... (პარიზული ხელნაწერი 12), 1811 წ.

450. ერთსა კაცსა ეყოფოდეს, დიდებანი რომე მჭირდეს ზოგთა შორით დამლოციან, ზოგნი კოცნად გამიპირდეს რომელთაცა გავეზარდე, დიდებულნი ამიტირდეს ჩემგან ჴრმლითა განაკვეთნი, ნახეს მეტად გაუკვირდეს

451. გავგზავნენ ყოვლგნით ლაშქარი, ალაფი ავაღებინე ერთობ სავსენი მოვიდეს, თავიცა ვაალაღებინე სისხლთა მებრძოლთა, სისხლითა მინდორი შევაღებინე არ ვბრძოლე კარი ქალაქთა, უომრად გავაღებინე

452. რამაზს ვარქვი შემიგნია, საქმე შენი სამუხთალე აწ ეგრეცა შეპყრობილმან, თავი გამოიმართალე სიმაგრეთა ნუ ამაგრებ, ყველა ხელთა მომათვალე თვარა შენი შეცოდება, მემცა ზედა რად წავსთვალე

453. რამაზ მითხრა აღარაა, ამის მეტი ჩემი ღონე ერთი ჩემი დიდებული, მომეც ზედა მაბატონე ციხოანთა გაუგზავნო, საუბარი გამიგონე ხელთა მოგცემ ყველაკასა, გაღანამცა შენ გაქონე

454. მივეც ერთი დიდებული, თანა სპანი წავატანენ ციხოვანნი ერთობილნი, ჩემს წინაშე მოვიყვანენ ხელთა მომცეს სიმაგრენი, ომნი ასრე შევანანენ საჭურჭლენი სიმრავლითა, რასმცა ვითა დავაგვანენ

455. მაშინღა შეველ ხატაეთს, მოვლად და მოსათვალავად კლიტენი საჭურჭლეთანი, მომართვეს დაუმალავად ქვეყანა ჩავსხი ვუბრძანე, იყვენით თქვენ უკრძალავად მზემან არ დაგვწნა იცოდით, დაგყარენ გაუგვალავად

456. საჭურჭლენი გარდავნახენ, თავის თავის კიდის კიდე უცხო ფერთა საჭურჭლეთა, დავშვრები თუ მოვსთვალვიდე ერთგან ვნახე საკვირველი, ყაბაჩა და ერთი რიდე თუმცა ნახენ სახელისა, ცოდნასაცა ინატრიდე

457. ვერა შევიგენ რა იყო, ანუ ნაქმარი რაულად ვისცა ვუჩვენი უკვირდის, ღმრთისაგან თქვის სასწაულად არცა ლარულად ჰგებოდა, მას ქსელი არ ორხაულად სიმტკიცე ჰგვანდა ნაჭედსა, ვთქვი ცეცხლთა შენართაულად

458. იგი საძღვნოდ მისად დავხსენ, ვისი შუქი მანათობდა მეფისათვის დავარჩივე, საარმაღნოდ რაცა სჯობდა ჯორაქლემი ათჯერ ასი, ყველაკაი წვივმაგრობდა ატვირთული გავუგზავნე, ამბავსაცა კარგსა ცნობდა

წიგნი ტარიელისი ჰინდოთ მეფის წინაშე ოდეს გაიმარჯვა ხატაველთა ზედა

459. წიგნი დავსწერე მეფეო, სვემცაა თქვენი სვიანად მე ხატაელთა მიმუხტლეს, თუცა მათ ეცა ზიანად ჩემი ამბავი დასტური, ამად გაცნობე გვიანად მეფე შევიპყარ მოგივალ, მე ალაფიანტყვიანად

460. რა ყველაი დავიურვე, ხატაეთით გავემგზავრე წამოვიხვენ საჭურჭლენი, სახელმწიფო დავიავრე ვერ მოვეყავ აქლემითა, აზავრები ვააზავრე მოვირჭვენ და მოვივლინე, რაცა მწადდა აგრე ვყავრე

461. ხატაეთისა ხელმწიფე, მომყვანდა შეპყრობილია ინდოეთს მიველ მეგება, ჩემი გამზრდელი ტკბილია რა ქება მითხრა არ ითქმის, ჩემგან სათქმელად წბილია ხელი გამიხსნა შემომკრა, მან სახვეველი ლბილია

462. დგანან ტურფანი კარავნი, მოედანს ჩამოდგომილსა საუბრისა და ჭვრეტისა, ჩემისა მას მონდომილსა მას დღესა ედვა ნადიმი, მას შიგან გარდახდომილსა მიალერსებდა მიჭვრეტდა, წინაშე ახლოს ჯდომილსა

463. მას ღამით ვსხედით ნადიმად, მუნ ამოდ გავიხარენით დილასა ქალაქს შევედით, მოედნით ავიყარენით მეფემან ბრძანა ლაშქარნი, უჴმენით შემოჯარენით დღეს ხატაელი მიჩვენეთ, ტყვენიცა შემომგვარენით

464. რამაზ მეფე შეპყრობილი, მას წინაშე მოვიყვანე ტკბილად ნახა ხელმწიფემან, ვითა შვილი სააკვანე ორგული და მოღალატე, ნამსახურსა დავაგვანე ესე არის მამაცისა, მეტისმეტი სიგულვანე

465. მას მეფესა ხატაელსა, უმასპინძლა უალერსა ჟამიერად უბრძანებდის, საუბარსა მათსა ფერსა ცისკრად მიხმეს მიბრძანებდეს, მე სიტყვასა ლმობიერსა შეუნდობო ხატაელსა, მას აქამდის შენამტერსა

466. მე ვჰკადრე ღმერთი ვინათგან, შეუნდობს შეცოდებულსა უყავით თქვენცა წყალობა, მას ღონეგაცუდებულსა რამაზს უბრძანებს იცოდი, გაგზავნით შეწყალებულსა მაგრა ნუ გნახავთ კვლაცაღა, ჩვენს წინა გაწბილებულსა

467. ხარაჯა დასდვეს შეჰკვეთეს, დრაჰკანი ასჯერ ასია კვლავ ხატაური მრავალი, სხვა სტავრა სხვა ატლასია მერმე ყველანი დამოსა, იგი და მისი ხასია შეწყალებული გაგზავნა, უყო რისხვისა ფასია

468. ხატაელმან დაუმადლა, დადრკა მდაბლად ეთაყვანა მოახსენა ორგულობა, თქვენი ღმერთმან შემანანა თუღა ოდეს შეღაგცოდო, მაშინ მომკალ მემცა განა წავიდა და ყველაკაი, მისი თანა წაიტანა