ვეფხისტყაოსანი, 1888 წ.

390. ,,ფიცხლა მოვიდეს, არ ექმნა მათ შინა ხან-დაზმულობა; აღლუმი ვნახე, მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა, სიჩაუქე და სიკეთე, კეკლუცად დარაზმულობა, ტაიჭთა მათთა სიმალე, აბჯართა ხვარაზმულობა.

391. ,,ავმართე დროშა მეფისა, ალმითა წითელ-შავითა, დილასა ვბრძანე გამართვა ლაშქრითა უთვალავითა, თავსა ვტიროდი, ვიტყოდი ბედითა მეტად ავითა: ,,მზე თუ არ ვნახო, არ ვიცი, ვიარო ვითა და ვითა,,.

392. ,,შინა მიველ, დაღრეჯილსა გულსა სევდა მიიეფდა, თვალთათ, ვითა საგუბარი, ცხელი ცრემლი გარდმომჩქებდა,- ,,ბედი ჩემი უბედური, – ვთქვი, თუ, – ჯერდცა ვერ გამეფდა! ხელმან ვარდი რად იხელთა, რადგან ასრე ვერ მოჰკრეფდა!

393. მონა შემოდგა, – მივეცი საქმესა გაკვირვებულსა – ასმათის წიგნი მომართვა მე, მეტად შეჭირვებულსა. ეწერა: ,,გიხმობს შენი მზე შენ, მისთვის მოსურვებულსა, მოდი, სჯობს მანდა ტირილსა, საქმესა ბედით ვებულსა,,.

394. ,,ვითა მმართებდა, ეგზომი რამც ვითა გავიხარეო! შეღამდა, წაველ, ბაღისა მე კარი შევიარეო; სად ასმათ პირველ მენახა, მუნვე ჩნდა მდგომიარეო, სიცილით მითხრა: ,,წამოვლე, მოგელის ლომსა მთვარეო,,.

395. ,,შემავლო სახლი, ნაგები კეკლუცად ბანის-ბანითა; გამოჩნდა მთვარე ნათლითა, გარე შუქ-მონავანითა; ფარდაგსა შიგან მჯდომარე შესამოსლითა მწვანითა, საკრძალავი და ღარიბი, უცხო პირად და ტანითა.

396. ,,შევე, წავდეგ ნოხთა პირსა, მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად, გულსა ბნელი განმინათლდა, ზედა ლხინი ადგა სვეტად; მას ბალიში შემოეგდო,– მზისა შუქსა სჯობდა მეტად. – ჩემგან პირსა იფარვიდა, აიხედის წამის ჭვრეტად.

397. ,,უბრძანა თუ: ,,მოახსენე, ასმათ, დაჯდეს, ამირბარსა!,, მან ბალიში დამართებით დადვა მას მზედ საქებარსა; დავჯე, მივცენ გულსა ლხინი, საწუთროსა დამგმობარსა, – მიკვირს, სულნი რადღა მიდგან, ვიტყვი მისგან ნაუბარსა!

398. ,,მიბრძანა: ,,ძოღან გეწყინა გაშვება უუბარისა, მზემან გაყრითა დაგაჭნე, ვითა ყვავილი ბარისა: დაგსჯიდა დენა ცრემლისა, ნარგისთათ ნაგუბარისა, მაგრა ჰხამს ჩემგან სირცხვილი და რიდი ამირბარისა.

399. ,,თუცა ჰმართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა, მაგრა მეტი უარეა არა-თქმა და ჭირთა მალვა,– ,,მე თუ ზეპირ მიცინია, ქვე-ქვე მისთქვამს იდუმალ ვა; ,,ძუღან ქალი გამოვგზავნე, ვქმენ მართლისა შემოთვალვა.

400. ,,ერთმანერთისა მას აქეთ, რაცა ორთავე ვიცითა, აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტკიცითა; ამას შევსჯერდი დიდითა ზენარითა და ფიცითა! გეცრუვო, ღმერთმან მიწა მქმნას, ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა!

401. ,,წა, შეები ხატაველთა, ილაშქრე და ინაპირე; ღმერთმან ჰქმნას და გაგიმარჯვდეს, მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე. მაგრა რა ვქმნა; კვლამცა ნახვა მომხვდებოდეს შენი ვირე? გული მომეც გაუყრელად, ჩემი შენთვის დაიჭირე,,.

402. ,,აწ რასაცა მე მაღირსებ, ხორციელი არა ღირსა; მოწყალება იჩქითია, ღმრთისა ამად არა მკვირსა; შენნი შუქნი შემომადგამ, ბნელსა გულსა ზედა მჭვირსა, შენი ვიყო, სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა,,.

403. ,,ზედან წიგნსა საფიცარსა შევფიცე და შემომფიცა, მისგან ჩემი სიყვარული ამით უფრო დაამტკიცა; ,,უშენოსა მოწონება ვისიცაო გულსა მიცა, ღმერთი მომკლავს, ამას იქით თავსა ვეტყვი, ამას ვსწვრთიცა,,.

404. ,,დავყავ ხანი მას წინაშე, სიტყვანიცა ტკბილნი ვსთქვენით, ვჭამეთ ამო ხილი რამე, ერთმანერთსა ვეუბენით, მერე ავდექ წამოსავლად ტირილით და ცრემლთა დენით, მისთა შუქთა შვენებანი ნათლად მადგეს გულსა ფენით.

405. ,,მეძნელებოდა სიშორე მისი ბროლ ბადახშ-მინისა. მე გამიახლდა სოფელი, მქონდა სიმრავლე ლხინისა, ჩემად ჩნდა იგი სინათლე ეთერით მზედ ნაჩინისა, აწ მიკვირს, მისა გამყრელი გული მიძს კლდისა ტინისა!,,

406. დილასა შევჯე, ვუბრძანე: ,,ჰკარით ბუკსა და ნობასა,,. სრულთა სპათასა ვერ გითხრობ არ შესასხდომლად მზობასა. ლომმან მივმართე ხატაეთს, ვერვინ მიზრახავს მხდლობასა, უგზოდა ვლიდეს ლაშქარნი, არ გაივლიდეს გზობასა.

407. ,,დავაგდე მზღვარი ინდოთა; მევლო პაშტაი ხანია, რამაზის კაცი მემთხვია, ვინ ხატაეთზედა ხანია, მან მითხრა მოციქულობა გულისა მოსაფხანია: ,,ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ, თქვენი ინდონთა თხანია,,.

408. ,,მე შემომძღვნეს რამაზისგან ძღვნად საჭურჭლე საშინელი; მითხრეს: ,,გკადრებს, – ნუ ამოგვწყვეტ, არის შენგან არ საქმნელი, ,,ზენაარი გამოგვიღე, მით გვაბია ყელსა წნელი, ,,მოურბევლად მოგახსენნეთ თავნი, შვილნი, საქონელი.

409. ,,რაცა შეგცოდეთ, შეგვინდე, თვით ჩვენვე შეგვინანია, თუ ღვთთა შეგვიწყალებდე, აქა ნუ მოვლენ სპანია; ქვეყანა ჩვენი არ ასწყდეს, რისხვით არ დაგვტყდეს ცანია; შენ მოგცეთ ციხე ქალაქი, მოგყვნენ ცოტანი ყმანია,,.