ვეფხისტყაოსანი, 1934 წ.

59. თავსა ზის პირ-მზე ავთანდილ, მჭვრეტთაგან მოსანდომია, სპათა სპასპეტი, ჩაუქი, ვითა ვეფხი და ლომია, ვაზირი ბერი სოგრატი თვით მასთანავე მჯდომია, თქვეს თუ: “რა უმძიმს მეფესა, ანუ რად ფერი ჰკრთომია?”

60. თქვეს თუ: “მეფე ცუდსა რასმე გონებასა ჩავარდნილა, თვარა აქა სამძიმარი მათი ყოლა არა ქმნილა”. ავთანდილ თქვა: “სოგრატ, ვკითხოთ, გვითხრას, რადმცა შეგვეცილა? ვკადროთ რამე სალაღობო, რასათვისმცა გაგვაწბილა?”

61. ადგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა, თვითო აივსეს ჭიქები, მივლენ ქცევითა წყნარითა; წინა მიუსხდეს მუხლ-მოყრით, პირითა მოცინარითა, ვაზირი ლაღობს ენითა, წყლიანად მოუბნარითა:

62. “დაგიღრეჯია, მეფეო, აღარ გიცინის პირიო! მართალ ხარ, წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო; ყველასა გასცემს ასული თქვენი საბოძვარ-ხშირიო, ყოლამცა მეფედ ნუ დასვი, თავსა რად უგდე ჭირიო!”

63. რა მეფემან მოისმინა, გაცინებით შემოხედნა, გაუკვირდა: ვით მკადრაო, ან სიტყვანი ვით გაბედნა; “კარგა ჰქმენო”, დაუმადლა, წყალობანი უიმედნა, ჩემი ზრახვა სიძუნწისა, ტყუის, ვინცა დაიყბედნა!

64. “ეგე არ მიმძიმს, ვაზირო, ესეა რომე მწყენია: სიბერე მახლავს, დავლიე სიყმაწვილისა დღენია; კაცი არ არის, სითგანცა საბრძანებელი ჩვენია, რომე მას ჩემგან ესწავლნეს სამამაცონი ზნენია.”

65. “ერთაი მიზის ასული ნაზარდი სათუთობითა, ღმერთმან არ მომცა ყმა-შვილი, ვარ საწუთროსა თმობითა, ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად, ანუ კვლა ბურთაობითა; ცოტასა შემწევს ავთანდილ, ჩემგანვე ნაზარდობითა”.

66. ყმა მეფისა ბრძანებასა ლაღი წყნარად მოისმენდა, თავმოდრეკით გაიღიმნა, გაცინება დაუშვენდა, თეთრთა კბილთათ გამომაკრთალსა შუქსა ველთა მოაფენდა. მეფე ჰკითხავს: “რას იცინი, ანუ ჩემგან რა შეგრცხვენდა?”

67. კვლა უბრძანა: “თავსა ჩემსა, რას იცინი, რად დამგმეო?” ყმამან ჰკადრა: “მოგახსენებ და ფარმანი მიბოძეო, რაცა გკადრო, არ გეწყინოს, არ გარისხდე, არ გასწყრეო, არ გამხადო კადნიერად, არ ამიკლო ამათზეო”.

68. უბრძანა: “რადმცა ვიწყინე თქმა შენგან საწყინარისა!” ჰფიცა მზე თინათინისა, მის მზისა მოწუნარისა. ავთანდილ იტყვის: “დავიწყო კადრება საუბნარისა: ნუ მოჰკვეხ მშვილდოსნობასა, თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა.

69. “მიწაცა თქვენი ავთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია; ნაძლევი დავდვათ, მოვასხნეთ მოწმად თქვენნივე ყმანია; მოასპარეზედ ვინ მგავსო?! – ცუდნიღა უკუთქმანია. გარდამწყვედელი მისიცა ბურთი და მოედანია!”

70. როსტევან უთხრა: “მით მკადრე არ ეჭუდი ჩემგან წყენასა; რასთვის შემკადრე საუბრად, ვით ათქმევინე ენასა? სრულ სპათა ყური მოუპყარ ჩემთა ნათქვამთა სმენასა: თუ არ გასწბილდე, მაჯობო ბედი გითოვდეს ზე ნამსა.

71. “მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა მაგისა დაცილებასა, ბრძანე, ვისროლოთ, ნუ იქმო შედრეკილობა-კლებასა, კარგთა ყმათასა ვიქმოდეთ მოწმად ჩვენთანა ხლებასა, მერმე გამოჩნდეს მოედანს, ვისძი უთხრობდენ ქებასა!”

72. ავთანდილცა დამორჩილდა, საუბარი გარდაწყვიდეს, იცინოდეს, ყმაწვილობდეს, საყვარლად და კარგად ზმიდეს, ნაძლევიცა გააჩინეს, ამა პირსა დაასკვნიდეს: “ვინცა იყოს უარესი, თავშიშველი სამ დღე ვლიდეს!”

73. კვლა ბრძანა: “მონა თორმეტი შევსხათ ჩვენთანა მარებლად; თორმეტი ჩვენად ისრისა მომრთმევლად, მოსახმარებლად, ერთაი შენი შერმადინ, არს მათად დასადარებლად; ნასროლ-ნაკრავსა სთვალვიდენ უტყუვრად, მიუმცდარებლად”.

74. მონადირეთა უბრძანა: “მინდორნი მოიარენით, დასცევით ჯოგი ნადირთა, თავნი ამისთვის არენით”. ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს: “მოდით და მოიჯარენით”. გაჰყარეთ სმა და ნადიმი, მუნ ამაოდ გავიხარენით.

75. დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი, ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლ-ბალახშოსანი, პირ-ოქრო რიდე ეხვია, შვენოდა ქარქაშოსანი, მეფესა გასლვად აწვევდა, მოდგა თეთრ-ტაიჭოსანი.

76. შეეკაზმა მეფე, შეჯდა, ნადირობას გამოვიდეს; მგრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს, ალყას გარე შემოჰკრვიდეს; ზეიმი და ზარი იყო, სპანი ველთა დაჰფარვიდეს; ნაძლევისა მათისათვის ისროდეს და ერთგან სრვიდეს.

77. უბრძანა: “მონა თორმეტი მოდით, ჩვენთანა ვლიდითა, მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით, ისარსა მოგვართმიდითა, ნაკრავსა შეადარებდით, ნასროლსა დასთვალვიდითა”. დაიწყო მოსლვა ნადირმან ყოვლგნით მინდორთა კიდითა.

78. მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშ-მიუწთომელი, ირემი, თხა და კანჯარი, ქურციკი მაღლა მხლტომელი; მას პატრონ-ყმანი გაუხდეს,– ჭვრეტადმცა სჯობდა რომელი! აჰა მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი!