... (Q-1541), 1712 წ.

214. რათგან ისი არის სადმე, უცნობოდ და ისრე რეტად჻ რომე კაცსა არ მიუშვებს, საუბრად და მისად ჭვრეტად჻ მივეწევი შევიყრებით, ერთმანერთის ცემაჟლეტად჻ ანუ მოვჰკლავ ანუ მომკლავს, დაიმალვის მეტისმეტად჻

215. ავთანდილ იტყვის ეზომნი, ჭირნიმცა რად ვაცუდენი჻ რაცაღა არის არ არის, თუმცა არ ედგნეს ბუდენი჻ სადაცა მივა მივიდეს, რამცა მოვლიდეს ზღუდენი჻ მუნაღა ვძებნნე ღონენი, ჩემნი არ დასამრუდენი჻

216. წინაუკანა იარნეს, ორნი დღენი და ღამენი჻ დღისით და ღამით მაშვრალნი, არ საჭამადთა მჭამენი჻ არსადა ხანი არ დაყვეს, ერთნი თვალისა წამენი჻ მათ თვალთა ცრემლნი სდიოდეს, მინდორთა მოსალამენი჻

217. დღისით ვლეს და საღამოჟამ, გამოუჩნდეს დიდნი კლდენი჻ კლდეთა შიგან ქვაბნი იყვნეს, ძირსა წყალი ჩანადენი჻ წყლისა პირსა არ ითქმოდა, შამბი იყო თუ რასდენი჻ ხე დიდრონი თვალუწდომი, მაღლა კლდემდის ანაყრდენი჻

218. მან ყმამან ქვაბსა მიმართა, გავლნა წყალნი და კლდენია჻ ავთანდილ ცხენსა გარდახდა, მონახნა დიდნი ხენია჻ მას ზედა ჭვრეტად გავიდა, ძირსა დააბა ცხენია჻ მუნით უჭვრეტდა იგი ყმა, მივა ცრემლმინადენია჻

219. რა ტყენი გავლნა მან ყმამან, მოსილმან ვეფხის ტყავითა჻ ქვაბისა კარსა გამოდგა, ქალი ჯუბითა შავითა჻ ატირდა მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა჻ იგი ყმა ცხენსა გარდახდა, ყელსა მოეჭდო მკლავითა჻

220. ყმამან უთხრა დაო ასმათ, ხიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს჻ ვეღარ მივხვდით ჟამიერად, ჩვენ ვისნიცა ცეცხლნი გვწვიდეს჻ ესე თქვა და მკერდსა ხელნი, იკრნა ცრემლნი გარდმოსწვიმდეს჻ ქალი შებნდა მოეხვია, ერთმანერთსა სისხლი სწვიმდეს჻

221. იგი ტევრი გაეხშირა, დანაგლეჯსა მათსა თმასა჻ ერთმანერთსა ეხვეოდეს, ყმა ქალსა და ქალი ყმასა჻ იზახდიან მოთქმიდიან, მოსცემდიან კლდენი ხმასა჻ ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით, მათსა ეგრე ქცევაზმასა჻

222. სული დაიღო მან ქალმან, დათმო გულისა წყლულობა჻ ქვაბს შეიყვანა ტაიჭი, მოხადა აკაზმულობა჻ მას ყმასა შეხსნა შეიღო, აბჯრისა წელმორტყმულობა჻ შინა შევიდეს მას დღესა, გარდახდა გამოსრულობა჻

223. ავთანდილს უკვირს ამბავი, ისი თუ ვცნაო მე რითა჻ გათენდა ქალი გამოდგა, მოსილი მითვე ფერითა჻ შავსა აუდვა ლაგამი, სწმედდა რიდისა წვერითა჻ შეკაზმა მოაქვს აბჯარი, წყნარად არ რამე ჩხერითა჻

224. მის მოყმისა წესი იყო, მეტსა თურე არას ეჯდა჻ ქალი ტირს და მკერდსა იცემს, თმისა ტევრსა გაიგლეჯდა჻ ერთმანერთსა მოეხვივნეს, აკოცა და ცხენსა შეჯდა჻ ასმათ აგრე დაღრეჯილი, კვლა უფრორე დაიღრეჯდა჻

225. ავთანდილ ახლოს კვლა ნახა, სახე მისივე კაცისა჻ ულვაშაშლილი წვერგამო, ნუთუ მზეაო თქვა ცისა჻ ეყნოსა სული ალვისა, ქართაგან მონატაცისა჻ ასრე უჩს მოკლვა ლომისა, მართ ვითა ლომსავაცისა჻

226. მასვე გზასა წამოვიდა, რომე გუშინ შეეარა჻ შამბი გავლო გაეშორა, თავი მინდორს გააგარა჻ ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით, მალვით ხესა მოეფარა჻ თქვა თუ ღმერთმან ესე საქმე, მეტად კარგად მომიგვარა჻

227. აწ ამას ჩემთვის ღმრთისაგან, სხვა საქმე რა ვამჯობინო჻ ქალი შევიპყრა მის ყმისა, ამბავი ვაამბობინო჻ ჩემიცა ვუთხრა ყველაი, მართალი გავაბრჭობინო჻ მას ყმასა ხრმალი არა ვჰკრა, არც მისი დავისობინო჻

ამბავი ავთანდილისა ასმათს რომ ეუბნების ქვაბშიგან჻

228. ჩამოვიდა ცხენი ახსნა, მისგან ხესა გამობმული჻ ზედა შეჯდა გაემართა, ქვაბი დახვდა კარგანხმული჻ მუნით ქალი გამოიჭრა გულმდუღარე ცრემლდასხმული჻ ეგონა თუ დაბრუნდაო პირი ვარდი ბროლბაკმული჻

229. ვერ იცნასახე არ ჰგვანდა მისი მის ყმისა სახესა჻ ფიცხლა გაიქცა მიმართა ზახილით კლდესა და ხესა჻ ყმა გარდაიჭრა დააბა, ვითა კაკაბი მახესა჻ ხმას სცემდეს კლდენი ქალისა, ზახილსა მუნ ერთსახესა჻

230. მას ყმასა თავი არ მისცა, ჭვრეტადცა ებილწებოდა჻ ვითა კაკაბი არწივსა, ქვეშე მი და მო ძრწებოდა჻ ტარიელს ვისმე უზახდა, მწედ თუცა არ ემწებოდა჻ ავთანდილ მუხლთა უყრიდა, თითითა ეხვეწებოდა჻

231. ეტყოდა სულე რამც გიყავ, კაცი ვარ ადამიანი჻ უფეროქმნილნი მინახვან, ვარდნი და ისი იანი჻ მისი რა მითხარ ვინ არის, ტანსარო პირბაკმიანი჻ სხვად არას გიზამ ნუ გეშის, ნუ ჰყივი აგრე ხმიანი჻

232. ქალი ეტყოდა ტირილით, სარჩელი უგავს ბრჭობასა჻ თუ არ შმაგი ხარ დამეხსენ, შმაგი ხარ მოდი ცნობასა჻ აწ მეტად ძნელსა საქმესა, მნუკევ ადვილად თხრობასა჻ ცუდად ნუ სცთები ნუ ელი, მაგა ამბისა მბობასა჻