... (პარიზული ხელნაწერი 12), 1811 წ.

430. რომე ცუდად არ მოღორდე, ისი კაცნი გღალატობენ ერთგან შენთვის დამალულნი, სპანი ასჯერ ათასობენ კვლა სხვაგან გითქს სამი ბევრი, ასრე ფიცხლად მით გიხმობენ აწვე თავსა არ ეწევი, ფათერაკსა შეგასწრობენ

431. მეფე ცოტათ მოგეგებვის, ვის მჭვრეტნი ვერ გელევიან მალვით ჩაიცმენ აბჯარსა, მიენდო მით გეთნევიან კვამლსა შეიქმენ ლაშქარნი, ყოველგნით მოგეხვევიან რა ერთსა გცემდენ ათასნი, ეგრეცა მოგერევიან

432. მას კაცსა ამოდ ვეუბენ, და მადლსა გარდვიხდიდია რომე არ მოვკვდე შემოგზღო, შენ ამას ინატრიდია აწ ამხანაგთა არ გიგრძნან, წადი მათთანა მიდია თუ დაგივიწყო უთუოდ, მემცა ვარ განაკიდია

433. არვის გავენდევ სულდგმულსა, დავმალე ვითა ჭორია რაცა იქნების იქმნების, ყოვლი თათბირი სწორია მაგრა სპათაკენ გავგზავნე, კაცი თუ გზაცა შორია შევსთვალე ფიცხლად წამოდით, მოგრაგნეთ მთა და გორია

434. მე დილასა მოციქულთა, სიტყვა ტკბილი შევუთვალე რამაზს ჰკადრეთ მოგეგებვი, მოდი მოვალ მეცა მალე ნახევარ დღე სხვა ვიარე, ჭირსა თავი არ ვაკრძალე განგებაა დღესცა მომკლავს, ქვემცა სადა დავიმალე

435. ქედსა რასმე გარდავადეგ, მინდორს მტვერი დავინახე ვთქვი თუ მოვა რამაზ მეფე, ჩემთვის უდგამს თუცა მახე ჩემი გაჰკვეთს ჴორცსა მათსა, ჴმალი ბასრი შუბი ვახე მაშინ უთხარ სპათა ჩემთა, სახე დიდი დაუსახე

436. ვთქვი თუ ძმანო იგი კაცნი, ჩვენ ღალატსა გვიდგებიან მკლავთა თქვენთა სიმაგრენი, ამისთვისმცა რად დალბიან ვინცა მოკვდეს მეფეთათვის, სულნი მათნი ზეცას რბიან აწ შევებნეთ ხატაველთა, ჴრმალნი ცუდად რას გვაბიან

437. უბრძანე ჩაცმა აბჯრისა, ლაღმან სიტყვითა ხაფითა დავეკაზმენით საომრად, ჯაჭვჯავშანითა ქაფითა რაზმი დავაწყევ მივმართე, წაველ დიდითა სწრაფითა მას დღესა ჩემი მებრძოლი, ჩემმანვე ჴრმალმან დაფითა

438. მივეახლენით შეგვატყვეს, მათ ტანსა აბჯარცმულობა კაცი მოვიდა მომართვა, მეფისა მოციქულობა ეთქვა თუ ჟამად გვაჩნია, ჩვენ თქვენი არ ორგულობა აბჯრითა გხედავთ შეგქვნია, აწ ამად გულნაკლულობა

439. შევსთვალე თუ მეცა ვიცი, რაცა ჩემთვის გაგიგია თქვენ რასაცა სთათბირობდით, არ იქმნების არ იგია ბრძანეთ მოდით შემებენით, ვითა წესი და რიგია მეცა თქვენად დასახოცლად, ჴელი ჴრმალსა დამიგია

440. რა მივიდა მოციქული, კვლავცა რადღა გამოგზავნეს კვამლი შექნეს ლაშქართათვის, დამალული გაამჟღავნეს სამალავით გამოვიდეს, თავნი ორგნით აქარავნეს შექმნეს რაზმი მრავალკეცი, თუცა ღმერთო ვერა მავნეს

441. შუბი ვსთხოვენ ჴელი ჩავყავ, მუზარადის დასარქმელად საომარად ატეხილი, ვიყავ მათად გამტეხელად ერთსა წავსწვდი უტევანსა, წავგრძელდი და წაველ გრძელად მათ ურიცხვთა რაზმი ეწყო, წყნარად დგეს და აუშლელად

442. ახლოს მიველ შემომხედნეს, შმაგიაო ესე თქვესა მუნ მივმართე მკლავმაგარმან, სად უფროსი ჯარი დგესა კაცსა შუბი ვკარ ცხენი დავეც, მართ ორნივე მიჰხდეს მზესა შუბი გატყდა ჴელი ჩავჰყავ, ვაქებ ჴრმალო ვინცა გლესა

443. შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი კაცი კაცსა შემოვსტყორცე, ცხენკაცისა დავდგი გორი კაცი ჩემგან შენატყორცი, ბრუნავს ვითა ტანაჯორი ერთობ სრულად ამოვწყვიტე, წინა კერძი რაზმი ორი

444. ერთობილნი მომეხვივნეს, მგრგვლივ შეიქმნა ომი დიდი ვჰკრი რასაცა ვერ დამიდგნის, სისხლსა მჩქეფრსა ამოღვრიდი ცხენსა კაცი გაკვეთილი, მანდიკურად გარდავჰკიდი სითაც ვიყვი გამექციან, მათ შეჰქნია ჩემი რიდი

445. საღამო ჟამ დაიზახა, ქედით მათმან დარაჯამან ნუღარა სდგათ წაედითო, კვლავ მოგვხედნა რისხვით ცამან მოვა მტვერი საშინელი, შეგვაშინა ამად ამან ნუთუ სრულად ამოგვწყვიდნეს, უთვალავმან ბევრმან სპამან

446. ჩემნი ლაშქარნი რომელნი, წამომეტანნეს მე არა რა ეცნა წამოსულიყვნეს, ღამე წამორთვით ეარა ვერ დაიტევდა მინდორი, და არე მთათა ე არა გამოსჩნდეს სცემდეს ტაბლაკსა, ბუკმან ხმა გააზეარა

447. იგი ნახეს გასაქცევლად, გაემართნეს შევჰკივლენით ველნი ჩვენგან ნაომარნი, ომითავე გარდავლენით რამაზ მეფე ჩამოვაგდე, ერთმანერთსა გავეხრმლენით მისნი სპანი ყველაკანი, დავიპყრენით არ მოვჰკვლენით

448. უკანანიცა ლაშქარნი, მოესწრნეს მათ გაქცეულთა დაუწყეს პყრობა ჩამოყრა, შეშინებულთა ძლეულთა ძილისა მიხვდა ნაცვალი, ძილმკრთალთა ღამეთეულთა ტყვეთა მრთელთაცა არ აკლდა, კვნესა მართ ვითა სნეულთა

449. მას ადგილსა ნაომარსა, გარდავხედით მოსვენებად ხელსა ხრმლითა დავეკოდე, წყლულად მაჩნდა არ ნაღებად ჩემნი სპანი მოვიდიან,საჭვრეტლად და ჩემად ქებად ვერ იტყვიან ვერ მიმხვდარან, ქებასაცა მოხსენებად