... (Q-1541), 1712 წ.

292. მოვიხედენ მომეწია, რა პატრონი შენი ვნახე჻ ხელმწიფობით შემებრალნეს, ამად ხელი არ შევახე჻ თვალთა წინა გამოვექეც, მეტი არა შევუზრახე჻ ჩემი ცხენი უჩინოსა ჰგავს, სხვასამცა რას ვასახე჻

293. კაცმან ვერ ასწრას თვალისა, დაფახვა დაწამწამება჻ მას გავექცევი ვისგანცა, ჩემი არა ვცნა ამება჻ მათ თურქთა მიღმა გამეგო, მე არას არ შეწამება჻ ავად შვენოდა მორევნა, და ჩემი დათამამება჻

294. აწ ვაშად მოხვე მეამა, ნახვა შენისა პირისა჻ ტანად სარო და პირად მზე, მამაცად მსგავსი გმირისა჻ მაგრა გარჯილხარ არა ხარ, გარდაუხდელი ჭირისა჻ ძნელია პოვნა კაცისა, ღმრთივ ზეცით განაწირისა჻

295. ავთანდილ უთხრა ვით მაქებ, საქები ბრძენთა ენისა჻ მაგისად ნაცვლად რამც გიყავ, ღირსი ქებისა თქვენისა჻ სახე ხარ მზისა ერთისა, ზეცით მნათისა ზენისა჻ რათგან ვერ შეგცვლის პატიჟი, ეგზომთა ცრემლთა დენისა჻

296. ამა დღემან დამავიწყა, გული ჩემი ვინ დაბინდა჻ დამიგდია სამსახური, იგი იქმნას რაცა გინდა჻ იაგუნდი ეგრეცა სჯობს, ათასჯერმცა მინა მინდა჻ შენ გეახლო სიკვდილამდის, ამის მეტი არა მინდა჻

297. ტარიელ უთხრა მე შენი, გული აწ მემხურვალების჻ მიკვირს თუ ნაცვლად მაგისად, შენ ჩემი რა გევალების჻ მაგრა წესია მიჯნური, მიჯნურსა შეებრალების჻ შენ საყვარელსა გაგყარო, ესე რათ გენაცვალების჻

298. წამოსრულხარ ჩემად ძებნად, პატრონისა სამსახურად჻ ღმერთმან ქმნა და გიპოვნივარ, შენცა ცდილხარ მამაცურად჻ მაგრა ჩემსა რა გიამბობს, გამოჭრილვარ ასრე თუ რად჻ მე თუ ვიტყვი დამწვავს ცეცხლი, ცხელი შემიქმს ალად მურად჻

299. ასმათ უთხრა ლომო ცრემლით, მაგა ცეცხლსა რა ერგების჻ მე ვითა ვთქვა წვევა თქმისა, რათგან ეგრე არ ეგების჻ ვხედავ ესე ხელი ვინმე, მოყმე შენთვის წაეგების჻ ცნას მიზეზი შენთა წყლულთა, ქმნას რა ღონე დაედების჻

300. მეხვეწებოდა ლამოდა, ჩემგან რასამე სმენასა჻ ნუ უყოს ღმერთმა გაძლება, მემცა ვით მივეც ენასა჻ თუ რას სცნობს ვეჭობ ამისგან, თქვენსა რასამე ლხენასა჻ არს უკეთესი რაცაღა, სწადს განგებასა ზენასა჻

301. ამას დაყმუნდა ტარიელ, დამწვარი დაავლებული჻ ასმათს უბრძანა მას აქათ, შენ ხარ ჩემთანა ხლებული჻ რად არა იცი უწამლო, არს ლები ესე ლებული჻ კვლა ესე ყმა მწვავს მტირალი, ცრემლითა დავალებული჻

302. ყმასა უთხრა ვინცა კაცმან, ძმა იძმოს თუ დაცა იდოს჻ ხამს თუ მისთვის სიკვდილსა, და ჭირსა თავი არ დარიდოს჻ ღმერთმან ერთი ვით აცხოვნოს, თუ მეორე არ წაწყმიდოს჻ შენ ისმენდი მე გიამბობ, რაცა გინდა წამეკიდოს჻

303. ასმათს უთხრა მოდი მოჯე, თანა წყალი მომიტანე჻ დაბნედილსა მაპკურებდი, გული მითა გარდამბანე჻ მკვდარი მნახო დამიტირე, სულთქმა გაათანისთანე჻ მე სამარე გამითხარე, აქა მიწა მიაკვანე჻

304. ღილჩახსნილი საამბობლად, დაჯდა მხარნი ამოყარნა჻ ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით, დიდხან შუქნი არ ადარნა჻ ვერ გაახვნა სასაუბროდ, მან ბაგენი გაამყარნა჻ მერმე სულთქნა დაიზახნა, ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა჻

305. მოთქვამს ჰაი საყვარელო, ჩემო ჩემთვის დაკარგულო჻ იმედო და სოცოცხლეო, გონებაო სულო გულო჻ ვინ მოგკვეთა არა ვიცი, ხეო ედემს დანერგულო჻ ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა, გულო ასჯერ დადაგულო჻

ტარიელისაგან თავის ამბის მბობა ოდეს ავთანდილს უამბო ჻

306. ისმენდი მოეც გონება, ჩემთა ამბავთა სმენასა჻ საუბართა და საქმეთა, ვითა ძლივ ვათქმევ ენასა჻ იგი ვინ ხელმქმნა მოველი, მისგან აროდეს ლხენასა჻ ვისგან შევუცავ სევდათა, სისხლისა ღვართა დენასა჻

307. ინდოეთს შვიდთა მეფეთა, ყოვლი კაცი ხართ მცნობელი჻ ექვსი სამეფო ფარსადანს, ჰქონდა თვით იყო მპყრობელი჻ უხვი მდიდარი უკადრი, მეფეთა ზედა მფლობელი჻ ტანად ლომი და პირად მზე, ომად მძლე რაზმთა მწყობელი჻

308. მამაჩემი ჯდა მეშვიდე, მეფე მებრძოლთა მზარავი჻ სარიდან ერქვა სახელად, მტერთა სრვად დაუფარავი჻ ვერვინ ჰკადრებდის წყენასა, ვერ ცხადი ვერცა მპარავი჻ ნადირობდის და იშვებდის, საწუთროგაუმწარავი჻

309. ხალვა მოსძულდა შეექმნა, გულს კაეშანთა ჯარები჻ თქვა წამიღია მტერთაგან, ძლევით ნაპირთა არები჻ ყოვლგნით გამისხმან მორჭმით ვზი, მაქვს ზეიმი და ზარები჻ ბრძანა წავალ და მეფესა, ფარსადანს შევეწყნარები჻

310. ფარსადანს წინა დაასკვნა, გაგზავნა მოციქულისა჻ შესთვალა შენ გაქვს მეფობა, ინდოეთისა სრულისა჻ აწ მე მწადს თქვენსა წინაშე, მეცა ვცნა ძალი გულისა჻ სახელი დარჩეს ჩემისა, ერთგულად ნამსახურისა჻