ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

672. ავთანდილს ასმათ ჩამოჰყვა, ზენარით ეუბნებოდა, მუხლთა უყრიდა, ტიროდა, თითითა ეხვეწებოდა, ადრე მოსლვასა ჰვედრებდა, მართ ვითა ია ჭნებოდა; მან უთხრა: “დაო, უთქვენოდ სხვა რამცა მეგონებოდა!

673. “ადრე მოვალ, არ გაგწირავ, არას დავზამ შინა ხანსა, ოდენ სხვაგან არ წავიდეს, ნუსად არებს იმა ტანსა; აქათ ორ თვე არ მოვიდე, ვიქმ საქმესა დაუგვანსა, შეიგენით, მიცემულ ვარ ჭირსა რასმე თანისთანსა”.

ამბავი ავთანდილისა არაბეთს შექცევისა

674. იგი მუნით წარმოსრული სევდამანცა განა მოკლა! პირსა იხოკს, ვარდსა აპობს, ხელი მისი გაამხოკლა, სისხლსა მისგან დადენილსა, მხეცნი ყოვლი გაამლოკლა; მისმან ფიცხლა სიარულმან შარა გრძელი შეამოკლა.

675. მუნ მივიდა, სადა - იგი მისნი სპანი დაეყარნეს. ნახეს, იცნეს; რაგვარადცა ჰმართებს, აგრე გაეხარნეს. შერმანდისცა ახარებდეს, ფიცხლა, კაცთა თავნი არნეს: “მოვიდაო, აქანამდის ვითვის ლხინი გაგვემწარნეს!”

676. გაეგება, მოეხვია, ზედა დასვდა პირი ხელსა, აკოცებდა, სიხარულით ცრემლსა ღვრიდა ველთა მრწყველსა; ესე თქვა თუ: “ ნეტარ, ღმერთო, ცხადსა ვხედავ, ანუ ბნელსა? მე ვით ღირს ვარ ამას, რომე თვალნი ჩემნი გჭვრეტდენ მრთელსა!”

677. ყმამან მდაბლად მოიკითხა, ზედა დასვდა პირი პირსა; უბრძანა, თუ: “ღმერთსა ვჰმადლობ, შენ თუ ჭირი არა გჭირსა!" დიდებულთა თაყვანის - სცეს, აკოცებდეს ვინცა ღირს-ა, ზარსა სცემდეს, უხაროდა უფროსსა და თუნდა მცირსა.

678. მივიდეს, სადა საყოფად სახლი დგა მუნ აგებული. მოვიდა ნახვად ყოველი მის ქალაქისა კრებული. მაშინვე დაჯდა ნადიმად მორჭმით, ლაღი და შვებული. ენა მის დღისა შვებასა ყოლა ვერ იტყვის კრებული.

679. შერმადინს უთხრა, უამბო ყოველი მისგან ნახული, ანუ ვით პოვა იგი ყმა, მისგანვე მზედ დასახული. ავთანდილს ცრემლი უყოფდა, უბნობდა თვალ-დაფახული: “უმისოდ მყოფსა სწორად მიჩნს ჩემთვის დარბაზი და ხული”

680. მან ამბავი შინაური ყველაკაი მოახსენა: “შენი წასვლა არვინ იცის, რაცა მითხარ, აგრე ვქმენა!” მას დღე მუნით არ წავიდა, ინადიმა, განისვენა, ცისკრად შეჯდა, გაემართა, დღე რა მზემან გაათენა.

681. არცაღა დაჯდა ნადიმად, არცა ქმნად კვლა ხალვათისა; შერმადინ მახარობელი წავა მისლვისა მათისა, ფიცხლად წავიდა, სავალი სამ დღე ვლო დღისა ათისა. მას ლომსა ნახვა უხარის მის მზისა მეკამათისა.

682. შესთვალა: “მეფე უკადრი ხარმცა მორჭმით და დიდობით! ამა საქმესა ვიკადრებ შიშით, კრძალვით და რიდობით: მის ყმისა ვერას ვერ მცნობი ვუხმობდი თავსა ფლიდობით, აწ ვცან და გაცნევ ყველასა, მოვალ შვებით და მშვიდობით”.

683. როსტევან — მეფე უკადრი, მორჭმული, შეუპოველი! შერმადინ მოციქულობა თვით მოახსენა ყოველი: “ავთანდილ მოვა წინაშე, მის ყმისა ვისმე მპოველი”. ბრძანა: “ვცან ჩემი ღმრთისაგან სააჯო და სათხოველი”.

684. თინათინს ჰკადრა შერმადინ, ნათელსა მას უღამოსა: “ავთანდილ მოვა წინაშე, გკადრებს ამბავსა ამოსა”. იგი მით აკრთთობს ელვასა, მზისაცა უთამამოსა, მას საბოძვარი უბოძა, მისი ყველაი დამოსა.

685. მეფე შეჯდა, გაეგება ყმასა, მუნით მომავალსა; ამას პირ-მზე მეფისაგან ივალებდა ვითა ვალსა. მიეგება, მოეგება მხიარული გულ-მხურვალსა, დიდებულთა ჯარისაგან ზოგი ჰგვანდა ვითა მთრვალსა.

686. რა მიეახლა, გარდახდა ყმა, თაყვანის-სცა მეფესა; აკოცა როსტან, მიმხვდარმან ნიშატთა სიიეფესა; გულ-მხიარულნი, შვებულნი მივლენ დარბაზსა სეფესა; მის ყმისა მოსლვა უხარის ყოველსა მუნ მეკრეფესა.

687. მას ავთანდილ თაყვანის-სცა ლომთა ლომმან მზეთა მზესა. მუნ ბროლი და ვარდ-გიშერი გაეტურფა სინაზესა. პირი მისი უნათლეა სინათლესა ზესთა - ზესა, სახლ-საყოფი არა ჰმართებს, ცამცა გაიდარბაზესა!

688. მას დღე დასხდეს ნადიმობად, გაამრავლეს სმა და ჭამა; ყმასა მეფე ასრე უჭვრეტს, ვითა შვილსა ტკბილი მამა. მათ ორთავე აშვენებდა, ფიფქსა — თოვნა, ვარდსა — ნამა. უხვად გასცეს საბოძვარი, მარგალიტი, ვითა დრამა.

689. სმა გარდახდა, თავის-თავის გაიყარნეს მსმელნი შინა; დიდებულნი არ გაუშვნეს, ყმა დაისვეს ახლოს წინა; მეფე ჰკითხავს, იგი ჰკადრებს, რაცა ჭირი დაეთმინა, მერმე მისი, უცნობოსა, რა ენახა, რა ესმინა:

690. “მას ვახსენებდე, ნუ გიკვირს, თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა! მზე თუ ვთქვა მსგავსი მისი და ანუ მისისა სახისა, ვინ უნახავ ქმნის გონება ყოველთა კაცთა მნახისა; ვარდი დამჭნარი ეკალთა შუა, შორს-მყოფი, ახ, ის ა!”