ვეფხისტყაოსანი, 1888 წ.

276. გამოეგება ტარიელ, ჰმართებს ორთავე მზე დარად, ანუ ცით მთვარე, უღრუბლოდ შუქთა მოჰფენდეს ქვე ბარად, რომე მათთანა ალვისა ხეცა ვარგიყოს ხედ არად, – ჰგვანდეს შვიდთავე მნათობთა, სხვადმცა რისად ვთქვა მე და რად!

277. მათ აკოცეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დაჰრიდეს, ვარდსა ჰხლეჩდეს, ბაგეთაგან კბილნი თეთრნი გამოსჭვირდეს; ყელი ყელსა გადააჭვდეს, ერთმანერთსა აუტირდეს, ქარვად შეჰქმნეს იაგუნდნი მათნი, თუმცა ლალად ღირდეს.

278. მობრუნდა ყმამან ავთანდილს ხელი შეუპყრა ხელითა; ერთგან დასხდეს და იტირეს დიდხან ცრემლითა ცხელითა; ასმათი სულსა უღებდა, სიტყვითა საკვირველითა: ,,თავთა ნუ დაჰხოცთ, ნუ ბნელ-იქმთ მზესა თქვენითა ბნელითა,,.

279. ტარიელის ვარდი იყო დათრთვილული, არ დაზრული; ყმასა უთხრა: ,,მესწრაფების, მითხარ შენი დაფარული, ვინ ხარ, ანუ სით მოსულხარ, სადაური, სით მოსრული? მე სიკვდილსა აღარ ვახსოვ, ვარ მისგანცა განწირული,,.

280. ავთანდილ გასცა პასუხი, სიტყვები ლამაზებია: ,,ლომო და გმირო ტარიელ, ვის თავი გინაზებია: მე ვარ არაბი, არაბეთს არს ჩემი დარბაზებია, მიჯნურობითა დამწვარვარ, ცეცხლი უშრეტი მგზებია.

281. ,,მე პატრონისა ჩემისა ასული შემყვარებია; თვით მეფედ მათად მას ჰხედვენ მონები მკლავ-მაგრებია. თუცა არ მიცნობ, გინახავ, თავი ვით გიაზრებია: გახსოვსცა, ოდეს დაჰხოცე მონები მკლავ-მაგრებია?

282. ,,შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი, ჩვენ ზედა გარდგეკიდენით, პატრონი ჩემი გაგიწყრა, ჩვენ ხაფად წაგეკიდენით: გიხმეთ, არ მოხველ, ლაშქარნი უკანა გამოგკიდენით, შენ ველნი წითლად შეჰღებენ სრულად სისხლისა მიდენით.

283. ,,ყველაკასა მათრახითა თავი უხრმლოდ გარდაჰკვეთეთ. მეფე შესჯდა, დაგვეკარგე, კვალი შენი ვერ მოვკვეთეთ; ვითა ქაჯი დაიმალე, მონებიცა დავაფეთეთ; ამან უფრო დაგვაშმაგა, თავი სრულად გავშეთეთ.

284. ,,ჭმუნვა შეექმნა, თქვენც იცით, ხელმწიფე ნებიერია. მოგნახეს, გძებნეს ყოველგან, მათ რუკა დაუწერია; ვერ ჰნახეს შენი მნახავი ვერცა ყმა, ვერცა ბერია; აწ გამომგზავნა, რომელსა ვერ მზე ჰგავს, ვერ ეთერია.

285. ,,მიბრძანა: ,,მიცან ამბავი მის ყმისა წარხდომილისა, მაშინ ვარ მქმნელი საქმისა, მის შენგან მონდომილისა,,. სამ-წლამდინ მითხრა დადენა უმისოდ ცრემლთა მილისა; არ გიკვირს, გავსძელ ვერ-ჭვრეტა მისისა მე ღიმილისა?

286. ,,აქანამდის მნახავიცა კაცი შენი არ მენახა; ქურდნი ვნახენ, რომე თქვენთვის სიტყვა რამე გაემკვახა; მათრახითა ჩამოგეგდო ერთი, მკვდართა დაგესახა; მათ მასწავლეს, ძმა რომელთა სულ-მობრძავი სამე გლახ-ა,,.

287. ტარიელსცა გაეხსენა ომი მათი მაშინდელი, იტყვის:,,მახსოვს ეგე საქმე, თუმცა არის ადრინდელი; ერთგან გნახენ ნადირობას შენ და შენი მე გამზრდელი; მით ვტიროდი, მომეგონა მე გლახ ჩემი წამწყმედელი.

288. ,,რას მაქნევდით, რა გინდოდა, ერთმანერთსა რითა ვგვანდით? თქვენ მორჭმულნი სთამაშობდით, ჩვენ მტირალნი ღაწვთა ვბანდით. რა მონანი მომწიენით, შესაპყრობლად გაჰგულვანდით, აწ ვეჭვ, რომე ჩემად ნაცვლად თანა მკვდართა მიიტანდით.

289. ,,მოვიხედე, მომეწია, რა პატრონი შენი ვნახე, ხელმწიფობით შემებრალნეს, ამად ხელი არ შევახე, თვალთა წინა გამოვექეც, მეტი არა შევუზრახე; ჩემი ცხენი უჩინოს ჰგავს, სხვასამცა რას დავასახე!

290. ,,კაცმან ვერ ასწრას თვალისა დაფახვა, დაწამწამება, მას გავექცევი ვისგანცა ჩემი არა ვცნა ამება; მათ თურქთა მიღმა გამეგო მე არას არ შეწამება, ავად ჰშვენოდა მორევნა და ჩემი დათამამება.

291. ,,აწ ვაშად მოხველ, მიამა ნახვა შენისა პირისა, ტანად სარო და პირად მზე, მამაცად მზგავსი გმირისა, მაგრა გარჯილხარ, არა ხარ გარდაუხდელი ჭირისა. ძნელია პოვნა კაცისა ღმრთივ ზეცით განაწირისა,,.

292. ავთანდილ უთხრა: ,,ვით მაქებ საქები ბრძენთა ენისა? მაგისად ნაცვლად რამც ვიყავ ღირსი ქებისა თქვენისა! სახე ხარ მზისა ერთისა, ზეცით მნათისა ზენისა, რადგან ვერ შეგცვლის პატიჟი ეგზომთა ცრემლთა დენისა.

293. ,,ამა დღემან დამავიწყა, გული ჩემი ვინ დაბინდა; დამიგდია სამსახური, იგი იქმნას, რაცა გინდა; იაგუნდი ეგრეცა ჯობს, ათასჯერმცა მინა მინდა, – შენ გეახლო სიკვდილამდის, ამის მეტი არა მინდა!,,

294. ტარიელ უთხრა: ,,მე შენი გული აწ მემხურვალების; მიკვირს, თუ ნაცვლად მაგისად შენ ჩემი რა გევალების! მაგრა წესია, მიჯნური მიჯნურსა შეებრალების; შენ საყვარელსა გაგყარო, ესე რად გენაცვალების!,,

295. ,,წამოსრულხარ ჩემად ძებნად, პატრონისა სამსახურად; ღმერთმან ჰქმნა და გიპოვნივარ: შენცა ცდილხარ მამაცურად; მაგრა ჩემი რა გიამბო, გამოვჭრილვარ ასრე თუ რად! მე თუ ვიტყვი, დამწვავს ცეცხლი ცხელი, შემიქს ალად, მურად,,.