... (Q-1541), 1712 წ.

386. მონააო ასმათისი საწოლს, ვუთხარ შემოყვანა჻ მოეწერა გიბრძანებსო, ვისი მესვა გულსა დანა჻ ლხინმან ბნელი განმინათლა, ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა჻ წავე მონა წავიტანე, რამცა ვუთხარ ამისთანა჻

387. ბაღჩა შევვლე არა დამხვდა, კაცი ჩემი მოუბნარი჻ ქალი წინა მომეგება, მხიარული მოცინარი჻ მითხრა ვაშად ამოგიღე, არ გასვია გულსა ნარი჻ მოდი ნახე ვარდი შენი, უფრჭვნელი და დაუმჭნარი჻

388. ამიგდო ქალმან ფარდაგი, მძიმე თავისა ძალითა჻ სადა დგა კუბო შემკული, ბალახშითა და ლალითა჻ შიგან ჯდა იგი პირითა, მზისაებრ ელვამკრთალითა჻ მე შემომხედნის ლამაზად, მის მელნის ტბისა თვალითა჻

389. დიდხან ვდეგ და არა მითხრა, სიტყვა მისსა მონასურსა჻ ოდენ ტკბილად შემომხედის, ვითამცა რა შინაურსა჻ ასმათ უხმო მოიუბნეს, ქალი მოდგა მითხრა ყურსა჻ აწ წადიო ვერას გითხრობს, მე კვლა მიმცა ალმან მურსა჻

390. ასმათ გამომყვა წამოვე, ფარდაგი გამოვიარე჻ ვთქვი საწუთროო ვის წეღან, გული დარმანთა მიარე჻ მაშინ მოგეცა იმედი, ლხინი რად გამიზიარე჻ გულმან გაყრისა სიძნელე, კვლა უფრო დამიტიარე჻

391. ასმათ ლხინსა მიქადებდა, ჩავიარეთ შიგან ბაღი჻ მითხრა ეგრე წასვლისათვის, ნუ გაჩნია გულსა დაღი჻ სიმძიმილთა ერდო დახაშ, სიხარულის კარი აღი჻ სირცხვილი აქვს საუბრისა, მერმე თავსა ჰკრძალავს ლაღი჻

392. მე ვუთხარ დაო შენგან ვეჭვ, ამა გულისა წამალსა჻ ზენაარ სულთა ნუ გამყრი, ამბითა შრეტდი ამ ალსა჻ ჩემთანა წიგნსა ნუ გასწყვედ, შენ ზედაზედა მავალსა჻ თუ რას სცნობ ჩემთვის არა ვეჭვ, მე შენგან არ დანამალსა჻

393. შევჯე წამოვე მდიოდა, ნაკადი ცრემლთა მილისა჻ საწოლს შემოვე ხელქმნილსა, ღონე არ მქონდა ძილისა჻ ბროლი და ლალი შევიქმენ, მე ულურჯესი ლილისა჻ ღამე მერჩია მეწადა, არ გათენება დილისა჻

წიგნი ხატაელთა მეფისა ტარიელის წინაშე მოწერილი ჻

394. ხატაეთს მყოფნი მოვიდეს, მათგან მოსლვისა დრონია჻ სიტყვანი შემოეთვალნეს, ლაღნი და უკადრონია჻ არც რამე ჩვენ ვართ ჯაბანნი, არც ციხეუმაგრონია჻ ვინ არის თქვენი ხელმწიფე, ჩვენზედა რა პატრონია჻

395. მოეწერა რამაზ მეფე, წიგნსა გიწერ ტარიერსა჻ გამიკვირდა რა ეწერა, წიგნსა შენგან მონაწერსა჻ რაგვარა თუ მანდა გეხმე, ვინ ვჰპატრონობ ბევრსა ერსა჻ ამის მეტსა ნუმცა ვნახავ, კვლაღა წიგნსა შენმიერსა჻

396. ვუბრძანე წვევა ლაშქართა, გავგზავნე მარზაპანია჻ იგი ვარსკვლავთა ურიცხვი, მოკრბეს ინდოთა სპანია჻ შორით და ახლოთ ყველაი, მართ ჩემკე მონასხპანია჻ ერთობ ლაშქრითა აივსო, მინდორი კლდე კაპანია჻

397. ფიცხლა მოვიდეს არ ექმნა, მათ შინა ხანდაზმულობა჻ აღლუმი ვნახე მეკეთა, ლაშქართა მოკაზმულობა჻ სიჩაუქე და სიკეთე, კეკლუცად დარაზმულობა჻ ტაიჭთა მათთა სიმალე, აბჯართა ხვარაზმულობა჻

398. ავმართე დროშა მეფისა, ალმითა წითელშავითა჻ დილასა ვბრძანე გამართვა, ლაშქრითა უთვალავითა჻ თავსა ვსტიროდი ვიტყოდი, ბედითა მეტად ავითა ჻ მზე თუ არ ვნახო არ ვიცი, ვიარო ვითა და ვითა჻

399. შინა მოვე დაღრეჯილსა, გულსა სევდა მიიეფდა჻ თვალთათ ვითა საგუბარი, ცხელი ცრემლი გარდმომჩქებდა჻ ბედი ჩემი უბედური ვთქვი თუ, ჯერთცა ვერ გამეფდა჻ ხელმან ვარდი რად იხელთა, რათგან ასრე ვერ მოჰკრეფდა჻

ტარიელისა და ნესტანის პირისპირ შეყრა჻

400. მონა შემოდგა მივეცი, საქმესა გაკვირვებულსა჻ ასმათის წიგნი მომართვა, მე მეტად შეჭირვებულსა჻ ეწერა გიხმობს შენი მზე, შენ მისთვის მოსურვებულსა჻ მოდი სჯობს მანდა ტირილსა, საქმესა ბედით ვებულსა჻

401. ვითა მმართებდა ეგზომი, რამცა ვით გავიხარეო჻ შეღამდა წავე ბაღისა, მე კარი შევიარეო჻ სად ასმათ პირველ მენახა, მუნვე ჩნდა მდგომიარეო჻ სიცილით მითხრა წამოვლე, მოგელის ლომსა მთვარეო჻

402. შემავლო სახლი ნაგები, კეკლუცად ბანისბანითა჻ გამოჩნდა მთვარე ნათლითა, გარე შუქმონავანითა჻ ფარდაგსა შიგან მჯდომარე, შესამოსლითა მწვანითა჻ საკრძალავი და ღარიბი, უცხო პირით და ტანითა჻

403. შევე წავდეგ ნოხთა პირსა, მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად჻ გულსა ბნელი განმინათლდა, ზედა ლხინი ადგა სვეტად჻ მას ბალიში შემოეგდო, მზისა შუქსა სჯობდა მეტად჻ ჩემგან პირსა იფარვიდა, აიხედნის წამის ჭვრეტად჻