ვეფხისტყაოსანი, 1888 წ.

372. ,,ასმათს მივართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა; მან მითხრა: ,,არა, არ მინდა, ვარ გამაძღარი ამითა,,. ერთი აიღო ბეჭედი, მართ აწონილი დრამითა, – ,,ესე კმა ნიშნად, სავსე ვარ სხვად ხელის შესაბამითა,,.

373. ,,ქალი ადგა, წამოვიდა; მე ლახვართა გულსა მრიდეს; ლხინმან ბნელი განმინათლა! დაშრტეს, რომე ცეცხლნი მწვიდეს; შეველლ, დავჯე ნადიმადვე ჩემნი სწორნი სადა ჰსმიდეს; მხიარულმან საბოძვარი გავეც, ზამი გაადიდეს,,.

წიგნი ტარიელისა ხატაველთა თანა მინაწერი და კაცის გაჰგზავნა

374. გავგზავნე კაცი ხატავეთს და წიგნი ჩემმაგიერი, მივსწერე: ,,მეფე ინდოთა არსმცა ღმრთულებრ ძლიერი; მათი ერთგული გაძღების ყოველი სული მშიერი; ვინცა ურჩ-ექმნას, იქმნების თავისა არ მადლიერი.

375. ,,ჩვენო ძმაო და პატრონო, თქვენგან არ გავიმწარებით; ესე რა ჰნახოთ ბრძანება, აქამცა მოიარებით; თქვენ თუ არ მოხვალთ, ჩვენ მოვალთ, ზედა არ მოგეპარებით. სჯობს, რომე გვნახნე, თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით,,.

376. ,,კაცი გავგზავნენ, მე გულსა მომეცა უფრო ლხინები; დარბაზს ვიშვებდი, დამევსო ცეცხლი წვად მოუთმინები; მაშინ სოფელმან საწუთრომ მიუხვის, რაცა ვინები; აწ ხელ-მქმნა, რომე საახლოდ მხეცთაცა მოვეწყინები.

377. ,,პირველ გაჭრისა პირება, მერმე დაწყნარდეს ცნობანი, – ჩემთა სწორთაგან იყვნიან ჩემს წინა ნადიმობანი; მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი; ზოგჯერ შემცვიან სევდათა, ვთქვი საწუთროსა გმობანი!

378. დღესა ერთსა საწოლს მოველ მეფისა სრით წამოსრული, ვჯე და მასვე ვიგონებდი, არ მიეცა თვალთა რული, წიგნი მქონდა საიმედო, ამად ვიყავ მხიარული; კარსა მცველმან მონა უხმო, უთხრა რამე დაფარული.

379. ,,მონააო ასმათისი,,, საწოლს ვუთხარ შემოყვანა; მოეწერა: ,,გიბრძანებსო,,, ვისი მესვა გულსა დანა; ლხინმან ბნელი განმინათლა, ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა; წაველ, მონა წავიტანე, რამცა ვუთხარ ამისთანა!

380. ,,ბაღჩა შევვლე, არა დამხვდა კაცი ჩემი მოუბარი; ქალი წინა მომეგება მხიარული, მოცინარი; მითხრა: ,,ვაშად ამოგიღე, არ გასვია გულსა ნარი, მოდი, ჰნახე ვარდი შენი უფრჭვნელი და დაუმჭნარი.

381. ,,ამიგდო ქალმან ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა, სადა დგა კუბო შემკული ბადახშითა და ლალითა; შიგან სჯდა იგი პირითა მზისაებრ ელვა-მკრთალითა, მე შემომხედის ლამაზად მის მელნის ტბისა თვალითა.

382. ,,დიდ-ხან ვდეგ და არა მითხრა სიტყვა მისა მონასურსა, ოდენ ტკბილად შემომხედის ვითამცა რა შინაურსა; ასმათ უხმო, მოიუბნეს; ქალი მოდგა, მითხრა ყურსა; ,,აწ წადიო, ვერას გითხრობს,,, მე კვლავ მიმცა ალმან მურსა.

383. ,,ასმათ გამომყვა, წამოველ, ფარდაგი გამოვიარე, ვთქვი: ,,საწუთროო, ვის წეღან გული დარმანთა მიარე, მაშინ მოგეცა იმედი, ლხინი რად გამიზიარე?,, გულმან გაყრისა სიძნელე კვლავ უფრო დამიტიარე!

384. ,,ასმათ ლხინსა მიქადებდა, ჩავიარე შიგან ბაღი; მითხრა: ,,ეგრე წასვლისათვის ნუ გაჩნია გულსა დაღი, ,,სიმძიმილთა ერდო დაჰხშე, სიხარულის კარი აღი; ,,სირცხვილი აქვს საუბრისა, მერმე თავსა ჰკრძალავს ლაღი.,,

385. ,,მე ვუთხარ: ,,დაო, შენგან ვეჭვ ამა გულისა წამალსა; ზენაარ, სულთა ნუ გამყრი, ამბითა მშრეტდი ამ ალსა; ჩემთანა წიგნსა ნუ გასწყვედ შენ ზედა-ზედა მავალსა; ,,თუ რას სცნობ ჩემთვის, არა ვეჭვ, მე შენგან, არ დანამალსა,,.

386. ,,შევჯე, წამოველ, მდიოდა ნაკადი ცრემლთა მილისა; საწოლს შემოველ, ხელ-ქმნილსა ღონე არ მქონდა ძილისა, ბროლი და ლალი შევიქმენ მე ულურჯესი ლილისა, ღამე მერჩია, მეწადა არ გათენება დილისა.

387. ხატავეთს მყოფნი მოვიდეს,– მათგან მოსლვისა დრონია;– სიტყვანი შემოეთვალნეს ლაღნი და უკადრონია: ,,არცა თუ ჩვენ ვართ ჯაბანნი, არც ციხეუმაგრონია, ვინ არის თქვენი ხელმწიფე, ჩვენზედა რა პატრონია!,,

წიგნი ხატაველთა მეფისა ტარიელის წინაშე მოწერილი პასუხად

388. ,,მოეწერა: ,,რამაზ მეფე წიგნსა გიწერ ტარიელსა; გამიკვირდა, რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა: რაგვარა თუ მანდა გეხმე, ვინ ვპატრონობ ბევრსა ერსა! ამის მეტსა ნუმცა ვნახავ კვლავღა წიგნსა შენ მიერსა!,,.

389. ,,ვუბრძანე წვევა ლაშქართა, გავგზავნე მარზაპანია; იგი ვარსკვლავთა ურიცხვი მოკრბეს ინდოთა სპანია, შორით და ახლოთ ყველაი მართ ჩემკენ მონასხპანია, ერთობ ლაშქრითა აივსო მინდორი, კლდე, კაპანია.