ვეფხისტყაოსანი, 1888 წ.

196. ავთანდილ მიდგა, ეუბნა მათ კაცთა გულმდუღარეთა; მათ უთხრეს მათი ამბავი ტირილით მოუბარეთა: ,,ჩვენ ვართო ძმანი სამნივე, მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა, დია გვაქვს ციხექალაქი ხატავეთს არე მარეთა.

197. ,,კარგი გვესმა სანადირო, ნადირობას წამოვედით; გვყვეს ლაშქარნი უთვალავნი, წყლისა პირსა გარდავხედით; სანადირო მოგვეწონა, თვესა ერთსა არ წავედით, ვხოცეთ მხეცი უსაზომო მინდორით და მთით და ქედით.

198. ,,ჩვენ სამთა ძმათა ჩვენთანა მესროლნი დავაწბილენით; მით ერთმანერთსა სამნივე ჩვენ კიდე დავეცილენით; ,,მე უკეთ მოვკლავ, მე გჯობო,,, სიტყვანი ვავაქილენით; ვერ გავაჩინეთ მართალი, ვისარჩლეთ, ვითაკილენით.

199. ,,დღეს ავყარენით ლაშქარნი, სავსენი ირმის ტყავითა, ვთქვით: ,,გავაჩინოთ მართალი, ვინ ვჯობთ თავისა მკლავითა, თავსა ვეხალნეთ მარტონი, დავდგეთ თავისა თავითა, თვით დანახულსა მოვკლვიდეთ, ნუ ვესრვით დამნახავითა

200. ,,ჩვენ ვიახლენით სამთავე სამნივე მეაბჯრენია, ლაშქართა წასლვა ვუბრძანეთ, – მით არას მოაზრენია, – მოვინადირეთ მინდორი, ისი ტყენი და ღრენია, დავხოცეთ მხეცი, მფრინველი, რაცა ზე გარდაგვფრენია.

201. ,,ანაზდად მოყმე გამოჩნდა კუშტი, პირ-გამქუშავია; ზედა სჯდა შავსა ტაიჭსა, მერანი რამე შავია; თავსა და ტანსა ემოსა გარე თმა ვეფხვის ტყავია, – ჯერ მისი მზგავსი შვენება კაცთაგან უჰნახავია.

202. ,,ვუჭვრიტეთ, მისთა ელვათა შუქნი ძლივ გავიცადენით; ვთქვით თუ: ,,მზეაო ქვეყნად, ნუ ვეუბნებით ცად ენით!,, მისი მოგვინდა შეპყრობა, ვკადრეთ და შევეცადენით, ასრე სულთქმით და ვაებით მით ვართ, ცრემლისა დადენით.

203. ,,მე უხუცესმან უმცროსთა კაცი დავსთხოვე ქე ნებით; ჩემმან შემდეგმან ტაიჭი მისი მით აქო ხსენებით; ამან მართ ოდენ მორევნა გვითხრა, ვუვალეთ ჩვენებით, მივმართეთ, იგი აგრევე წყნარად მივა და შვენებით.

204. ,,ბროლმან, ლალსა გარეულმან, ვარდნი თხელნი ანატიფნა; იგი ტკბილნი გონებანი ჩვენთვის მეტად გაამყიფნა; არ აგვიხვნა, არცა დაგვსხნა, ყოლე არად ამოგვკრიფნა, მისნი მკვახედ მოუბარნი მათრახითა შეგვამწიფნა!

205. ,,უმცროსა ძმასა მივეცით, უფროსა დავეზიდენით; ხელი მოჰკიდა, ,,დადეგო!,, ესეცა ჰკადრა კიდ ენით; მან ხრმალსა ხელი არ მიჰყო, ჩვენ ამად დავერიდენით, თავსა გარდაჰკრა მათრახი, ვნახეთ სისხლისა კი დენით.

206. ,,მით ერთითა მათრახითა თავი ასრე გარდაჰფრიწა, ვითა მკვდარი უსულო ჰქმნა, ვითა მიწა დაამიწა, მისი რასმე მკადრებელი მოამდაბლა, მოამიწა, თვალთა წინა წაგვივიდა ლაღი, კუშტი, ამაყიწა.

207. ,,აღარ დაბრუნდა, წავიდა წყნარად და აუჩქარებლად; აგერა მივა, ნახეო, იგი მზეებრ და მთვარებლად,,; შორს უჩვენებდეს ავთანდილს მტირალნი გაუხარებლად, ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი მისი მის მზისა მარებლად.

208. აჰა მიჰხვდა ავთანდილსა ღაწვთა ცრემლით არ დათოვნა, რადგან ცუდად არ წაუხდა მას ეზომი გარედ ყოვნა; კაცსა მიჰხვდეს საწადელი, რას ეძებდეს, უნდა პოვნა, – მაშინ მისგან აღარა ჰხამს გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა.

209. უთხრა თუ:,,ძმანო, ვარ ვინმე ღარიბი უადგილოსა, მე იმა ყმისა საძებრად მოვშორდი საგაზრდილოსა; აწ თქვენგან მივხვდი საქმესა ყოლა არ საადვილოსა, ღმერთიმცა ნურას ნუღარ იქმს თქვენსა დასაღრეჯილოსა!

210. ,,ვითა მე მივხვდი წადილსა, ჩემის გულისა ნებასა, აგრემცა ღმერთი ნურას იქმს ძმისა თქვენისა ვნებასა!,, უჩვენა მისი სადგომი: ,,მიდითო ნება ნებასა, ჩრდილსა გარდაჰსვით, მაშვრალნი მიეცით მოსვენებასა,,.

211. ესე უთხრა და წავიდა, ცხენი გაჰქუსლა დეზითა, ვითა გავაზი გაფრინდა, არ გაშვებული ხეზითა, ან მთვარე, მზისა შემყრელი, მზე სინათლითა ზეზითა; დაივსო ცეცხლი შემწველი მისითა მან მიზეზითა.

212. მიეწურა, იგონებდა, ახლოს შეყრა ვითა აგოს: საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს! ჰხამს, თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს, არ სიწყნარე გონებისა მოიძულოს, მოიძაგოს.

213. ,,რადგან ისი არის სადმე უცნობოდ და ისრე რეტად, რომე კაცსა არ მიუშვებს საუბრად და მისად ჭვრეტად, – მივეწევი, შევიყრებით ერთმანერთის ცემა-ჟლეტად, ანუ მომკლავს, ანუ მოვკლავ, დაიმალვის მეტის-მეტად.

214. ავთანდილ იტყვის:ეზომი ჭირნიმცა რად ვაცუდენი, ,,რაცაღა არის, არა არს, თუცა არ ედგნეს ბუდენი; სადაცა მივა, მივიდეს, რაზომც მოვლიდეს ზღუდენი, მუნითგან ვძებნნე ღონენი ჩემნი არ დასამრუდენი,,.

215. წინა-უკანა იარეს ორნი დღენი და ღამენი, დღისით და ღამით მაშვრალნი, არ შეჭამადთა მჭამენი; არსადა ხანი არ დაჰყვეს, ერთნი თვალისა წამენი, მათ თვალთა ცრემლნი სდიოდეს, მინდორთა მოსალამენი.