ვეფხისტყაოსანი, 1970 წ.

388. მეკეთა ესე თათბირი, ვაზირთა ნავაზირები; შევსთვალე: “რამაზ მეფეო, ვცან შენი დანაპირები; სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე, დაგვიდგამს ვერ ქვიტკირები; ლაშქართა დავყრი, ცოტათა წამოვალ, შენ კერძ ვირები”.

389. ”მათ ლაშქართაგან სამასი კარგი მოყმენი ქველანი თანა წამომყვეს, წა-ცა-ველ, დავყარენ სპანი ყველანი, დავვედრე: “სადა მე მევლოს, ვლენით იგივე ველანი, ახლოს მომდევდით, მიშველდით, გიხმობ, თუ მინდენ შველანი” .

390. ”სამ დღე ვიარე, მემთხვია სხვა კაცი მისვე ხანისა. კვლავ ეძღვნა უცხო მრავალი შესამოსელი ტანისა, ებრძანა: “მწადსო სიახლე შენ ლაღისა და ჯანისა, რა შეგეყარო, მაშინ სცნა შენ ძღვნობა ამისთანისა”.

391. ”კვლაცა ეთქვა: “მართალია ეზომ ჩემი მონახსენი, მე თვით წინა მოგეგებვი, მესწრაფების ნახვა შენი”. შევსთველე თუ: “დია, ღმერთო, ბრძანება ვქმნა მეცა თქვენი, ტკბილად ვნახნეთ ერთმანერთი, ვიყვნეთ ვითა მამა-ძენი”.

392. ”მუნით წასული ჩამოვჰხე ტევრისა რასმე კიდესა; კვლავ მოციქულნი მოვიდეს, სალამად არ დამრიდესა; წინა ტურფათა ტაიჭთა ძღვნად ჩემთვის მოზიდვიდესა. “თქვენსა ნახვასა მეფენი”,-თქვეს,-“მართლად ინატრიდესა”.

393. მითხრეს: “მეფე მოგახსენებს, მეცა შენ-კერძ ვიარები, სახლით ჩემით წამოსრული ხვალე ადრე შეგეყრები”. მოციქულნი დავაყენენ, ხარგა დავდგი, არ მაზრები, მეტად ამოდ ვუალერსე, ერთგან დაწვნეს ვით მაყრები.

394. “კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურმე არ წახდების: ერთი კაცი უკმო-რე-სწყდა, მოდგა, მალვით მეუბნების: ”დიდი მაცო თქვენი ვალი, ჩემგან ძნელად გარდიხდების, გაწირვა და დავიწყება ჩემგან თქვენი არ იქმნების.

395. ”მე მამისა თქვენისაგან ვარ ცოტაი განაზარდი. თქვენი მესმა საღალატო, საცნობელად გამოვვარდი; მკვდარი მიმძიმ სანახავად, ტანი მჭევრი, პირი ვარდი, ყველასავე მოგახსენებ, გამიგონე, დამიწყნარდი.

396. ”რომე ცუდად არ მოღორდე, ისი კაცნი გღალატობენ, ერთგან შენთვის დამალულნი სპანი ასჯერ ათასობენ; კვლავ სხვაგან გითქს სამი ბევრი, ასრე ფიცხლად მით გიხმობენ, აწვე თავსა არ ეწევი, ფათერაკსა შეგასწრობენ.

397. ”მეფე ცოტათ გეგებვის, ვის მჭვრეტნი ვერ გელევიან; მალვით ჩაიცმენ აბჯარსა, მიენდო, მით გეთნევიან; კვამლსა შეიქმენ ლაშქარნი, ყოველგნით მოგეხვევიან. რა ერთსა გცემდენ ათასნი, ეგრეცა მოგერევიან”.

398. მას კაცსა ამოდ ვეუბენ და მადლსა გარდვიხდიდია: რომე არ მოვკვდე, შემოგზღო, შენ ამას ინატრიდია; აწ ამხანაგთა არ გიგრძნან, წადი, მათთანა ვლიდია, თუ დაგივიწყო, უთუოდ მემცა ვარ განაკიდია”.

399. ”არვის გავენდევ სულ-დგმულსა, დავმალე ვითა ჭორია. რაცა იქმნების, იქმნების, ყოვლი თათბირი სწორია. მაგრამ სპათაკენ გავგზავნე კაცი, გზა თუცა შორია, შევსთვალე: “ფიცხლად წამოდით, მოგრაგნეთ მთა და გორია”.

400. “მე დილასა მოციქულთა სიტყვა ტკბილი შევუთვალე; რამაზს ჰკადრეთ: “მოგეგებვი, მოდი, მოვალ მეცა მალე”. ნახევარ დღე სხვა ვიარე, ჭირსა თავი არ ვაკრძალე. განგებაა, დღესცა მომკლავს, ქვემცა სადა დავიმალე?!

401. ”ქედსა რასმე გარდავადეგ, მინდორს მტვერი დავინახე; ვთქვი თუ: “მოვა რამაზ მეფე; ჩემთვის უდგამს თუცა მახე, ჩემი გაჰკვეთს ხორცსა მათსა ხრმალი ბასრი, შუბი ახე”. მაშინ ვუთხარ სპათა ჩემთა, სახე დიდი დავუსახე.

402. ვთქვი თუ: “ძმანო, ისი კაცნი ჩვენ ღალატსა გვიდგებიან, მკლავთა თქვენთა სიმაგრენი ამისთვისმცა რად დალბიან? ვინცა მოკვდეს მეფეთათვის, სულნი მათნი ზეცას რბიან. აწ შევებნეთ ხატაელთა, ხრმალნი ცუდად რას გვაბიან!”

403. ”ვუბრძანე ჩაცმა აბჯრისა, ლაღმან სიტყვითა ხაფითა; დავეკაზმენით საომრად ჯაჭვ-ჯავშანითა, ქაფითა; რაზმი დავაწყევ, მივმართე, წაველ დიდითა სწრაფითა, მას დღესა ჩემი მებრძოლი ჩემმანვე ხრმალმან დაფითა.

404. ”მივეახლენით, შეგვატყვეს მათ ტანსა აბჯარ-ცმულობა; კაცი მოვიდა, მომართვა მეფისა მოციქულობა; ეთქვა თუ: “ჟამად გვაჩნია ჩვენ თქვენი არ-ორგულობა, აბჯრითა გხედავთ, შეგვქმნია აწ ამად გულ-ნაკლულობა”.

405. შევსთვალე თუ: “მეცა ვიცი, რაცა ჩემთვის გაგიგია; თქვენ რასაცა სთათბირობდით, არ იქმნების, არ იგია; ბრძანეთ, მოდით, შეგვებენით, ვითა წესი და რიგია, მეცა თქვენად დასახოცლად ხელი ხრმალსა დამიგია”.

406. ”რა მივიდა მოციქული, კვლავცა რადღა გამოგზავნეს! კვამლი შექმნეს ლაშქართათვის, დამალული გაამჟღავნეს; სამალავით გამოვიდეს, თავნი ორგნით აქარავნეს. შექმნეს რაზმი მრავალ-კეცი, თუცა, ღმერთო, ვერა მავნეს.

407. “შუბი ვსთხოვე, ხელი ჩავყავ მუზარადის დასარქმელად; საომარად ატეხილი ვიყავ მათად გამტეხელად; ერთსა წავსწვდი უტევანსა, წავგრძელდი და წავე გრძელად; მათ ურიცხვი რაზმი ეწყო, წყნარად დგეს და აუშლელად.