ვეფხისტყაოსანი, 1934 წ.

158. ქალაქი ჰქონდა მაგარი საზაროდ სანაპიროსა, გარე კლდე იყო, გიამბობ, ზღუდესა უქვიტკიროსა, ყმამან მუნ დაყო სამი დღე ამოსა სანადიროსა, გაზრდილი მისი შერმადინ დაისვა სავაზიროსა.

159. ესეა მონა შერმადინ, ზემოთცა სახელდებული; თანა-შეზრდილი, ერთგული და მისთვის თავდადებული; მან არ იცოდა აქამდის მის ყმისა ცეცხლი დებული, აწ გაუცხადა სიტყვები მის მზისა იმედებული.

160. უბრძანა: “აჰა, შერმადინ, ამად მე შენგან მრცხვენიან, ჩემნი საქმენი ყოველნი გცოდნიან გაგივლენიან, მაგრა არ იცი, აქამდის რანიცა ცრემლნი მდენიან! მე ვისგან მქონდეს პატიჟნი, აწ მასვე მოულხენიან.

161. შენცა იცი, თინათინის სხივი მზესა უაღრესობს; გული ჩემი ვააბედე, იგი ჩემზე ტალობს, კვესობს. აწ გიცხადებ დაფარულსა, გაბრჭე, რაცა უმჯობესობს: მონათათვის ბრძანებულის აღსრულება სჯულად წესობს.

162. მოუკლავარ თინათინის სურვილსა და სიყვარულსა; ცრემლი ცხელი ასველებდის ნარგისთაგან ვარდსა ზრულსა; ვერ ვაჩენდი აქანამდის ჭირსა ჩემგან დაფარულსა, აწ მიბრძანა საიმედო, ამად მხედავ მხიარულსა”.

163. პირველად მქონდა მე მისი შორს ყოფნის ცეცხლი მდებარე; აწ შემიწყალა, მომიტკბა,მექმნა იმედთა მდებარე, მითხრა თუ: “წადი, გაიჭერ, ჰქმენ თავი გარდამდებარე, ძებნე იგი ყმა, ცოცხალ ა, ან მკვდარი ჰპოვე მდებარე.”

164. “მიბრძანა: "მიცან ამბავი მის ყმისა დაკარგულისა, მოხვიდე, სრულ-ვქმნა მაშინღა შენი წადილი გულისა, ქმარი არ მინდა უშენო, მომხვდეს ხისაცა რგულისა”, მომცა წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა.

165. “პირველ ყმა ვარ, წასვლა მინდა პატრონისა სამსახურად,– ხამს მეფეთა ერთგულობა, ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად; მერმე ცეცხლი დაუვსია, აღარა მწვავს გულსა მურად. ხამს თუ კაცი არ შეუდრკეს ჭირს, მიუხდეს მამაცურად.

166. “ვართ უმოყვრესნი მე და შენ ყოველთა პატრონ-ყმათასა, ამისთვის გნუკევ სმენასა შენ ამა ჩემთა ხმათასა: ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად, თავადად ჩემთა სპათასა, ამა საქმესა ვერა ვიქმ მე განდობასა სხვათასა.

167. “ლაშქართა და დიდებულთა ალაშქრებდი, ჰპატრონობდი; დარბაზს კაცსა გაგზავნიდი და ამბავსა მათსა სცნობდი; წიგნსა სწერდი ჩემ მაგიერ, უფასოსა ძღვენსა სძღვნობდი, აქა სადმე არ ყოფასა ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი!

168. “ლაშქრობა და ნადირობა შენი ჩემსა დაასახე, აქათ სამ წელ მომიცადე, ხვაშიადი შემინახე, მე ნუთუმცა შემოვბრუნდი, ალვა ჩემი არ დაჭნა ხე, არ მოვბრუნდე, მომიგლოვე, მიტირე და მივაგლახე.

169. ცის კიდემდის ვიარები ცრემლთა რევით, სისხლთა მღვრელი ვევედრები შემოქმედსა, იგი არის მომცემელი; ნუთუ მისით შეწევნითა ვპოვო ჩემი სასურველი! მე მისითა მიზეზითა მოვიარო ზღვა და ხმელი.

170. პაემანსა არ მოვესწრა, ნუღარ იცდი, მოვკვე თურე; ამბე ჩემი ნაუბარი, საქმე ესე ადასტურე: “ვა, დავკარგე ჭირთ-ნახული,წახდა რაცა ვიმსახურე! გაუმჟღავნე ყმათა ჩემთა, ცრემლი ხშირი მოიწურე.

171. “მაშინღა ჰკადრე მეფესა არ საქმე სასურვალია, აცნობე ჩემი სიკვდილი, იყავ მართ ვითა მთრვალია; მიხვდა-თქო საქმე, რომელი ყოვლთათვის გარდუვალია, გლახაკთა მიეც საჭურჭლე, ოქრო, ვერცხლი და რვალია.

172. ესე არის ამ სოფლისა სიმუხთლე და მისი ფერი! ჰკადრე: მხეცთა შეგვიჭამეს მისი ტანი შვენიერი მუხთალია ეს სოფელი, სწორად უჩანს ყმა და ბერი; ნუ ინაღვლით, ჩემად ნაცვლად სხვას გიბოძებს სახიერი.

173. “მაშინ უფრო მომეხმარე ამისგანცა უფრო მხნედ რე, ნუთუ ადრე დამივიწყო, მახსენებდე ზედა-ზედრე! მეტად კარგად დამიურვე, სული ჩემი შეივედრე, ზრდანი ჩემნი მოიგონენ, გული შენი მოიმდედრე”.

174. რა მონამან მოისმინა, გაუკვირდა, შეეზარა, თვალთათ, ვითა მარგალიტი, ცრემლი ცხელი გარდმოჰყარა; მოახსენა: “უშენომან გულმან რადმცა გაიხარა! ვიცი, რომე არ დასდგები, მაგას გიშლი ამად არა.

175. განაღა ლომმან იმედი დაგედვას რაცა მისადა, მეფისა ცამდის მაღლისა, მზისაცა უფრო მზისადა; უთქვენოდ მყოფი არ ვარგვარ, არცა თუ აქა ვზი სადა, მარტოსა თავი რად დაგიც სავალად მაგა გზისადა?

176. “ჩემად ნაცვლად დაგაგდებო, – ესე სიტყვა ვით მიბრძანე? რაგვარა ვქმნა პატრონობა? რამც გიფერე, რამც გიგვანე? შენ მარტოსა გიგონებდე, მემცა მიწა ვიაკვანე! სჯობს ორნივე გავიპარნეთ, წამოგყვები, წამიტანე”.

177. ყმამან უთხრა: “მომისმინე, მართლად გითხრობ, არა ჭრელად: რა მიჯნური ველთა რბოდეს, მარტო უნდა გასაჭრელად; მარგალიტი არვის მიხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად, კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად.