... (Q-1541), 1712 წ.

1579. ქალსა ქალმან გაუგზავნა, ყაბაჩა და ერთი რიდე჻ რომე ჩაცმა დაბურვასა, ვინ ღირს იყო მათგან კიდე჻ ერთი თვალი წამღებელმან, ვერა თქვას თუ ცუდად ვზიდე ჻ ღამე მზეებრ განანათლის, ჩნდის სადაცა შეხედვიდე჻

1580. ავთანდილ შეჯდა წავიდა, ტარიას გაესალამა჻ იგი ორნივე გაყრისა, დაწვნა ცეხლისა ალამა჻ სრულად ინდონი მისტირან, ცრემლმან მინდორი დალამა჻ ავთანდილ იტყვის მომკლაო, სოფლისა მე სამსალამა჻

1581. ერთგან ფრიდონ და ავთანდილ, იარნეს დღენი მცირენი჻ გზამან გაყარნა წავიდეს, თავისთავ ანატირენი჻ კარგად მოუხდეს მათ მათნი, საქმენი დანაპირენი჻ ავთანდილ მიხდა არაბეთს, ნახნა არ ცუდნი ჭირენი჻

1582. გამოეგებნეს არაბნი, სამეფო დააშვენა მან჻ ნახა მზე მისი მირიდა, მისთა სურვილთა წყენამან჻ მის თანა ტახტსა დავეჯდა, ალხინა მჭვრეტთა ლხენამან჻ გაახელმწიფა გვირგვინი, ზეცით მოსრულმან ზენამან჻

1583. მათ სამთავე ხელმწიფეთა, ერთმანერთი არა სძულდეს჻ ერთმანერთსა ნახვიდიან, საწადელნი გაუსრულდეს჻ ბრძანებისა შემცილენი, მათთა ხრმალთა დავეწყლულდეს჻ მოიმატნეს სამეფონი, გახელმწიფდეს გამორჭმულდეს჻

1584. ყოვლთა სწორად წყალობასა, ვითა თოვლსა მოათოვდეს჻ ობოლ ქვრივნი დაამდიდრნეს, და გლახაკნი არ ითხოვდეს჻ ავთა მქმნელნი დააშინნეს, კრავნი ცხვართა ვერ უწოვდეს჻ შიგან მათთა საბრძანისთა, თხა და მგელი ერთგან სძოვდეს჻

1585. გასრულდა მათი ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა჻ გარდახდეს გავლეს სოფელი, ნახეთ სიმუხთლე ჟამისა჻ ვის გრძლად ჰგონია მისთვისცა, არის ერთისა წამისა჻ ვწერ ვინმე მესხი მელექსე, მე რუსთველისა დამისა჻

1586. ქართველთა ღმრთისა დავითის, ვის მზე მსახურებს სარებლად჻ ესე ამბავი გავლექსე, მე მათად საკამათებლად჻ ვინ არის აღმოსავლეთით, დასავლეთს ზართა მარებლად჻ ორგულთა მათთა დამწველად, ერთგულთა გამახარებლად჻

1587. დავითის ქნანი ვითა ვთქვნე, სიჩალხესიხაფეთანი჻ ესე ამბავნი უცხონი, უცხოთა ხელმწიფეთანი჻ პირველ ზნენი და საქმენი, ქებანი მათ მეფეთანი჻ ვპოვენ და ლექსად გარდავთქვენ, ამითა ვილაყფეთანი჻

1588. ესე ასეთი სოფელი, არვისგან მისანდობელი჻ წამია კაცთა თვალისა, და წამწამისა მსწრობელი჻ რასა ვინ ეძებთ რას აქნევთ, ბედია მაყივნებელი჻ ვის არ შეუცვლის კარგია, ორისავ იყოს მხლებელი჻

1589. ამირან დარეჯანის ძე, მოსეს უქია ხონელსა჻ აბდულმესია შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა჻ დილარგეთ სარგის თმოგველსა, მას ენადაუშრომელსა჻ ტარიელ მისსა რუსთველსა, მისთვის ცრემლ შეუშრომელსა჻