... (Q-1369), 1823 წ.

528. მე ლმობიერად მომიტკბა გამწყრალი გამქისებული ანუ მზე იყო ქვეყანად ან მთვარე პირგავსებული ახლოს დამისვა მაღირსა აქამდის არ ღირსებული მეუბნებოდა დამივსო ცეცხლი ამითა გზებული

529. მიბრძანა თუ გონიერი ჴამს აროდეს არ აჩქარდეს რაცა სჯობდეს მოაგვაროს საწუთროსა დაუწყნარდეს თუ სასიძო არ მოუშვა ვაითუ მეფე გაგიმწარდეს შენ და ისი წაიკიდოთ ჰინდოეთი გარდაქარდეს

530. კულავ თუ სიძე შემოუშვა მე შემირთავს იყოს ასდენ ერთმანერთსა გავეყარნეთ ძოწეულნი გაგვიფლასდენ მათ მორჭმულთა მოივლინონ ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ ესე ამბვად არ ეგების რომე სპარსნი გაგვიხასდენ

531. მ[…………………………………………………………] რა შემოვიდენ ჰინდოვეთს შევიგნა მათი გმირობა უჩვენო ჩემი ძალგული და ჩემი მეომარობა ასრე დავხოცნე შეეძლოს აღარა არსახმარობა

532. მიბრძანა თუ ხამს დიაცი დიაცურად საქმე დედლად დიდსა სისხლსა ვერ შეგაქნევ ვერ ვიქმნები შუვა კედლად რა მოვიდეს სიძე მოკალ მისთა სპათა აუწყვედლად ქნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქს ხმელსა ნედლად

533. ასრე ჰქენ ჩემო ლომო და მჯობო ყოველთა გმირთაო მიპარვით მოკალ სასიძო ლაშქართა ნუ მოირთაო მისთა სპათაცა ნუ დაჴოც ზროხათა ვითა ვირთაო დიადი სისხლი უბრალო კაცმანცა ვით იტვირთაო

534. იგი რა მოკლა ეუბენ პატრონსა ჩემსა მამასა ჰკადრე თუ სპარსთა ვერა ვიქმ ჰინდოეთისა ჭამასა ჩემია მკვიდრი მამული არ მივსცემ არცა დსრასა არ დამეხსნები გაგიხდი ქალაქსა ვითა ტრამასა

535. ჩემი ყოლა ნურა გინდა სიყვარული არცა ნდომა ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მოხდომა ქნას მეფემან ყელმოტეხით შემოხვეწა შემოკდომა ჴელთა მოგცეს თავი ჩემი შეგვფეროდეს ერთგან სხდომა

536. ესე მეტად მამეწონა თათბირი და გამორჩევა ჩემთა მტერთა დავაცადე დასახოცლად ხრმლისა ქნევა მერმე ავდეგ წამოსავლად მან დამიწყო ქვევა წვევა მწადდა მაგრა ვერ შევმართე შეჭიდება შემოხვევა

537. ხანი დავჰყავ გავეყარე მაგრა გავჰხე ვითა ხელი ასმათ წინა წამომიძღვა ჩამდიოდა ცრემლი ცხელი ჭირი ბევრჯელ ვაათასე ლხინი ჩემი ვაერთხელი მერმე წასლვა არა მწადდა ამად მივალ არ ფიცხელი

538. მოვიდა კაცი სასიძო მოვაო მოსლვა გვახარა მაგრა თუ ღმერთი რას უზამს არა იცოდა გლახ არა მეფესა მიხვდა სიამე არ სიტყუა ივაგლახა რა მიბრძანა ახლოს მიმისვა მოდიო თავი დახარა

539. მიბრძანა ჩემთჳს ესე დღე ლხინი და სიხარულია გარდავიხადოთ ქორწილი ხამს ვითა დასა სრულია კაცი გავგზავნოთ მოვიღოთ ყოვლგნით საჭურჭლე სრულია უხვად გავსცემდეთ ვავსებდეთ სიძუნწე უმეცრულია

540. მე გავგზავნე ყოვლგნით კაცნი საჭურჭლეთა წამომხმელნი სასიძოცა მოგვივიდა იყვნეს ხანსა არდამზმელნი შიგნით ჩვენნი გაეგებეს გარეთ მოდგეს ხვარაზმელნი მათ ლაშქართა ერთგან მყოფთა ვერ იტევდეს ვერცა ველნი

541. მეფემან ბრძანა მოჰკაზმეთ კარვითა მოედანია გამოისვენოს სიძემან დაყოს ცოტაი ხანია მუნ მისად ნახვად გავიდენ უშენოდ სხუანი სპანია შენ აქა ნახენ კმარიან იქა ნახვისად კმანია

542. მაედანს დავდგი კარვები წითლისა ატლასებისა მოვიდა სიძე გარდაჰხდა დღე ჰგვანდა არ აღვსებისა შეიქმნა გასლვა შიგანთა ჯარია მუნ ხასებისა დაიწყეს დგომა ლაშქართა თემთემად დასდასებისა

543. ცხენისაგან არ გარდავჴე წავე ფიცხლად დავმორჩილდი ქალი დამხვდა ნატირები ვჰკითხე ცრემლსა რასა ჰმილდი მითხრა შენი შესწრობილი ტირილსამცა ვით ავსცილდი გაუწყვედლად ვით გამართლო რაგვარადმცა გავვაქილდი

544. შევედით ვნახეთ ბალიშსა ზედა წარბშერჭმით მჯდომარე მზე ვეღარას იქს მის მეტსა მას გაენათლა რომ არე წავდეგ მიბრძანა რასა სდგა დღე მიგიჩს წინ საომარე ანუ გამწირე მიტყუე და კულავცა მომიცდომარე

545. მე მეწყინა აღარა ვთქჳ ფიცხლად გარე შემოვბრუნდი უკუვჰყივლე აწ გამოჩნდეს არ მინდოდეს ვისცა უნდი ქალი ომსა რაგვარ მაწვევს აგრე ვითა დავძაბუნდი შინა მოველ მოკლვა მისი დავაპირე არ დავყმუნდი

546. ასსა ვუბრძანე მონასა საომრად დაემზადენით შევსხედით გავლეთ ქალაქი არავის გავეცხადენით კარავსა შეველ სასიძო ვითა წვა ზარამც თქმად ენით უსისხლოდ მოვჰკალ იგი ყმა თუცა ხმდა სისხლისა დადენით

547. კარვის კალთა ჩახლათული ჩავჭერ ჩავაქარაბაკე ყმასა ფერხთა მოვეკიდე თავი სვეტსა შეუტაკე წინა მწოლთა დაიზახეს გლოვა მიჰხვდა საარაკე ცხენსა შევჯე წამოცაველ ჯაჭვი მეცვა საკურტაკე