... (Q-1541), 1712 წ.

ამ ამბის დასაწყისი პირველ ამით სასმენელათ შვენიერი სწავლისათვის მოშაირეთსა ტარიელს და ნესტარეჯანის ვეფხისტყაოსნობით჻

1. რომელმან შექმნა სამყარო, ძალითა მით ძლიერითა჻ ზეგარდმო არსნი სულითა, ყვნა ზეცით მონაბერითა჻ ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა჻ მისგან არს ყოვლი ჴელმწიფე, სახითა მის მიერითა჻

2. ჰე ღმერთო ერთო შენ შექმენ, სახე ყოვლისა ტანისა჻ შენ დამიფარე ძლევა მეც, დათრგუნვად მე სატანისა჻ მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიდმდე გასატანისა჻ ცოდვათა შესუბუქება, მუნ თანა წასატანისა჻

3. ვის შვენის ლომსა ჴმარება, შუბისა ფარ შიმშირისა჻ მეფისა მზის თამარისა, ღაწვ ბალაჴშ თმა გიშერისა჻ მას არა ვიცი შევჰკადრო, შესხმა ჴოტბისა ჴშირისა჻ მისთა მჭვრეტელთა ყანდისა, მირთმა ჴამს მართ მშიერისა჻

4. თამარს ვაქებდეთ მეფესა, სისხლისა ცრემლ დათხეული჻ ვთქვენით ქებანი ვისნი მე, არ ავად გამორჩეული჻ მელნად ვიჴმარე გიშრის ტბა, და კალმად მინა რჩეული჻ ვინცა ისმინოს დაესვას, ლახვარი გულსა ჴეული჻

5. მიბრძანეს მათად საქებრად, თქმა ლექსებისა ტკბილისა჻ ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე კბილისა჻ ბროლ ბალაჴშისა თლილისა, მით მიჯრით მიწყობილისა჻ გასტეხს ქვასაცა მაგარსა, გვრდემლი ტყვივისა ლბილისა჻

6. აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ჴელოვანება჻ ძალი მომეც და შეწევნა, შენგნით მაქვს მივსცე გონება჻ მით შევეწივნეთ ტარიელს, ტურფათცა უნდა ჴსენება჻ მათ სამთა გმირთა მნათობთა, სჭირსო ერთმანერთის მონება჻

7. მო დავსხდეთ ტარიელისთვის, ცრემლი გვდის შეუშრობილი჻ მისებრი მართ დაბადებით, ვინმცა ყოფილა შობილი჻ დავჯე რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ ლაჴვარსობილი჻ აქამდის ამბათ ნათქვამი, აწ მარგალიტი წყობილი჻

8. მიჯნურსა თვალად სიტურფე, მართებს მართ ვითა მზეობა჻ სიბრძნე სიმდიდრე სიუხვე, სიყმე დამოცალეობა჻ ენა გონება დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა჻ ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა჻

9. მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი჻ მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი჻ იგი სხვა სიძვა სხვაა შუა, უზის დიდი მზღვარი჻ ნურვინ გარევთ ერთმანერთსა, გესმას ჩემი ნაუბარი჻

10. ხამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი ბილწი მრუში჻ რა მოშორდეს მოყვარესა, გაამრავლოს სულთქმა უში჻ გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიჴვდეს თუნდა ქუში჻ მძულს უგულოდ სიყვარული, ხვევნა კოცნა მტლაშა მტლუში჻

11. ამა საქმესა მიჯნური, ნუ უჴმობთ მიჯნურობასა჻ დღეს ერთი უნდეს ხვალე სხვა, სთმობდეს გაყრისა თმობასა჻ ესე მღერასა ბედითსა, გავს ვაჟთა ყმაწვილობასა჻ კარგი მიჯნური იგია, ვინ იქს სოფლისა თმობასა჻

12. არს პირველი მიჯნურობა, არ დაჩენა ჭირთა მალვა჻ თავის წინა იგონებდეს, ნიადაგმცა ჰქონდეს ხალვა჻ შორით ბნედა შორით კდომა, შორით დაგვა შორით ალვა჻ დათმოს წყრომა მეფეთაგან, მისი ქონდეს შიში კრძალვა჻

13. ხამს თავისსა ხვაშიადსა, არვის თანა ამჟღავნებდეს჻ არ ბედითად ჰაი ზმიდეს, მოყვარესა აყივნებდეს჻ არსით აჩნდეს მიჯნურობა, არა სადა იფერებდეს჻ მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს, მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს჻

14. მას უშმაგო ვით მიენდოს, ვინ მოყვარე გაამჟღავნოს჻ ამის მეტი რამცა ირგოს, მას ავნოს და თვითანც ივნოს჻ რათამცაღა ასახელოს, რა სიტყვითა მოაყივნოს჻ რა გავათუ მოყვარესა, კაცმან გული არ ატკივნოს჻

15. მე რუსთველი ხელობითა, ვიქ საქმესა ამა დარი჻ ვის მორჩილობს ჯარი სპათა, მისთვის ვხელობ მისთვის მკვდარი჻ დავუძლურდი მიჯნურთათვის, კვლავ წამალი არსით არი჻ ანუ მომეც განკურნება, ანუ მიწა მე სამარი჻

16. ესე ანბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები჻ ვით მარგალიტი ობოლი, ჴელის ჴელ საგოგმანები჻ ვპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქმენ საჭოჭმანები჻ ჩემმან ჴელმქმნელმან დამმართოს, ლაღმან და ლამაზმა ნები჻

17. თვალთა მისგან უნათლოთა, ენატრამცა ახლად ჩენა჻ აჰა გული გამიჯნურდა, მიხდომია ველთა რბენა჻ მიაჯეთ ვინ ჴორცთა დაწვა, კმარის მისცეს სულთა ლხენა჻ სამთა ფერთა საქებელთა, ლამის ლექსთა უნდა ლევნა჻

18. რაცა ვისრა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს჻ მუშა მიწყივ მუშაობდეს, მეომარი გულოვნობდეს჻ კვლავ მიჯნურსა მიჯნურობა, უყვარდეს და გამოსცნობდეს჻ არცა ვისგან დაიწუნოს, არცა სხვათა უწუნობდეს჻

19. შაირობა პირველადვე, სიბრძნისაა ერთი დარგი჻ საღთო საღთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი჻ კვლავ აქაცა იამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი჻ გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი჻