ვეფხისტყაოსანი, 1934 წ.

138. შენგან ჩემი სიყვარული ამით უფრო გაამყარე, რომე დამხსნა შეჭირვება, ეშმა ბილწი ასაპყარე. გულსა გარე საიმედო ია მორგე, ვარდი ყარე, მერმე მოდი, ლომო, მზესა შეგეყრები, შემეყარე.

139. “სამსა ძებნე წელიწადსა იგი შენი საძებარი; ჰპოვო, მოდი გამარჯვებით, მხიარულად მოუბარი; ვერა ჰპოებ, დავიჯერებ, იყო თურე უჩინარი, კოკობი და დაუფრჭვნელი ვარდი დაგხვდე დაუმჭნარი.

140. “ფიცით გითხრობ: შენგან კიდე თუ შევირთო რაცა ქმარი, მზეცა მომხვდეს ხორციელი, ჩემთვის კაცად შენაქმარი, სრულად მოვსწყდე სამოთხესა, ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი, შენი მკლვიდეს სიყვარული, გულსა დანა ასაქმარი”.

141. მოახსენა ყმამან: “მზეო, ვინ გიშერი აწამწამე!.... სხვა პასუხი რამცა გკადრე, ანუ რამცა შევიწამე?!.. მე სიკვდილსა მოველოდი, შენ სიცოცხლე გამიწამე, ვითა მონა, სამსახურად განღამცა წავეწამე!”

142. კვლაცა ჰკადრა: “აჰა, მზეო, რადგან ღმერთმან მზედ დაგბადა, მით გმორჩილობს ზეციერი მნათობია რაცა სადა; მე რომ თქვენგან მოვისმინენ წყალობანი, მედიადა, ვარდი ჩემი არ დაჭნების, შუქი შენი იეფად-ა”.

143. თავი ჩემი სამსახურად შენად რადმცა შევიწყალე! არასათვის არ დავდგები, უსაცილოდ წავალ ხვალე; გული ფერი ლაჟვარდისა გავაწითლე, გავალალე. სიცოცხლისა უკეთესი რა მიბოძე რამც ვივალე!”

144. კვლა შეჰფიცეს ერთმანერთსა, დააპირეს ესე პირი; გასალდეს და გაამრავლეს საუბარი სიტყვა-ხშირი, გაადვილდა, აქანამდის გარდეხადა რაცა ჭირი, თეთრთა კბილთათ გამოჰკრთების თეთრი ელვა ვითა ჭვირი.

145. ერთგან დასხდეს, ილაღობეს, საუბარი ასად აგეს; ბროლ-ბალახში შეხვეული და გიშერი ასადაგეს; ყმა ეტყვის თუ: “შენთა მჭვრეტთა თავი ხელი ა სად აგეს! ცეცხლთა, მანდით მოდებულთა, გული ჩემი ასადაგეს”.

146. ახლოს უზის ლაღი ჭვრეტად მისსა მკვლელსა ეუბნების წამ-წამ იაჯს შველასა და შემოქმედსა მიენდობის: თუ ზოგნიცა არ დახოცნეს ღმერთმან სხვანი რადმცა შობის სხვამან რამამც დაავიწყოს იგი პირმზე ეგონების.

147. ყმა წავიდა, სიშორესა თუცა მისსა ვერ გასძლებდა; უკუღმავე იხედვიდა, თვალთა რეტად აყოლებდა. ბროლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, ტანსა მჭევრსა ათრთოლებდა, გული ჰქონდა გულისათვის, სიყვარულსა ავალებდა.

148. თქვა: “მზეო, ვარდსა სიშორე შენი დამაჩნდეს ეს ადრე, ბროლი და ლალი გასრულვარ ქარვისა უყვითლესად-რე; მაშინ რაღა ვქმნა, ვერ-ჭვრეტა რა მომხვდეს კვლა უგრძესადრე? ხამს მოყვრისათვის სიკვდილი, ესე მე დამიც წესადრე”.

149. საწოლს დაწვა, ტირს, მტირალსა ცრემლი ძნელად ეხოცების, ვითა ვერხვი ქარისაგან ირხევის და იკეცების; რა მილულნის, სიახლევე საყვარლისა ეოცების, შეკრთის, დიდი დაიზახნის, მით პატიჟი ეოცების.

150. მოშორვება საყვარლისა მას შეჰქმნოდა მისად ღაზოდ, ცრემლსა, ვითა მარგალიტსა ჰყრის ვარდისა დასანაზოდ; რა გათენდა, შეეკაზმა მისთა მჭვრეტთა სალამაზოდ, ცხენსა შეჯდა, გაემართა, დარბაზს მივა სადარბაზოდ.

151. დარბაზს ეჯიბი შეგზავნა, მართ მისგან შენარონია, შესთვალა: “გკადრებ, მეფეო, მე ესე გამიგონია: ყოველი პირი მიწისა თქვენ ხრმლითა დაგიმონია, აწ თუ სჯობს, ესე ამბავი ცნან რაცა გარემონია”.

152. “მე წავიდე, მოვიარო, ვილაშქრო და ვინაპირო, თინათინის ხელმწიფობა მტერთა თქვენთა გულსა ვგმირო, მორჩილ-ქმნილი გავახარო, ურჩი ყოვლი ავატირო, ძღვენნი გკადრნე ზედა-ზედა, არ სალამი დავაძვირო”.

153. მეფესა ეთქვა ამისი დიადი მადრიელობა, ებრძანა: “ლომო, არა გჭირს შენ ომთა გარდუხდელობა, აწ მაგა შენსა თათბირსა ჰგავსო შენივე ქველობა, წა, მაგრა მომხვდეს, რაღა ვქმნა, თუ სიშორისა გრძელობა!”

154. ყმა შევიდა, თაყვანი სცა, მადლი რამე მოახსენა: “ხელმწიფეო, მიკვირს, ქება რად იკადრეთ ჩემი თქვენა; აწ ნუთუმცა კვლა ნახვითა ღმერთმან ბნელი გამითენა, პირი თქვენი მხიარული მხიარულსა კვლა მიჩვენა”.

155. მეფე ყელსა მოეკიდა, გარდაჰკოცნა ვითა შვილი, სხვა მათებრი არ ყოფილა არ გამზრდელი, არ გაზრდილი; ყმა ადგა და წამოვიდა, მას დღე მათი ჩანს გაყრილი; როსტან მისთვის აატირა გონიერი გული, ლბილი.

156. გამოემართა ავთანდილ, მოყმე მხნე, ლაღად მავალი, ოც დღე იარა, ღამეცა დღე ზედა წართო მრავალი. იგია ლხინი სოფლისა, იგია ნივთი და ვალი, არ მისცილდება თინათინ მისი მას, ვისგან სწვავ ალი.

157. რა მოვიდა, სიხარული შიგან გახდა სამეფოსა; მოეგებნეს დიდებულნი, ძღვენსა სძღვნიდეს იეფოსა, იგი პირ-მზე არ მოსცთების სიარულსა სასწრაფოსა, მიხვდეს მყოფნი მას წინაშე სიხარულსა სადაფოსა.