ვეფხისტყაოსანი, 1934 წ.

276. ჩემსა თავსა მიჯნურობა მართალია, არ ნაჭორად; ჩემი ვერა ვერ მოგკიდე, მეუბნები მრუდსა სწორად. ვინცა აქა გამომგზავნა, არვინა მჩანს მისად სწორად, მისგან კიდე სხვა მნათობი შევაწონე ერთსა ორად.

277. “მისი სახე გულსა ჩემსა ხატად ასრე გამოვხატე, მისთვის ხელმან, გამოჭრილმან, ლხინი ჩემი ვაალქატე; ორისაგან ერთი მიყავ: ტყვე მქმენ, ანუ მააზატე, ან მაცოცხლე, ანუ მომკალ, ჭირი ჭირსა მომიმატე”.

278. ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა პირველისგან უამესი: “ეგე ღონე მოიგონე დია რამე უკეთესი; წეღან საქმე მტერობისა გულსა ჩემსა ჩამოსთესი, აწ მოყვარე გიპოვნივარ, დისაგანცა უფრო დესი.

279. “მაშა რათგან მიჯნურობა შენად ღონედ მოიგონე, არ ეგების, ამას იქით თუმცა თავი არ გამონე; არ შენ მოგეც თავი ჩემი, დაგაბნივე, დაგაღონე; შენთვის მოვკვდე, ამისებრი მემცა საქმე რა ვაღონე!

280. “აწ რაცა გითხრა, თუ ამა საქმესა დამმორჩილდები, რასაცა ეძებ, მიხვდები, უცილოდ არ ასცილდები; თუ არ მომისმენ, ვერ ჰპოვებ, რაზომმცა ცრემლსა ჰმილდები, მოგხვდების მდურვა სოფლისა, მოკვდები გაცასწბილდები”.

281. ყმამან უთხრა: “ეგე საქმე ამას ჰგავსო, არა სხვასა: ორნი კაცნი მოდიოდეს სადაურნი სადმე გზასა, უკანამან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა, ზედ მიადგა, ჩაჰყიოდა, ტირს, იძახის ვაგლახ-ვასა.

282. “ეგრე უთხრა: “ამხანაგო, იყავ მანდა, მომიცდიდე, წავალ თოკთა მოსახმელად, მწადსო, თუმცა ამოგზიდე”; მას ქვეშეთსა გაეცინა, გაუკვირდა მეტად კიდე, შემოჰყივლა: “არ გელოდე, სად გაგექცე, სად წავიდე?!”

283. “აწ, დაო, შენთა ხელითაა ჩემი საბელი ყელისა, სხვად უღონოა უშენოდ ჩემგან აღპყრობა ხელისა; რასაცა მიზამ, შენ იცი, შენ ხარ წამალი ხელისა; თვარ ვისმცა ექმნა გორლითა შეკვრა თავისა მრთელისა!”

284. ქალმან უთხრა: “მომეწონა, ყმაო, შენი ნაუბარი. ხარ უცილოდ კარგი ვინმე, მოყმე, ბრძენთა საქებარი; ვინათგან ხარ აქანამდის მაგა ჭირთა დამთმობარი, რაცა გითხრა, მომისმინე, –გიპოვნია საძებარი.

285. “იმა მოყმისა ამბავი არსადა არ იპოვების; თვით თუ არ გითხრობს, არ ითქმის, არვისგან არ იცნობების. მოილოდინე, მოვიდეს, რაზომცა დაგეყოვნების, დადუმდი, ვარდსა ნუ აზრობ, ცრემლითა ნუ ითოვნების.

286. “გითხრა, თუ ცოდნა გწადიან ჩვენისა შენ სახელისა: ტარიელ არის სახელი იმა მოყმისა ხელისა; მე ასმათ მქვიან, რომელსა წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა, სულთქმა სულთქმისა ბევრისა, მაშა თუ არ ერთხელისა.

287. “ამის მეტსა ვერას გითხრობ მე სიტყვასა ამისთანსა: ისი მინდორს არონინებს ტანსა მჭევრსა, მემაჯანსა, ვჭამ, გლახ, მარტო ნადირისა მისგან ხორცსა მონატანსა, აწვე მოვა, არა ვიცი, თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა.

288. “ამას გვედრებ, მოიცადო თავი სხვაგან არსად არო; რა მოვიდეს, შევეხვეწო; ნუთუ ვით რა მოვაგვარო; ერთმანერთსა შეგამეცნე, თავი შენი შევაყვარო, თვით გიამბოს საქმე მისი, საყვარელსა გაახარო”.

289. ქალსა ყმამან მოუსმინა, დამორჩილდა, დაჰრთო ნება. ამას ზედა მოიხედეს, ხევით ესმა ჩხაპუნება; მთვარე წყალსა გამოსრული ნახეს, შუქთა მოფინება, უკუ-ჰრიდეს, აღარა ქმნეს მუნ ხანისა დაყოვნება.

290. ქალმან უთხრა: “ყმაო, მოგცა, ჟამად ღმერთმან, რაცა გინა, მაგრა თავი უჩინო ჰქმენ, დამალული იყავ შინა; იმა ყმისა მეუნებლე ხორციელი არავინ ა; ნუთუ ვით რა მოვაგვარო, შენი ნახვა არ ეწყინა”.

291. ავთანდილ ქვაბსა დამალა ქალმან მალვითა მალითა. იგი ყმა ცხენსა გარდახდა, შვენოდა კაპარჭ-ხრმალითა, ატირდეს მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესამალითა, ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ჭვრეტითა იდუმალითა.

292. ამარტის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან. დიდხან იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან; შეხსნა, შეიღო აბჯარი, ცხენიცა შეიყვანა მან, დადუმდეს, ცრემლნი მოჰკვეთნა შავმან გიშრისა დანამან.

293. ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა, ტყვე, საკნით ნააზატები. მან ქალმან ქვეშე დაუგო ვეფხის ტყავისა ნატები; მას ზედა დაჯდა იგი ყმა, სულთქვამს ჭირ-მონამატები, სისხლისა ცრემლსა გაეწნა შუა გიშრისა სატები.

294. მან ქალმან ხელ-ყო კვესითა გზება ცეცხლისა ნელისა. ეგონა ჭამა ხორცისა შემწვრისა, შეუქნელისა; მიუპყრა, ერთი ახლიჩა, ქმნაა საქმისა ძნელისა, ძალი არ ჰქონდა, დაუწყო გამოყრა უცოხნელისა.

295. ცოტად მიწვა, მიიძინა, თუცა ყოლა ვერა მეტი; შეკრთა, დიდნი დაიზახნა, წამოვარდა ვითა რეტი, იზახდის და წამ-წამ იკრის გულსა ლოდი, თავსა კეტი. ცალ-კერძ ზის და პირსა იხოკს ქალი მისი შენამჭვრეტი.