ვეფხისტყაოსანი, 1888 წ.

296. ამას დაყმუნდა ტარიელ დამწვარი, დაალებული; ასმათს უბრძანა: ,,მას აქათ შენ ხარ ჩემთანა ხლებული; რად არა იცი, უწამლო არს ლები ესე ლებული! კვლავ ესე ყმა მწვავს მტირალი, ცრემლითა დავალებული.

297. ყმასა უთხრა: ,,ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს, ჰხამსო თუ, მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დაჰრიდოს: ღმერთმან ერთი რად აცხოვნოს, თუ მეორე არ წაწყმიდოს? შენ ისმენდი, მე გიამბობ, რაცა გინდა წამეკიდოს.,,

298. ასმათს უთხრა: ,,მოდი, მოჯე, თანა წყალი მომიტანე, დაბნედილსა მაპკურებდი, გული მითა გარდამბანე; მკვდარი მნახო, დამიტირე, სულ-თქმა გაათანისთანე, მე სამარე გამითხარე, აქა მიწა მიაკვანე,,.

299. ღილ-ჩახსნილი საამბობლად დასჯდა, მხარნი ამოჰყარნა; ვითა მზე სჯდა მოღრუბლებით, დიდ-ხან შუქნი არ დაჰყარნა; ვერ გაახვნა სასაუბროდ მან ბაგენი, გაამყარნა, მერმე სულ-ჰთქნა, დაიზახნა, ცრემლნი ცხელნი გარდმოჰყარნა.

300. მოსთქვამს: ,,ჰაი, საყვარელო, ჩემო, ჩემთვის დაკარგულო, იმედო და სოცოცხლეო, გონებაო, სულო, გულო, ვინ მოგკვეთა, არა ვიცი, ხეო, ედემს დანერგულო! ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა, გულო, ასჯერ დადაგულო!,,

ტარიელისაგან თავის ამბის მბობა ოდეს ავთანდილს უამბო პირველი

301. ისმენდი, მიეც გონება ჩემთა ამბავთა სმენასა, საუბართა და საქმეთა, ვითა ძლივ ვათქმევ ენასა; იგი, ვინ ხელ-მქმნა, მოველი მისგან აროდეს ლხენასა, ვისგან შევუცავ სევდათა, სისხლისა ღვართა დენასა.

302. ,,ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი: ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა, თვით იყო მპყრობელი, უხვი, მდიდარი, უკადრი, მეფეთა ზედა მფლობელი, ტანად ლომი და პირად მზე, ომად მძლე, რაზმთა მწყობელი

303. ,,მამა ჩემი სჯდა მეშვიდე, მეფე მებრძოლთა მზარავი, სარიდან ერქვა სახელად, მტერთა სრვად დაუფარავი; ვერვინ ჰკადრებდის წყენასა, ვერ ცხადი, ვერცა მპარავი; ნადირობდის და იშვებდის საწუთრო-გაუმწარავი.

304. ,,ხალვა მოსძულდა, შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები. სთქვა: ,,წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები, ყოვლგნით გამისხმან, მორჭმით ვზი, მაქვს ზეიმი და ზარები; ჰბრძანა: ,,წავალ და მეფესა ფარსადანს შეველწყნარები.

305. ,,ფარსადანს წინა დაასკვნა გაგზავნა მოციქულისა. შესთვალა: ,,შენ გაქვს მეფობა ინდოეთისა სრულისა, აწ მე მწადს, თქვენსა წინაშე მეცა ვცნა ძალი გულისა; სახელი დარჩეს ჩემისა ერთგულად სამსახურისა,,.

306. ,,ფარსადან შეჰქმნა ზეიმი ამა ამბისა მცნობელმან, შესთვალა: ,,ღმერთსა მადლობა შევწირე ხმელთა მფლობელმან, რადგან ეგე ჰქმენ მეფემან, ჩემებრ ინდოეთს მჯდომელმან აწ მოდი, ასრე პატივ გცე, ვითა ძმამან და მშობელმან,,.

307. ,,ერთი სამეფო, საკარგყმო, უბოძა ამირბარობა, – თვით ამირბარსა ინდოეთს აქვს ამირსპასალარობა; – მეფე რა დასჯდა, არა სჭირს ხელისა მიუმცდარობა, სხვათ პატრონია, მართ ოდენ არა აქვს კეისარობა.

308. ,,თვით მეფემან მამა-ჩემი დაიჭირა სწორად თავსა; სთქვა: ,,ჩემებრი ამირბარი, ნაძლევი ვარ, ვისცა ჰყავსა!,, ლაშქრობდის და ნადირობდის, აძლევდიან მტერნი ზავსა. მას არა ვგავ ასრე, ვითა მე სხვა კაცი არა მგავსა.

309. ,,ძე არა ესვა მეფესა და დედოფალსა მზისა დარსა, ჭმუნვა ჰქონდა, ჟამი იყო, მით აეხვნეს სპანი ზარსა; ვაი, კრულია დღემცა იგი, მე მივეცი ამირბარსა! მეფემან სთქვა: ,,შვილად გავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა,,.

310. ,,მეფემან და დედოფალმან მიმიყვანეს შვილად მათად, საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა ლაშქართა და ქვეყანათად, ბრძენთა მიმცეს სასწავლელად ხელმწიფეთა ქცევა-ქმნათად; მოვიწიფე, დავემზგავსე მზესა თვალად, ლომსა ნაკვთად.

311. ,,ასმათ, მითხრობდი, რაცა სცნა ჩემგან ამბობა ცილისა; ხუთისა წლისა შევიქმენ, მზგავსი ვარდისა შლილისა; ჭირად არ მიჩნდის ლომისა მოკვლა, მართ ვითა სირისა; არა ჰგაოდის ფარსადანს მისი არა ხმა შვილისა.

312. ,,ასმათ, შენცა ხარ მოწამე ჩემისა ფერ-მიხდილისა, – მზესა მე ვსჯობდი შვენებით, ვით ბინდსა ჟამი დილისა; იტყოდეს ჩემი მნახავნი: ,,მზგავსია ედემს ზრდილისა,,. აწ მაშინდლისა ჩემისა სახე ვარ ოდენ ჩრდილისა.

313. ,,მე ხუთისა წლისა ვიყავ, დაორსულდა დედოფალი,,. ესე რა სთქვა, ყმამან სულ-ჰთქმნა, ცრემლით ჰბრძანა: ,,ჰშობა ქალი,,. დაბნედასა მიეწურა, ასმათ ასხა გულსა წყალი: სთქვა: ,, მაშინვე მზესა ჰგვანდა, აწ მედების ვისგან ალი!

314. ,,ქება არ ითქმის ენითა, აწ ჩემგან ნაუბარითა. ფარსადან დასჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა; ყოვლგნით მოვიდეს მეფენი ნიჭითა მრავალ-გვარითა; საჭურჭლე გასცეს; აივსნეს ლაშქარნი საბოძვარითა.