... (Q-797), XIX ს.

224. რა მოგეშორვე მას აქათ, სიცოცხლე მამძულვებია჻ თუცა შენ ჩემად არა გცალს, მე შენთვის მამსურვებია჻ შენ უჩემობა ლხინად გჩანს, მე დია მიმჭირვებია჻ ოჴერ სიცოცხლე უშენოდ, სოფელი გამარმებია჻

225. ფრიდონ თქვნა ესე სიტყვანი, მოთქმითა შვენიერითა჻ გული დაიღეს დადუმდეს, მივლენ არ თურე მღერითა჻ ავთანდილ ჭვრეტთა აშვენებს, ჭვრეტითა აერ ფერითა჻ მელნისა ტბათა მიჯარვით, ბურავს გიშრისა ჭერითა჻

226. ქალაქს შევიდეს მუნ დახვდა, სრა მოკაზმული სრულითა჻ სახელმწიფოთა ყოვლითა, გასაგებლითა სრულითა჻ მონანი ტურფად მოსილნი, წესითა იყვნეს სრულითა჻ შეფრფინევდიან ავთანდილს, გულითა სულ წასრულითა჻

227. შევიდეს და დიდი შექმნეს, ჯალაბობა არ ხალვათი჻ იქით აქათ დიდებულნი, წარიგებით ათჯერ ათი჻ თვით ორნივე ერთგან დასხდეს, ვინმცა ვინ თქვას ქება მათი჻ ბროლ ბალახშსა აშვენებდა, ზოგან მინა ზოგან სათი჻

228. დასხდეს შეიქმნა პურობა, გაამრავლებდეს მახალსა჻ უმასპინძლებდეს ავთანდილს, ვითა მძახალი მძახალსა჻ მოიღებდიან ჭურჭელსა, ტურფასა ახალ ახალსა჻ მაგრა მის ყმისა მჭვრეტელთა, გული მიეცა გლახ ალსა჻

229. მას დღე სვეს ჭამეს გარდახდა, ნადიმი მსმელთა ჯარისა჻ გათენდა ბანეს ავთანდილ, რიცხვი ძეს მუნ ატლასისა჻ შესამოსელი შემოსეს, დრაჰკნისა ბევრ ათასისა჻ შეარტყეს წელთა სარტყელი, დაუდებელი ფასისა჻

230. ყმამან დაყვნა დღენი რამე, თუცა ყოვნასა ვერა სთმობდა჻ ფრიდონს თანა ნადირობად, გავიდეს და თამაშობდა჻ სწორად ხოცდა შორს და ახლოს, თუ რას ხელსა მიაპყროდა჻ მისი სროლა მშვილდოსანსა, ყველაკასა აწბილობდა჻

231. ყმა ფრიდონს ეტყვის გესმოდეს, ჩემი აწ მონახსენები჻ მე თქვენი გაყრა სიკვდილად, მიჩს და მით თავსა ვევნები჻ მაგრა არა მცალს დღე კრულსა, ცეცხლი მე სხვაცა მედების჻ გზა გრძელი საქმე სასწრაფო, მიც დია დამეყოვნები჻

232. არ ისმენდა მეფისასა, რასა გინდა უბრძანებდა჻ სხვაგან იყო გული მისი, სხვასა რასმე იგონებდა჻ ვარდი ერდგან შეეწება, მარგალიტსა არ აჩენდა჻ მჭვრეტნი მისნი გააჰკვირვნა, რასამცა ვინ იაზრებდა჻

233. მეფე ბრძანებს რა შევიგნათ, გული ჩვენი რათ იჴსნების჻ ამ ორთა კიდეგანთა, აზრი არა არ იქნების჻ ან ვისიმე მიჯნურია, საყვარელი ეგონების჻ მისგან კიდე არვისად სცალს, ვეღარცავის ეუბნების჻

234. ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი჻ არცა ლხინი ლხინად უჩანს, არცა ჭირი ზედა ზედი჻ ვით ზღაპარი ასრე ესმის, უბედობა თუნდა ბედი჻ სხვაგან არის სხვაგან ფრინავს, გონება უც ვითა ტრედი჻

235. ღ~თნ ქნას შინა მოვიდეს, ძე ჩემი გამარჯვებული჻ მე დავახვედრო ისი მზე, და მისთვის დამზადებული჻ მან ათქმევინოს ნუთუ რა, ჩვენცა ვსცნათ გაცხადებული჻ მუნამდის მთვარე შუქ კრთომით, ჯდეს მზისა მოშორვებული჻

236. ხელმწიფისა შვილსა გითხრობ, კარგსა ყმასა გულოვანსა჻ უებროსა ზნედ და თვალად, შვენიერსა პირსა ტანსა჻ მაშინ ლაშქარს წასულიყო, მუნ დაყოფდა დიდსა ხანსა჻ მამა მისთვის ამზადებდა, მას მნათობსა დასაგვანსა჻

237. მოიღეს ტანსა ჩააცვეს, შესამოსელი ქალისა჻ მას ზედა შუქი მრავალი, ჩნდა მნათობისა თვალისა჻ დაადგეს თავსა გვირგვინი, ერთობილისა ლალისა჻ მუნ ვარდსა ფერი აშვენებს, ბროლისა გამჭვირვალისა჻

238. [მეფემან] ბრძანა მოკაზმეთ, საწოლი უფლის წულისა჻ დაუდგეს ტახტი ოქროსა, წითლისა მაღრიბულისა჻ ადგა თვით დიდი ჴელმწიფე, პატრონი სრისა სრულისა჻ მას ზედა დასვა იგი მზე, ლხინი მჭურეტელთა გულისა჻

239. [უბრძანა] ცხრათა ხადუმთა, დადგომლად მცველად კარისა჻ ჴელმწიფე დაჯდა ნადიმად, მგზავსად მათისა გვარისა჻ უბოძა უსენს უზომო, მუქფად მის მზის დარისა჻ სცემენ ბუკსა და ტაბლაკსა, მოსამატებლად ზარისა჻

240. გააგრძელეს ნადიმობა, სმა შეიქნა მეტად გრძელი჻ ქალი პირ მზე ბედსა ეტყვის, რა ბედი მიც ჩემი მკვლელი჻ სადაური სად მოსრულ ვარ, ვის მივხვდები ვისთვის ხელი჻ რა ვქნა რა ვჰყო რა მერგების, სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი჻

241. [კვლაცა] იტყვის ნუ დავაჭკნობ, შვენებასა ვარდთა ფერსა჻ ვეცადო რას ნუთუ ღ~თნ, მე მამრიოს ჩემსა მტერსა჻ სიკვდილამდის ვის მოუკლავს, თავი კაცსა მეცნიერსა჻ რა მისჭირდეს მაშინ უნდა, გონებანი გონიერსა჻

242. ხადუმნი უხმნა უბრძანა, ისმინეთ მოდით ცნობასა჻ მოღორებულხართ დამცდარხართ, თქვენ ჩემსა პატრონობასა჻ დამცდარა თქვენიპატრონი, ჩემსა თუ ლამის სძლობასა჻ ჩემთვის ბუკსა და ტაბლაკსა, ცუდად გლახ იცემს ნობასა჻

243. არ ვარგ ვარ თქვენად დედოფლად, ჩემი გზა კიდეგანია჻ მაშოროს ღ~მ მამაცი, პირად მზე სარო ტანია჻ სხვასა რას მნუკავთ, საქმესა ჩემნი საქმენი სხვანია჻ თქვენთანა ჩემი სიცოცხლე, არ ჩემი შესაგვანია჻