთა შორით დამლოციან ზოგნი კოცნად გამიპირდეს რომელთაცა გავეზარდე დიდებულნი ამიტირდეს ჩემგან ჴრმლითა განაკვეთნი ნახეს მეტად გაუკვირდეს

446. გავგზავნე ყოვლგან ლაშქარი ალაფი ავაღებინე ერთობ სავსენი მოვიდეს თავიცა ვაალაღებინე სისხლთა მებრძოლთა სისხლითა მინდორი შევაღებინე არ ვბრძოლე კარი ქალაქთა უომრად გავაღებინე

447. რამაზს ვარქჳ შემიგნია საქმე შენი სამუხთალე აწ ეგრეცა შეპყრობილმან თავი გამოიმართალე სიმაგრეთა ნუ ამაგრებ ყველა ხელთა მომათვალე თვარა შენი შეცოდება მემცა ზედა რად წავსთვალე

448. რამაზ მითხრა აღარაა ამის მეტი ჩემი ღონე ერთი ჩემი დიდებული მომეც ზედა მაბატონე ციხოანთა გაუგზავნო საუბარი გამიგონე ხელთა მოგცემ ყველაკასა გაღანამცა შენ გაქონე

449. მივეც ერთი დიდებული თანა სპანი წავატანენ ციხოვანნი ერთობილნი ჩემს წინაშე მოვიყვანენ ხელთა მომცეს სიმაგრენი ომნი ასრე შევანანენ საჭურჭლენი სიმრავლითა რასმცა ვითა დავაგვანენ

450. მაშინღა შეველ ხატაეთს მოვლად და მოსათვალავად კლიტენი საჭურჭლეთანი მომართვეს დაუმალავად ქვეყანა ჩავსხი ვუბრძანე იყვენით თქვენ უკრძალავად მზემან არ დაგვწნა იცოდით დაგყარენ გაუგვალავად