ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

467. მას მეფესა ხატაელსა უმასპინძლა, უალერსა, ჟამიერად უბრძანებდის საუბარსა მათსა ფერსა. ცისკრად მიხმეს, მიბრძანებდეს მე სიტყვასა ლმობიერსა: “შეუნდობო ხატაელსა, მას აქამდის შენამტერსა?”

468. მე ვჰკადრე: “ღმერთი ვინათგან შეუნდობს შეცოდებულსა, უყავით თქვენცა წყალობა მას ღონეგაცუდებულსა”. რამაზს უბრძანეს: “იცოდი, გაგგზავნით შეწყალებულსა, მაგრა ნუ გნახავთ კვლამცაღა ჩვენს წინა გაწბილებულსა!”.

469. ხარაჯა დასდვეს, შეჰკვეთეს დრაჰკანი ასჯერ ასია, კვლა ხატაური ათასი, სხვა სტავრა, სხვა ატლასია. მერემე ყველაი დამოსა იგი და მისი ხასია, შეწყალებული გაგზავნა, უყო რისხვისა ფასია.

470. ხატაელმან დაუმადლა, დადრკა, მდაბლად ეთაყვანა, მოახსენა: “ორგულობა თქვენი ღმერმან შემანანა. თუღა ოდეს შე-ღა-გცოდო, მაშინ მომკალ მემცა განა!” წავიდა და ყველაკაი მისი თანა წაიტანა.

471. მოვიდა კაცი მეფისა, ცისკრობს, არ დანაღამია; ებრძანა: “რა შენ გაგყრივარ მას აქათ თვეო სამია, მინდორს მოკლული ისრითა ნადირი არ მიჭამია, არ დამაშვრალხარ, წამოდი, თუცა დაშრომის ჟამია”.

472. შევეკაზმე, დარბაზს მივე, დამხვდა ჯარი ავაზისა, შავარდნითა სავსე იყო სრულად არე დარბაზისა, მეფე ქვე ჯდა შეკაზმული, შვენებითა მსგავსი მზისა; გაეხარნეს მისლვა ჩემი, ტურფისა და ლამაზისა!

473. იდუმალ ცოლსა ეუბნა, მართ ჩემგან უცოდნელია: “ომით მოსრული ტარეილ საჭვრეტლად სასურველია, მან განანათლოს მჭვრეტელთა გული, რაზომცა ბნელია; რაცა დაგვედრო საქმნელად, ქმენ, არა საზოზღნელია.

474. აწ მითქვამს საქმე უშენოდ, შენცა ცან ესე მცნებული: რათგან ქალია სამეფოდ ჩვენგანვე სახელდებული, ვინცაღა ნახავს, აწ ნახოს, აჰა ხე, ედემს ხებული, გვერდსა დაისვი, ორნივე სრას დამხვდით, მოვალ შვებული”.

475. მოვინადირეთ მინდორი, ძირი მთისა და გორისა; იყო სიმრავლე ძაღლისა, შავარდნისა და ქორისა. ადრე დავბრუნდით, ვიარეთ არ ეჯი გზისა შორისა. აღარ იბურთეს, დაშლა ქმნეს თამაშობისა ორისა.

476. ,ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა ქალაქი, შუკა და ბანი. ომგარდახდილსა მშვენოდეს მე ენიანნი კაბანი; ფერმიხდილგვარად ვშვენოდი ვარდი, ცრემლითა ნაბანი, ვინცა მიჭვრეტდის, ბნდებოდის, — მათრლად არს, არ კატაბანი.

477. რიდენი რომე მეშოვნეს ქალაქსა ხატაელთასა, იგი მეხვივნეს, მშვენოდეს, ვახელებ გულსა ხელთასა. მეფე გარდახდა, დარბაზსა შევედით ჩემთა მზრდელთასა, შევხედენ, დავჰკრთი ელვასა ღაწვთა მზებრ ნათელთასა.

478. მას მზესა ტანსა ემოსნეს ნარინჯისფერნი ჯუბანი, ზურგით უთქს ჯარი ხადუმთა, დას-დასად, უბან-უბანი; სრულად ნათლითა აევსო სახლი, შუკა და უბანი, მუნ ვარდსა შუა შვენოდეს ძოწ-მარგალიტნი ტყუბანი.

479. ნაომარსა, დაკოდილსა ხელი ყელსა ჩამომება. დედოფალი საჯდომთაგან ადგა, წინა მომეგება, ვითა შვილი გარდამკოცნა, ღაწვი ვარდი დამილება, მითხრა: “ნუ ეჭვ, ამას იქით, თუ -მცა მტერი შემოგება”.

480. ახლოს დამისვეს ადგილსა, მუნ, სადა მეამებოდა. პირისპირ მიჯდა იგი მზე, გული ვისთვისცა კვდებოდა. მალვით უჭვრეტდი, მიჭვრეტდა, სხვად არას მეუბნებოდა; თვალნი მოვსწყვიდნი, სიცოცხლე ამითა მეარმებოდა.

481. შეიქმნა სმა და პურობა, მსგავსი მათისა ძალისა; სხვა გახარება ასეთი არს უნახავი თვალისა! ჯამი და ჭიქა — ყველაი ფეროზისა და ლალისა. არვისი ბრძანა მეფემან არცა გაშვება მთრვალისა.

482. მე მუნა მყოფი მივეცი შვებასა მეტისმეტასა. არ შემომხედნის, შევხედნი, ცეცხლმან დამიწყის შრეტასა: კაცთა კრძალვასა ვაწვევდი გულსა შმაგსა და რეტასა. რა უამეა პირის-პირ საყვარელისა ჭვრეტასა!

483. დააგდეს მღერა მუტრიბთა, “სულეთო!” თავი ხარიან; მიბრძანეს: “შვილო ტარიელ, ვით გითხრათ, ვით გვიხარიან?! ნეტარძი გვაქვსო, მებრძოლნი მით ჩვენნი ვაგლახ არიან; მართალან შენნი მჭვრეტელნი, არ ცუდად იმკვეხარიან.

484. აწ თუცა გვმართებს შემოსა, ვის მორჭმით მოგივლენიან, არ შეგმოსთ, მაგა კაბათა არ აგხდით, ტურფად გშვენიან; აწ გქონდეს ასი საჭურჭლე, ვის შუქნი მოგიფენიან, თვით შეიკერე, რაცა გწადს, ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან”.

485. მომართვნეს ასნი კლიტენი ასთავე საჭურჭლეთანი; თაყვანისვეც და დავლოცენ დავლანი მათთა სვეთანი; მაკოცეს, ადგეს ორნივე, თვით იგი მზენი მზეთანი, რა გასცეს, ზომნი ვით გითხრნე ლაშქართა სისავსეთანი!

486. კვლაცა დაჯდა მხიარული, მოიმატა სმა და მღერა; კვლა გაგრძელდა ნადიმობა, ბარბითი და ჩანგთა ჟღერა. დედოფალნი წამოვიდა, შეეყარა მწუხრსა დღე რა, ძილპირამდის სიხარულსა სიხარული ჰგვანდა ვერა.