... (Q-1541), 1712 წ.

331. ავენთი დამწვეს მამისა, სახმილთა დაუშრტობელთა჻ უკანით გამომიყვანეს, ხასთა მათ წინამდგომელთა჻ გამოსლვისათვის ზეიმი, შექმნეს ინდოეთს მფლობელთა჻ შორს მომეგებნეს მაკოცეს, პატივით ვითა მშობელთა჻

332. მათ საჯდომთა ახლოს დამსვეს, პატივს მცემდეს ძისა დარად჻ მის ხელისა საურავი, მათ ორთავე მითხრეს წყნარად჻ ურჩ ვექმენ და მისეულთა, წესთა ქცევა მიჩნდა ზარად჻ არ მომეშვნეს დავმორჩილდი, თაყვანის მცეს ამირბარად჻

333. აღარა ვიცი დამვიწყდეს, თუცა დიადი წელია჻ გიამბო ჩემი ამბავი, განა რაზომცა ძნელია჻ ცრუ და მუხთალი სოფელი, მიწყივ ავისა მქმნელია჻ მისთა ნაკვესთა წინწალი, დამეცა ხანგრძლად მწველია჻

ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა პირველ რომ გამიჯნურდა჻

334. კვლა დაიწყო თქმა ამბისა, მან რა ხანი მოიტირა჻ დღესა ერთსა მე და მეფე, მოვიდოდით გვენადირა჻ მიბრძანა თუ ქალი ვნახოთ, ხელი ხელსა დამიჭირა჻ მის ჟამისა მხსენებელი, მე სულდგმული არ გიკვირა჻

335. მეფემან ახმა დურაჯთა, მითხრა მიტანად ქალისა჻ გამოვუხვენ და წავედით, ჩემად სადებლად ალისა჻ მაშინ დავიწყე გარდახდა, მე საწუთროსა ვალისა჻ ალმასისა ხამს ლახვარი, ლახვრად გულისა სალისა჻

336. ბაღჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა჻ მფრინველთაგან ხმა ისმოდა, უამესი სირინოსა჻ მრავლად იყო სარაჯები, ვარდის წყლისა აბანოსა჻ კარსა ზედა მოჰფარვიდა, ფარდაგები ოქსინოსა჻

337. ვიცოდი სწადდა არვისგან, ნახვა მის მზისა დარისა჻ მე გარე ვდეგ და მეფემან, შევლო ფარდაგი კარისა჻ ვერას ვხედევდი ოდენ ხმა, მესმოდა საუბარისა჻ ასმათს უბრძანა გამოხმა, დურაჯთა ამირბარისა჻

338. ასმათ ფარდაგსა აზიდნა, გარე ვდეგ მოფარდაგულსა჻ ქალსა შევხედე ლახვარი, მეცა ცნობასა და გულსა჻ მოვიდა მივსცნე დურაჯნი, მთხოვა ცეცხლითა დაგულსა჻ ვამე მას აქათ სახმილსა, დავუწვავ ნიადაგულსა჻

339. აწ წარხდეს იგი ნათელნი, მზისაცა მოწუნარენი჻ მისი ვერ გასძლო ხსენება, დაბნდა და სულთქვნა მწარენი჻ ყმა და ასმათი ტიროდეს, ჴმას სცემდეს იგი არენი჻ ჭმუნვით თქვეს მკლავნი ცუდ ქმნილან, ვა გმირთა მემუქარენი჻

340. ასმათმან წყალი დაასხა, ცნობად მოვიდა ტარია჻ დიდხან ვერა თქვა სევდამან, გული შეუპყრა დარია჻ დაჯდა და მწარეთ სულთითქვნა, ცრემლი მიწასა გარია჻ თქვა ჩემგან მისი ხსენება, ვამე რა დიდი ზარია჻

341. მიმნდონი საწუთროსანი, მისთა ნივთთაგან რჩებიან჻ იშვებენ მაგრა უმუხთლოდ, ბოლოდ ვერ მოურჩებიან჻ ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან჻ ისმენდი ჩემთა ამბავთა, თუ სულნი შეღამრჩებიან ჻

342. დურაჯნი მთხოვნეს გავიღე, სხვა ვერა გზაღა თავისა ჻ დავეცი და ვბნდი წამიხდა, ძალი მჴართა და მკლავისა჻ რა სულად მოვე შემესმა, ჴმა ტირილისა და ვისა჻ გარე მამრტყმოდეს ჯალაბნი, ვითა ჩამსხდომნი ნავისა჻

343. შიგან ვწევ დიდთა დარბაზთა, ტურფითა საგებელითა჻ ზედ დამტიროდეს მეფენი, ცრემლითა უშრობელითა჻ პირსა იხოკდეს ჴელითა, ღაწვისა გამპობელითა჻ მუყრნი მოასხნეს სენითა, მთქვეს გამაბელზებელითა჻

344. მე რა მნახა თვალ ახმული, მეფე ყელსა მომეხვია჻ ცრემლით მითხრა შვილო შვილო, ცოცხალი ღახარ სიტყვა თქვია჻ მე პასუხი ვერა გავეც, ვითა შმაგი შევჰკრთი დია჻ კულავ და ვეცი და ბნედილი, გულსა სისხლი გარდმეთხია჻

345. სრულნი მუყრნი და მულიმნი, მე გარშემო მცვიდიან჻ მათ ჴელთა ჰქონდა მუსაფი, ყოველნი იკითხვიდიან჻ მტერ და ცემული ვეგონე, არ ვიცი რას ჩმახვიდიან჻ სამდღემდინ ვიყავ უსულო, ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან჻

346. აქიმნიცა იკვირვებდეს, ესე სენი რაგვარია჻ სამკურნალო არა სჭირსრა, სევდა რამე შემოყრია჻ ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი, სიტყვა მცდარი წამერია჻ დედოფალი ზღვასა შეიქმს, მას რომ ცრემლი დაუღვრია჻

347. სამსა დღესა დარბაზს ვიყავ, არ ცოცხალი არცა მკუდარი჻ მერმე ცნობა მამივიდა, მივხვდი რასმე მიუმხვდარი჻ ვჰთქვი თუ ჰაი რაშიგან ვარ, მე სიცოცხლე გარდამჴდარი჻ თმობა ვჰთხოვე შემოქმედსა, ვჰკადრე სიტყვა სამუდარი჻

348. ვთქვი თუ ღმერთო ნუ გამწირა, აჯა ჩემი შეისმინე჻ მომეც ძალი დათმობისა, ცოტად ვითა აღმადგინე჻ აქა ყოფნა გამამჟღავნებს, სახლსა ჩემსა მიმაწვინე჻ მანვე ქნა და მორევჯობდი, გული წყლული გავიკურნე჻

349. მე წამოვე მეფისაგან, კაცი დია მოვიდოდა჻ ახარებდეს წამოჯდაო, დედოფალი გამორბოდა჻ მეფე მორბის თავ შიშველი, არ იცოდა რას იქმოდა჻ იგი ღმერთსა ადიდებდა, სხვა ყველანი უჩუმოდა჻