ვეფხისტყაოსანი, 1888 წ.

315. ,,საშობელი გაიყარა, ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა; მართ მაშინვე ჰგვანდა იგი მზისა შუქთა ნასამალსა; ვუყვარდით და სწორად ვუჩნდით მეფესა და დედოფალსა; აწ ვახსენებ, ვისგან ჩემი დაუდაგავს გული ალსა!,,

316. ყმა დაბნდა, რა სახელისა ხსენებასა მიეწურა; ავთანდილსცა აეტირა, მისმან ცეცხლმან გულსა ჰმურა; ქალმან სულად მოაქცია, მკერდსა წყალი მოაპკურა; სთქვა: ,,ისმენდი, მაგრა ჩემი სიკვდილისა დღე დასტურ ა.

317. ,,მას ქალსა ნესტან-დარეჯან იყო სახელად ხმობილი. შვიდისა წლისა შეიქმნა ქალი წყნარი და ცნობილი, მთვარისა მზგავსი, მზისაგან შვენებით ვერ შეფრობილი; მისსა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი, წდობილი!

318. ,,იგი ასრე მოიწიფა, მე შემეძლო შესლვა ომსა; მეფე ქალსა ვით ჰხედვიდა მეფობისა ქმნისა მწდომსა! მამასავე ხელთა მიმცეს; რა შევიქმენ ამა ზომსა, ვბურთობდი და ვნადირობდი, ვით კატასა ვხოცდი ლომსა.

319. ,,მეფემან სახლი ააგო, შიგან სამყოფი ქალისა; ქვად ფაზარი სხდა, დათლილი იაგუნდისა, ლალისა, კარზედა ბაღჩა, საბანლად სარაჯი ვარდის-წყალისა; იგი მუნ იყვის, მედების ვისგან სახმილი ალისა!

320. ,,დღე და ღამე მუჯამრითა ეკმეოდის ალვა თლილი; ზოგჯერ კოშკს სჯდის; ზოგჯერ ბაღჩას ჩამოვიდის, რა დგის ჩრდილი. დავარ იყო და მეფისა, ქვრივი, ქაჯეთს გათხოვილი, – მას სიბრძნისა სასწავლელად თვით მეფემან მისცა შვილი.

321. ,,სრა ედგა მოფარდაგული ოქსინოთა და შადითა; ვერვინ ვხედევდით, შეიქმნა პირითა მინა ვარდითა; ასმათ და ორნი მონანი ჰყვიან, იმღერდის ნარდითა; მუნ იზრდებოდის ტანითა, გაბაონს განაზარდითა.

322. ,,თხუთმეტისა წლისა ვიყავ, მეფე მზრდიდა ვითა შვილსა; დღისით ვიყვი მას წინაშე, გამიშვებდის არცა ძილსა; ძალად ლომსა, თვალად მზესა, ტანად ვგვანდი ედემს ზრდილსა, სროლასა და ასპარეზსა აქებდიან ჩემგან ქმნილსა.

323. ,,მოჰსრნის მხეცნი და ნადირნი ისარმან ჩემმან სრეულმან; მერმე ვიბურთი მოედანს, მინდორით შემოქცეულმან; შევიდი, შევქმნი ნადიმი, ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან; აწ საწუთროსა გამყარა პირმან ბროლ-ბადახშეულმან!

324. ,,მამა მომიკვდა, მოვიდა დღე სიკვდილისა მისისა; ქმნა გაუცუდდა ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა; მათ გაეხარნეს, ვის ზარი დაჰლევდის მისგან შიშისა; ერთგულთა შეჰქმნეს ვაება, მტერთა ხსენება იშისა.

325. ,,მე წელიწდამდის ბნელსა ვსჯე საწუთრო-გაცუდებული, დღისით და ღამით ვვაებდი, ვერვისგან სულ-დაღებული; გაყვანად ხასნი მოვიდეს, მითხრეს მეფისა მცნებული, ებრძანა: ,,შვილო ტარიელ, ნუ ხარ შავითა ღებული.

326. ,,ჩვენ უფრო გვტკივის იგი, ვინ დაგვაკლდა სწორად თავისა;,, ასი ებოძა საჭურჭლე, ებრძანა ახდა შავისა; ბოძება მისეულისა სრულისა საკარგავისა, – ,,შენ გქონდეს ამირბარობა, ქმნა მისვე საურავისა,,.

327. ,,ავენთი, დამწვეს მამისა სახმილთა დაუშრტობელთა; ,,უკუნით გამომიყვანეს ხასთა მათ წინამდგომელთა; გამოსლვისათვის ზეიმი შეჰქმნეს ინდოეთს მფლობელთა; შორს მომეგებნეს, მაკოცეს პატივით ვითა მშობელთა.

328. ,,მათ საჯდომთა ახლოს დამსვეს, პატივს-მცემდეს ძისა დარად. მის ხელისა საურავი მათ ორთავე მითხრეს წყნარად; ურჩ ვექმენ და მისეულთა წესთა ქცევა მიჩნდა ზარად; არ მომეშვნეს, დავმორჩილდი, თაყვანი-ვეც ამირბარად.

ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა პირველ რომ გაუმიჯნურდა

329. კვლავ დაიწყო თქმა ამბისა მან, რა ხანნი მოიტირა: ,,დღესა ერთსა მე და მეფე მოვიდოდით, გვენადირა; მიბრძანა, თუ: ,,ქალი ვნახოთ,,, ხელი ხელსა დამიჭირა;. მის ჟამისა მხსენებელი მე სულ-დგმული არ გიკვირა?!

330. ,,ბაღჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა; მფრინველთაგან ხმა ისმოდა უამესი სირინოსა; მრავლად იყო სარაჯები ვარდის წყლისა აბანოსა. კარსა ზედა მოჰფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა.

331. ,,მეფემან ახმა დურაჯთა, მითხრა მიტანად ქალისა; გამოვუხვენ და წავედით ჩემად სადებლად ალისა; მაშინ დავიწყე გარდახდა მე საწუთროსა ვალისა, – ალმასისა ჰხამს ლახვარი ლახვრად გულისა სალისა!

332. ,,ვიცოდი, სწადდა არვისგან ნახვა მის მზისა დარისა, – მე გარე ვდეგ და მეფემან შეჰვლო ფარდაგი კარისა; ვერას ვხედევდი, ოდენ ხმა მესმოდა საუბარისა; ასმათს უბრძანა გამოხმა დურაჯთა ამირბარისა.

333. ,,ასმათ ფარდაგსა აზიდნა, გარე ვდეგ მოფარდაგულსა; ქალსა შევხედე, ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა, მოვიდა, მივცნე დურაჯნი, მთხოვა ცეცხლითა დაგულსა, – ვამე, მას აქათ სახმილსა დავუწვავ ნიადაგულსა!