... (Q-1541), 1712 წ.

404. უბრძანა თუ მოახსენე, ასმათ დაჯდეს ამირბარსა჻ მან ბალიში დამართებით, დადვა მას მზედ საქებარსა჻ დავჯე მივეც გულსა ლხინი, საწუთროსა დამგმობარსა჻ მიკვირს სულნი რადღა მიდგან, ვიტყვი მისგან ნაუბარსა჻

405. მიბრძანა ძოღან გეწყინა, გაშვება უუბარისა჻ მზემან გაყრითა დაგაჭნე, ვითა ყვავილი ბარისა჻ დაგსჯიდა დენა ცრემლისა, ნარგისთათ ნაგუბარისა჻ მაგრა ხამს ჩემგან სირცხვილი, და რიდი ამირბარისა჻

406. თუცა მართებს დედაკაცსა, მამაცისა დიდი კრძალვა჻ მაგრა მეტად უარეა, არათქმა და ჭირთა მალვა჻ მე თუ ზეპირ მიცინია, ქვექვე მითქვამს იდუმალ ვა჻ ძოღან ქალი გამოვგზავნე, ვქმენ მართლისა შემოთვალვა჻

407. ერთმანერთისა მას აქათ, რაცა ორთავე ვიცითა჻ აწცა მიცოდი საშენოდ, მითვე პირითა მტკიცითა჻ ამას შესჯერდი დიდითა, ზენარითა და ფიცითა჻ გეცრუო ღმერთმან მიწა მქმნას, ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა჻

408. წა შეები ხატაელთა, ილაშქრე და ინაპირე჻ ღმერთმან ქმნას და გაგიმარჯვდეს, მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე჻ მაგრა რა ვქმნა კვლაცა ნახვა, მომხვდებოდეს შენი ვირე჻ გული მომეც გაუყრელად, ჩემი შენთვის დაიჭირე჻

409. მოვახსენე არ მეწყალვის, თავი შენთვის დასაწველად჻ მაგრა რათგან დამარჩინე, არ გამოსჩნდი ჩემად მკვლელად჻ შენ სინათლედ თვალთა ჩემთა, მიჩნდე მზეებრ სანახველად჻ აწ შევება ხატაელთა, მუნ გამოვჩნდე ლომი ქველად჻

410. აწ რასაცა მე მაღირსებ, ხორციელი არა ღირსა჻ მოწყალება იჩქითია, ღმრთისა ამად არა მკვირსა჻ შენთა შუქთა შემომადგამ, ბნელსა გულსა ზედა მჭვირსა჻ შენი ვიყო სადამდისცა, დამიყოფდეს მიწა პირსა჻

411. ზედა წიგნსა საფიცარსა, შევჰფიცე და შემომფიცა჻ მისგან ჩემი სიყვარული, ამით უფრო დაამტკიცა჻ უშენოსა მოწონება, ვისიმცაო გულსა მიცა჻ ღმერთი მომკლავს ამას იქით, თავსა ვეტყვი ამას ვსწვრთიცა჻

412. დავყავ ხანი მას წინაშე, ერთმანერთსა ვეუბენით჻ ვჭამეთ ამო ხილი რამე, სიტყვანიცა თკბილნი ვთქვენით჻ მერე ავდექ წამოსავლად, ტირილით და ცრემლთა დენით჻ მისთა შუქთა შვენებანი, ნათლად მადგეს გულსა ფენით჻

413. მეძნელებოდა სიშორე, მისი ბროლბალახშმინისა჻ მე გამიახლდა სოფელი, მქონდა სიმრავლე ლხინისა჻ ჩემად ჩნდა იგი სინათლე, ეთერით მზედ ნაჩინისა჻ აწ მიკვირს მისსა გამყრელსა, გული მიც კლდისა ტინისა჻

ტარიელისაგან ხატაეთს წასლვა და დიდი ომი჻

414. დილასა შევჯე ვუბრძანე, ჰკარით ბუკსა და ნობასა჻ სრულთა სპათასა ვერ გითხრობ, არ შესასხდომლად მზობასა჻ ლომმან მივმართე ხატაეთს, ვერვინ მიზრახავს ხრდლობასა჻ უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი, არ გაივლიდეს გზობასა჻

415. დავაგდე ზღვარი ინდოთა, მევლო პაშტაი ხანია჻ რამაზის კაცი მემთხვია, ვინ ხატაეთის ხანია჻ მან მითხრა მოციქულობა, გულისა მოსაფხანია჻ ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ, თქვენნი ინდოთა თხანია჻

416. მე შემომძღვნეს რამაზისგან, ძღვნად საჭურჭლე საშინელი჻ გითხრობს გკადრებს ნუ ამოგვწყვედ, არის შენგან არსაქმნელი჻ ზენაარი გამოგვიღე, მით გვაბია ყელსა წნელი჻ მოურბევლად მოგახსენნეთ, თავნი შვილნი საქონელი჻

417. რაცა შეგცოდეთ შეგვინდევ, თვით ჩვენვე შეგვინანია჻ თუ ღმრთულებრ შეგვიწყალებდეთ, აქა ნუ მოვლენ სპანია჻ ქვეყანა ჩვენი არ ასწყდეს, რისხვით არ დაგვტყდეს ცანია჻ შენ მოგცეთ ციხექალაქი, მოგყვნენ ცოტანი ყმანია჻

418. გვერდსა დავისხენ ვაზირნი, ვიუბნეთ გავიზრახენით჻ მითხრეს თუ ხარო ყმაწვილი, ბრძენნი მით გკადრებთ გლახ ენით჻ არიან მეტად მუხთალნი, ჩვენ ერთხელ კვლაცა ვნახენით჻ არამცა მოგკლეს ღალატად, არამცა ვივაგლახენით჻

419. ჩვენ ამას ვარჩევთ წახვიდე, კარგითა მართ მამაცითა჻ ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ, სცნობდენ ამბავსა კაცითა჻ გულმართლად იყვნენ მიენდევ, აფიცე ღმრთითა და ცითა჻ არ დაგმორჩილდენ შერისხდი, რისხვითა კვლა და კვლაცითა჻

420. მეკეთა ესე თათბირი, ვაზირთა ნავაზირები჻ შევსთვალე რამაზ მეფეო, ვცან შენი დანაპირები჻ სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე, დაგვიდგამს ვერ ქვიტკირები჻ ლაშქართა დავყრი ცოტათა, წამოვალ შენ კერძ ვირები჻

421. მათ ლაშქართაგან სამასნი, კარგი მოყმენი ქველანი჻ თანა წამომყვეს წაცავე, დავყარენ სპანი ყველანი჻ დავვედრე სადა მე მევლოს, ვლენით იგივე ველანი჻ ახლოს მომდევდით მიშველეთ, გიხმობ თუ მინდენ შველანი჻

422. სამ დღე ვიარე მემთხვია, სხვა კაცი მისვე ხანისა჻ კვლა ეძღვნა უცხო მრავალი, შესამოსელი ტანისა჻ ებრძანა მწადსო სიახლე, შენ ლაღისა და ჯანისა჻ რა შეგეყარო მაშინ სცნა, შენ ძღნობა ამისთანისა჻