... (Q-797), XIX ს.

172. თვე ერთისა მოშორება, მზისა ზამთრის გაგვამცივებს჻ მე გლახ ორნი დამიყრიან, გული ამად რად არ ივნებს჻ მაგრა კლდესა არა შესწონს, არაოდეს არ ატკივნებს჻ წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს, გაკვეთს ანუ გაასივნებს჻

აქა ავთანდილ ვარსკულავთა ეუბნების თავის ბუნებასა჻

173. მიმავალი ცასა შესტირს, ეუბნების ეტყვის მზესა჻ აჰა მზეო გიაჯები, შენ უმძლევთა მძლეთა მძლესა჻ ვინ მდაბალთა გაამაღლებ, მეფობასა მისცემ სვესა჻ მე ნუ გამყრი საყვარელსა, ნუ შემიცვლი ღამედ დღესა჻

ამას სევდიანთა ეტლად იტყვიან჻

174. მო ზუალო მამიმატე, ცრემლი ცრემლსა ჭირი ჭირსა჻ გული შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ხშირსა჻ შემოყარე კაეშანი, ტვირთი მძიმე ვითა ვირსა჻ მას უთხარ თუ ნუ გასწირავ, შენია და შენთვის ტირსა჻

ამას მოსამართლეთა ეტლად იტყვიან჻

175. ჰე მუშთარო გიაჯები, შენ მართალსა ბრჭესა სრულსა჻ მო და უყავ სამართალი, გაებჭობის გული გულსა჻ ნუ ამრუდებ უმართლესა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა჻ მართალი ვარ გამიკითხე, რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა჻

ამას მესისხლეთა ეტლად იტყვიან჻

176. მოდი მარიხო უწყალოდ, დამჭარ ლახვრითა შენითა჻ შეცამღებე და შემსვარე, წითლად სისხლისა დენითა჻ მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი, მას გააგონენ ენითა჻ როგორ გასრულვარ შენ იცი, გულია აღარს ლხენითა჻

ამას მკურნალთა ეტლად იტყვიან ჻

177. მოდი ასპიროზ მაგრე რა, მან დამწვა ცეცხლთა დაგითა჻ ვინ მარგალიტსა გარეშე, მოსცავს ძოწისა ბაგითა჻ შენ დააშვენებ კეკლუცთა, დაშვენებითა მაგითა჻ ვისმე ჩემებრსა დააგდებს, გახდი ცნობითა შმაგითა჻

ამას მწიგნობართა ეტლად იტყვიან჻

178. ოტარიდო შენგან კიდე, არვის მიგავს საქმე სხვასა჻ მზე მაბრუნვებს არ გამიშვებს, შემიყრის და მიმცემს წვასა჻ დაჯე წერად ჭირთა ჩემთა, მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა჻ კალმად გიკვეთ გაწლობილსა, ტანსა წვრილსა ვითა ლერწამსა჻

ამას მოწყალეთა და სნეულთა ეტლად იტყვიან჻

179. მოი მთვარეო შემიბრალე, ვილევი და შენებრ ვმჭლდები჻ მზე გამავსებს მზევე გამლევს, ზოგჯერ ვჭლდები ზოგჯერ ვმჭლდები჻ მას უამბენ სჯანი ჩემნი, რა მჭირს ანუ როგორ ვბნდები჻ მიდი უთხარ ნუ გამწირავ, მისი ვარ და მისთვის ვჰკუდები჻

180. აჰა მმოწმობენ ვარსკვლავნი, შვიდნივე მემოწმებიან჻ მზე ოტარიდი მუშთარი, და ზოალ ჩემთვის ბნდებიან჻ მთვარე ასპიროზ მარიხი, მოვლენ და მოწმად მყვებიან჻ მას გააგონენ რანიცა, ცეცხლი უშენოდ მდებიან჻

181. აწ გულსა ეტყვის ვითამცა, გდის ცრემლი არ გაგხმობია჻ რას გარგებს მოკვლა თავისა, ეშმა ძმად თურე გძმობია჻ მეც ვიცი ჩემსა ხელმქმნელსა, თმად ყორნის ბოლო სთმობია჻ მაგრა თუ სჭირსა არ დასთმობ, ლხინი რა დასათმობია჻

182. თუ დავრჩეო ესე მიჯობს, სიცოცხლისა იტყვის თუსა჻ ნუთუ მამხვდეს ნახვა მზისა, ნუ ვიძახი მიწყივ უსა჻ მიიმღერის ჴმასა ტკბილსა, არ გასწყუეტდის ცრემლთა რუსა჻ მისსა ჴმისა თანა ხმაცა, ბულბულისა გვანდის ბუსა჻

183. რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან჻ მისვე ხმისა სიტკბოსაგან, წყლით ქვანიცა გამოსხდიან჻ ისმენდიან გაკვირდიან, რა ატირდის ატირდიან჻ იმღერს ლექსთა საბრალოთა, ღვარისაებრ ცრემლნი სდიან჻

184. მოვიდიან შესამკობლად, ქვეყნით ყოვლნი სულიერნი჻ ტყით ნადირნი წყალში თევზნი, ზღვით ნიანგნი ცით მფრინველნი჻ ინდო არაბ საბერძნეთით, მაშრიყით და მაღრიბელნი჻ რუსნი სპარსნი მოფრანგენი, და მისრეთით მეგვიპტელნი჻