ვეფხისტყაოსანი, 1934 წ.

216. ჩვენ ასრე მყოფნი არ ვარგვართ რა გვნახვენ ვემაჯანებით.” შეირტყა წელსა აბჯარი, შეჯდა ტანითა ჯანებით; მზად აქვს მშვილდი და ისარი, ხრმალი მოიმარჯა ნებით მისმან მებრძოლმან ყველამან გაყრამცა იაჯა ნებით.

217. ხელთა ჰქონდა მშვილდ-ისარი, მათკენ მივა მხიარული. ორთა კაცთა წვეროსანთა ყმა მოჰყვანდა უწვერული; თავსა იყო დაკოდილი, შეებნიდა სისხლსა გული; ტიროდეს და იჭირვოდეს, ცოტა ედგა მას, გლახ, სული.

218. უყივლა თუ: “ძმანო, ვინ ხართ, მეკობრეთა დაგამსგავსენ!” მათ მიუგეს: “დაგვიწყნარდი, გვიშველე რა, ცეცხლნი ავსენ; ვერა გვარგო, მოგვიმტკივნე, ჭირნი ჭირთა მოგვისავსენ, სატირელნი მოგვიტირენ, ღაწვნი შენცა დაიხავსენ”.

219. ავთანდილ მიდგა, ეუბნა მათ კაცთა გულ-მდუღარეთა; მათ უთხრეს მათი ამბავი ტირილით მოუბარეთა: “ჩვენ ვართო ძმანი სამნივე, მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა, დია გვაქვს ციხე-ქალაქი ხატაეთს არე-მარეთა.

220. “კარგი გვესმა სანადირო, ნადირობას წამოვედით; გვყვეს ლაშქარნი უთვალავნი, წყლისა პირსა გარდავხედით; სანადირო მოგვეწონა, თვესა ერთსა არ წავედით, ვხოცეთ მხეცი უსაზომო მინდორით და მთით და ქედით.

221. “ჩვენ სამთა ძმათა ჩვენთანა მესროლნი დავაწბილენით; მით ერთმანერთსა სამნივე ჩვენ კიდე დავეცილენით; “მე უკეთ მოვჰკლავ, მე გჯობო”, სიტყვანი ვავაქილენით; ვერ გავაჩინეთ მართალი, ვისარჩლეთ, ვითაკილენით.

222. “დღეს ავყარენით ლაშქარნი, სავსენი ირმის ტყავითა, ვთქვით: “გავაჩინოთ მართალი, ვინ ვსჯობთ თავისა მკლავითა, თავსა ვიხალნეთ მარტონი, დავდგეთ თავისა თავითა, თვით დანახულსა მოვკლვიდეთ, ნუ ვესრვით დამნახავითა

223. “ჩვენ ვიახლენით სამთავე სამნივე მეაბჯრენია, ლაშქართა წასლვა ვუბრძანეთ, მით არას მოაზრენია; მოვინადირეთ მინდორი, ისი ტყენი და ღრენია, დავხოცეთ მხეცი, მფრინველი, რაცა ზე გარდაგვფრენია.

224. “ანაზდად მოყმე გამოჩნდა კუშტი, პირ-გამქუშავია; ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა,– მერანი რამე შავია; – თავსა და ტანსა ემოსა გარე-თმა ვეფხის ტყავია, ჯერ მისი მსგავსი შვენება კაცთაგან უნახავია.

225. “ვუჭვრიტეთ, მისთა ელვათა შუქნი ძლივ გავიცადენით; ვთქვით თუ: “მზეაო ქვეყნად, ნუ ვეუბნებით ცად ენით!” მისი მოგვინდა შეპყრობა, ვჰკადრეთ და შევეცადენით, ასრე სულთქმით და ვაებით მით ვართ, ცრემლისა დადენით.

226. “მე უხუცესმან უმცროსთა კაცი დავსთხოვე ქენებით; ჩემმა შემდეგმან ტაიჭი მისი მით აქო ხსენებით; ამან მართ ოდენ მორევნა გვთხოვა, ვუალეთ ჩვენებით, მივმართეთ, იგი აგრევე წყნარად მივა და შვენებით.

227. “ბროლმან, ლალსა გარეულმან, ვარდნი თხელნი ანატიფნა; იგი ტკბილნი გონებანი ჩვენთვის მეტად გაამყიფნა; არ აგვიხვნა, არცა დაგვსხნა, ყოლე არად ამოგვკრიფნა, მისნი მკვახედ მოუბარნი მათრახითა შეგვამწიფნა!

228. “უმცროსსა ძმასა მივეცით, უფროსსა დავეზიდენით; ხელი მოჰკიდა,– “დადეგო!” ესეცა ჰკადრა კიდ ენით; მან ხრმალსა ხელი არ მიჰყო, ჩვენ ამად დავერიდენით, თავსა გარდაჰკრა მათრახი, ვნახეთ სისხლისა კი დენით.

229. ჩვენი ძმა, გლახ დაკოდილი, მასვე წამსა ჩამოვარდა; მისმან შიშმან დაგუაწყნარნა, იგი ყოლა არ აჩქარდა; მასმცა მიღმა რაღა ვკადრეთ ვისგან ყოფა გაგვიმწარდა, ვჰთქვით, თუ უხრმლოდ მოგვერია ცრმალთა გაგვხის ფარდა ფარდა

230. “მით ერთითა მათრახითა თავი ასრე გარდაჰფრიწა, ვითა მკვდარი უსულო ჰქმნა, ვითა მიწა დაამიწა, მისი რასმე მკადრებელი მოამდაბლა, მოამიწა, თვალთა წინა წაგვივიდა ლაღი, კუშტი, ამაყი, წა!

231. “აღარ დაბრუნდა, წავიდა წყნარად და აუჩქარებლად; აგერა მივა, ნახეო, იგი მზეებრ და მთვარებლად”; შორს უჩვენებდეს ავთანდილს მტირალნი გაუხარებლად, ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი მისი მის მზისა მარებლად.

232. ვეფხისა ტყავი ენიშნა, ფიცხლავ გარდახდა ცხენითა; ღმერთსა ჰმადლობდა ცრემლითა, მინდორთა გასარცხელითა; ეტყოდა:” თქვენგან გამოვა ყოველთა სიმარცხენითა,– კეთილის მქნელად გამოჩნდის, ჩვენ მტერად მიგრაცხენითა.”

233. აჰა მიხვდა ავთანდილსა ღაწვთა ცრემლით არ-დათოვნა, რადგან ცუდად არ წაუხდა მას ეზომი გარეთ ყოვნა; კაცსა მიხვდეს საწადელი, რას ეძებდეს, უნდა პოვნა, მაშინ მისგან აღარა ხამს გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა.

234. უთხრა თუ:”ძმანო, ვარ ვინმე ღარიბი უადგილოსა, მე იმა ყმისა საძებრად მოვჰშორდი საგაზრდილოსა, აწ თქვენგან მივხვდი საქმესა ყოლა არ-საადვილოსა, ღმერთიმცა ნურას ნუღარ იქმს თქვენსა დასაღრეჯილოსა!

235. “ვითა მე მივჰხვდი წადილსა, ჩემის გულისა ნებასა, აგრემცა ღმერთი ნურას იქმს ძმისა თქვენისა ვნებასა!” უჩვენა მისი სადგომი: “მიდითო ნება-ნებასა, ჩრდილსა გარდასვით, მაშვრალნი მიეცით მოსვენებასა”.