ვეფხისტყაოსანი, 1970 წ.

408. ”ახლოს მიველ, შემომხედეს, შმაგიაო, ესე თქვესა, მუნ მივმართე მკლავ-მაგარმან, სად უფროსი ჯარი დგესა; კაცს შუბი ვჰკარ, ცხენი დავეც, მართ ორნივე მიხდეს მზესა, შუბი გატყდა, ხელი ჩავყავ, ვაქებ, ხრმალო, ვინცა გლესა.

409. “შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი, კაცი კაცსა შემოვსტყორცი, ცხენ-კაცისა დავდგი გორი; კაცი, ჩემგან განატყორცი ბრუნავს ვითა ტანაჯორი, ერთობ სრულად ამოვწყვიდე წინა კერძო რაზმი ორი.

410. ერთობილნი მომეხვივნეს, მგრგვლივ შეიქმნა ომი დიდი; ვჰკრი რასაცა, ვერ დამიდგის, სისხლსა მჩქეფრსა ამოვღვრიდი; ცხენსა კაცი გაკვეთილი მანდიკურად გარდავჰკიდი. სითაც ვიყვი, გამექციან, მათ შეჰქმნიან ჩემი რიდი.

411. ”საღამო-ჟამ დაიზახა ქედით მათმან დარაჯამან; ნუღარა სდგათ, წაედითო, კვლავ მოგვხედნა რისხვით ცამან: მოვა მტვერი საშინელი, შეგვაშინა ამად ამან, ნუთუ სრულად ამოგვწყვიდნეს უთვალავმან, ბევრმან სპამან!”

412. ”ჩემნი ლაშქარნი, რომელნი წამომეტანნეს მე არა, რა ეცნა, წამოსულიყვნეს, ღამე-წამორთვით ეარა; ვერ დაიტევდა მინდორი და არე მთათა ეარა, გამოჩნდეს, სცემდეს ტაბლაკსა, ბუკმან ხმა გაიზეარა.

413. ”იგი ნახეს, გასაქცევლად გაემართნეს; შევჰკივლენით; ველნი, ჩვენგან ნაომარნი, ომითავე გარდავვლენით. რამაზ მეფე ჩამოვაგდე, ერთმანერთსა გავეხრმლენით, მისნი სპანი ყველაკანი დავიპყრენით, არ მოვკვლენით.

414. ”უკანანიცა ლაშქარნი მოესწრნეს მათ გაქცეულთა, დაუწყეს პყრობა, ჩამოყრა შეშინებულთა, ძლეულთა; ძილისა მიხვდა ნაცვალი ძილ-მკრთალთა, ღამე-თეულთა, ტყვეთა მრთელთაცა არ აკლდა კვნესა, მართ ვითა სნეულთა.

415. ”მას ადგილსა ნაომარსა გარდავჰხედით მოსვენებად. ხელსა ხრმლითა დავეკოდე, წყლულად მაჩნდა არ ნაღებად; ჩემნი სპანი მოვიდიან საჭვრეტლად და ჩემად ქებად, ვერ იტყვიან, ვერ მიმხვდარან ქებასაცა მოხსენებად.

416. ”ერთსა კაცსა ეყოფოდეს, დიდებანი რომე მჭირდეს; ზოგთა შორით დამლოციან, ზოგნი კოცნად გამიპირდეს; რომელთაცა გავეზარდე, დიდებულნი, ამიტირდეს, ჩემგან ხრმლითა განაკვეთი ნახეს, მეტად გაუკვირდეს.

417. ”გავგზავნენ ყოვლგნით ლაშქარნი, ალაფი ავაღებინე, ერთობ სავსენი მოვიდეს, თავიცა ვალაღებინე, ჩემთა მებრძოლთა სისხლითა მინდორი შევაღებინე, არ ვჰბრძოლე, კარი ქალაქთა უომრად გავაღებინე”.

418. ”რამაზს ვარქვი: “შემიგნია საქმე შენი სამუხთალე, აწ ეგრეცა შეპყრობილმან თავი გამოიმართალე, სიმაგრეთა ნუ ამაგრებ, ყველა ხელთა მომათვალე, თვარა შენი შეცოდება მემცა ზედა რად წავსთვალე?”.

419. ”რამაზ მითხრა: “აღარ არის ამის მეტი ჩემი ღონე, ერთი ჩემი დიდებული მომეც, ზედა მაპატრონე, ციხოვანთა გავუგზავნო, საუბარი გამიგონე, ხელთა მოგცემ ყველაკასა, განაღამცა შენ გაქონე”.

420. ”მივეც ერთი დიდებული, თანა ყმანი წავატანენ, ციხოვანნი ერთობილნი ჩემს წინაშე მოვიყვანენ, ხელთა მომცნეს სიმაგრენი, ომნი ასრე შევანანენ, საჭურჭლენი სიმრავლითა ან სიკეთით რას ვაგვანენ!

421. ”მაშინღა შევე ხატაეთს მოვლად და მოსათვალავად; კლიტენი საჭურჭლეთანი მომართვნეს დაუმალავად; ქვეყანა ჩავსხი, ვუბრძანე: “იყვენით თქვენ უკრძალავად, მზემან არ დაგვწვენ, იცოდით, დაგყარენ გაუგვალავად”.

422. ”საჭურჭლენი გარდავნახენ თავის-თავის, კიდის-კიდე. უცხო ფერთა საჭურჭლეთა, დავშვრები, თუ მოვსთვალვიდე; ერთგან ვნახე საკვირველი ყაბაჩა და ერთი რიდე, თუმცა ნახე, სახელისა ცოდნასაცა ინატრიდე!

423. ”ვერა შევიგენ, რა იყო, ანუ ნაქმარი რაულად! ვისცა ვუჩვენი, უკვირდის, ღმრთისაგან თქვის სასწაულად; არცა ლარულად ჰგებოდა მას ქსელი, არ ორხაულად, სიმტკიცე ჰგვანდის ნაჭედსა, ვთქვი ცეცხლთა შენართაულად.

424. “იგი საძღვნოდ მისად დავდევ, ვისი შუქი მანათობდა. მეფისათვის დავარჩიე საარმაღნოდ რაცა სჯობდა; ჯორ-აქლემი ათჯერ ასი, – ყველაკაი წვივ-მაგრობდა, – დატვირთული გავუგზავნე, ამბავსაცა კარგსა სცნობდა”.

წიგნი ტარიელისა ინდოთ მეფის წინაშე, ოდეს გაიმარჯვა ხატაელთ ზედა

425. წიგნი დავწერე: “მეფეო, სვემცა არს თქვენი სვიანად! მე ხატაელთა მიმუხთლეს, – თუცა მათ ეცა ზიანად, – ჩემი ამბავი დასტური ამად გაცნობე გვიანად, მეფე შევიპყარ, მოგივალ მე ალაფიან – ტყვიანად”.

426. რა ყველაი დავიურვე, ხატაეთით გავემგზავრე, წამოვიხვენ საჭურჭლენი, სახელმწიფო დავიავრე, ვერ მოვეყავ აქლემითა, აზავრები ვააზავრე, მოვირჭვენ და მოვივლინე, რაცა მწადდა, აგრე ვყავ-რე.