... (Q-1541), 1712 წ.

194. ცხენსა მისცა საძოვარი, ვირე წვადი შეიწოდეს჻ ექვსნი რამე ცხენოსანნი, ნახა მისკენ მივიდოდეს჻ თქვა თუ ჰგვანან მეკობრეთა, თვარა კარგი რამც იცოდეს჻ აქა კაცი ხორციელი, კვლა ყოფილა არაოდეს჻

195. ხელთა ჰქონდა ისარმშვილდი, მათკენ მივა მხიარული჻ ორთა კაცთა წვეროსანთა, ყმა მოჰყვანდა უწვერული჻ თავსა იყო დაკოდილი, შეებნიდა სისხლსა გული჻ ტიროდეს და იჭირვოდეს, ცოტა ედგა მას გლახ სული჻

196. უყივლა თუ ძმანო ვინ ხართ, მეკობრეთა დაგამსგავსენ჻ მათ მიუგეს დაგვიწყნარდი, გვიშველე რა ცეცხლნი ავსენ჻ ვერა გვარგო მოგვიმატენ, ჭირნი ჭირთა მოგვისავსენ჻ სატირელნი მოგვიტირენ, ღაწვნი შენცა დაიმხავსენ჻

197. ავთანდილ მიდგა ეუბნა, მათ კაცთა გულმდუღარეთა჻ მათ უთხრეს მათი ამბავი, ტირილით მოუბარეთა჻ ჩვენ ვართო ძმანი სამნივე, მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა჻ დია გვაქვს ციხექალაქი, ხატაეთს არემარეთა჻

198. კარგი გვესმა სანადირო, ნადირობას წამოვედით჻ გვყვეს ლაშქარნი უთვალავნი, წყლისა პირსა გარდავხედით჻ სანადირო მოგვეწონა, თვესა ერთსა არ წავედით჻ ვხოცეთ მხეცსა უსაზომო, მინდორით და მთით და ქედით჻

199. ჩვენ სამთა ძმათა ჩვენთანა, მესროლნი დავაწბილენით჻ მით ერთმანერთსა სამნივე, ჩვენ კიდე დავეცილენით჻ მე უკეთ მოვკლავ მე გჯობო, სიტყვანი ვავაქილენით჻ ვერ გავაჩინეთ მართალი, ვისარჩლეთ ვითაკილენით჻

200. დღეს ავყარენით ლაშქარნი, სავსენი ირმის ტყავითა჻ ვთქვით გავაჩინოთ მართალი, ვინ ვსჯობთ თავისა მკლავითა჻ თავსა ვეახლნეთ მარტონი, დავდგეთ მართ ოდენ თავითა჻ თვით დანახულსა მოვჰკლვიდეთ, ნუ ვესრვით დამნახავითა჻

201. ჩვენ ვიახლენით სამთავე, სამნივე მეაბჯრენია჻ ლაშქართა წასლვა ვუბრძანეთ, მით არას მოაზრენია჻ მოვინადირეთ მინდორი, ისი ტყენი და ღრენია჻ დავხოცეთ მხეცი მფრინველი, რაცა ზე გარდაგვფრენია჻

202. ანაზდად მოყმე გამოჩნდა, კუშტი პირგამქუშავია჻ ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა, მერანი რამე შავია჻ თავსა და ტანსა ემოსა, გარეთმა ვეფხის ტყავია჻ ჯერთ მისი მსგავსი, შვენება კაცთაგან უნახავია჻

203. ვუჭვრიტეთ მისთა ელვათა, შუქნი ძლივ გავიცადენით჻ ვთქვით თუ მზეაო ქვეყნად, ნუ ვეუბნებით ცად ენით»჻ მისი მოგვინდა შეპყრობა, ვჰკადრეთ და შევეცადენით჻ ასრე სულთქმით და ვაებით, მით ვართ ცრემლისაცა დენით჻

204. მე უხუცესმან უმცროსთა, კაცი დავსთხოვე ქენებით჻ ჩემმა შემდეგმან ტაიჭი, მისი მით აქო ხსენებით჻ ამან მართ ოდენ მორევნა, გვითხრა ვუალლეთ ჩვენ ნებით჻ მივმართეთ იგი აგრევე, წყნარად მივა და შვენებით჻

205. ბროლმან ლალსა გარეულმან, ვარდნი თხელნი ანატიფნა჻ იგი ტკბილნი გონებანი, ჩვენთვის მეტად გაამყიფნა჻ არ აგვიხვნა არცა დაგვსხნა, ყოლა არად ამოგვკრიფნა჻ მისნი მკვახედ მოუბარნი, მათრახითა შეგვამწიფნა჻

206. უმცროსსა ძმასა მივეცით, უფროსსა დავეზიდენით჻ ხელი მოჰკიდა დადეგო, ესეცა ჰკადრა კიდ ენით჻ მან ხრმალსა ხელი არ მიჰყო, ჩვენ ამად დავერიდენით჻ თავსა გარდაჰკრა მათრახი, ვნახეთ სისხლისა კი დენით჻

207. მით ერთითა მათრახითა, თავი ასრე გარდაჰფრიწა჻ ვითა მკვდარი უსულო, ქმნა ვითა მიწა დაამიწა჻ მისი რასმე მკადრებელი, მოამდაბლა მოამიწა჻ თვალთა წინა წაგვივიდა, ლაღი კუშტი ამაყი წა჻

208. აღარ დაბრუნდა წავიდა, წყნარად და აუჩქარებლად჻ აგერა მივა ნახეო, იგი მზეებრ და მთვარებლად჻ შორს უჩვენებდეს ავთანდილს, მტირალნი გაუხარებლად჻ ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი, მისი მის მზისა მარებლად჻

209. აჰა მიხვდა ავთანდილსა, ღაწვთა ცრემლით არდათოვნა჻ რათგან ცუდად არ წაუხდა, მას ეზომი გარეთ ყოვნა჻ კაცსა მიხვდეს საწადელი, რას ეძებდეს უნდა პოვნა჻ მაშინ მისგან აღარა ხამს, გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა჻

210. უთხრა თუძმანო ვარ ვინმე, ღარიბი უადგილოსა჻ მე იმა ყმისა საძებრად, მოვშორდი საგაზრდილოსა჻ აწ თქვენგან მივხვდი, საქმესა ყოლა არსაადვილოსა჻ ღმერთიმცა ნურას ნუღარ იქმს, თქვენსა დასაღრეჯილოსა჻

211. ვითა მე მივხვდი წადილსა, ჩემის გულისა ნებასა჻ აგრემცა ღმერთი ნურას იქმს, ძმისა თქვენისა ვნებასა჻ უჩვენა მისი სადგომი, მიდითო ნებანებასა჻ ჩრდილსა გარდასვით, მაშვრალი მიეცით მოსვენებასა჻

212. ესე უთხრა და წავიდა, ცხენი გაქუსლა დეზითა჻ ვითა გავაზი გაფრინდა, არ გაშვებული ხეზითა჻ ან მთვარე მზისა შემყრელი, მზე სინათლითა ზეზითა჻ დაივსო ცეცხლი შემწველი, მისითა მან მიზეზითა჻

213. მიეწურა იგონებდა, ახლოს შეყრა ვითა აგოს჻ საუბარმან უმეცარმან, შმაგი უფრო გააშმაგოს჻ ხამს თუ კაცმან გონიერმან, ძნელი საქმე გამოაგოს჻ არსიწყნარე გონებისა, მოიძულოს მოიძაგოს჻