ვეფხისტყაოსანი, 1934 წ.

296. “რად დაბრუნდი, მოახსენა, “მითხარ, რაცა წაგეკიდა!” მან უბრძანა: “მონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა, ჰყვეს ლაშქარნი უთვალავნი, ბარგი მძიმედ აეკიდა, იგი მინდორს ნადირობდა, დაეფანჩა მარეკი, და.

297. “სევდად მეცა კაცთა ნახვა, ცეცხლი უფრო გავიალე: არ მიუვე ახლოს შეყრად, თავი ჩემი შევიწყალე; მათგან მკრთალი შემოვბრუნდი, ტყესა შიგან დავიმალე. ვთქვი: ნუთუმცა უკუმრიდა, რა გათენდეს, წავალ ხვალე”.

298. ქალსა ცრემლი გარდმოსცვივდა ას-ნაკეცი, ბევრის-ბევრად; მოახსენა: “მხეცთა თანა იარები მარტო ტევრად, არას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად, მას მაგითა ვერას არგებ, დღეთა შენთა ცუდად ჰლევ რად?

299. “ყოვლი პირი ქვეყანისა ერთობ სრულად მოგივლია. ერთი კაცი შემაქცევრად შენად ვითა დაგელია? გეახლოს და არ გაშმაგდე, თუცა ჭირი არ გაკლია; შენ მოკვდე და იგი წახდეს, ესე შენთვის რა მადლია?”

300. უბრძანა: “დაო, ეგეა მსგავსი შენისა გულისა, მაგრა არ არის ქვეყანად წამალი ამა წყლულისა! ვის ძალ-აქვს პოვნა კაცისა, თვით სოფლად არ მოსრულისა? ჩემი ლხინია სიკვდილი, გაყრა ხორცთა და სულისა.

301. “ღმერთმან სხვაცა ეტლსა ჩემსა სადმცა კაცი რად დაჰბადა, სიახლე და საუბარი თუმცა მისი მე მეწადა! ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი, ანუ ვინმცა შეეცადა? შენგან კიდე ხორციელი, დაო, მივის არასადა”.

302. ქალმან ჰკადრა: “არ გამიწყრე, ვიშიშვი და ვიაჯ დია; რადგან, ღმერთსა ვაზირობა შენი ჩემზედ მოუგდია, ვერ დავმალავ უკეთესსა, რაცა საქმე გამიცდია. არა ვარგა უსაზომო, თავი ზომსა გარდგიხდია”.

303. მისი მძებლენი იყომცა ჭკუვითა მეტის მეტითა; შენ კაცთა ნაცვლად ნადირთა ახლავ გულითა რეტითა; სჯობს, ერთი კაცი იახლო, ილხენდე მისით ჭვრეტითა. ვით იადონი არ მოკვდე ბულბული თესლთა კვნეტითა.“

304. ყმამან უთხრა: “რას მენუკვი, არა ვიცი, გამიცხადე. კაცი ჩემად სამსახურად უღმრთოდ მემცა ვით დავბადე?! ღმერთსა ჩემი უბედობა უნდა, მემცა რას ვეცადე! განაღამცა გავნადირდი, თავი ასრე გავიხადე”.

305. ქალმან კვლა ჰკადრა: “გაგსაჯე მეტითა შეგონებითა, მაგრა თუ კაცი მოგგვარო, მოგყვეს თავისა ნებითა, იგი გეახლოს, ილხენდე მისითა შემეცნებითა; – ჰფიცე, არ მოჰკლა, არ იყო, არ, სავნებლისა ვნებითა”.

306. უთხრა, : თუ დაო, არა ვარ სულ ცნობა- დაკარგულია, მიჯნურობისა შმაგობით ხელთა არა მაქვს გულია მაგრამ ცოტაცა კვლა ვიცი, რაცა რამ საკარგულია, ვინ ღირს-ა კაცი გამოჩნდეს ჩემებრ თავ- დაკარგულია.

307. მოახსენა: ვპოვე ვინმე მიჯნურობით გამოჭრილი, შენად ძებნად წამოსრული, დიდთა ჭირთა გარდახდილი; დაუგდია მისი მთვარე, ამად ქნილა ფერ- მიხდილი; ნახო, აწცა ეკადრების მზისა შუქთა მისგან ცილი.

308. ყმამან უთხრა: “თუ მიჩვენებ, ვნახავ, დიდად გავიხარებ, სიყვარულმან მისმან, ვისთვის ხელი მინდორს თავსა ვარებ, არას ვუზამ უგემურსა, არა ოდეს გავამწარებ; რაცა ჩემგან იამების, ვაამებ და შევიყვარებ”.

309. ქალი ადგა და წავიდა მის ყმისა მოსაყვანებლად; “არ ეწყინაო”, უამბობს, არს მისად მაგულვანებლად, ხელი მოჰკიდა, მოჰყვანდა, ვით მთვარე მოსავანებლად; იგი რა ნახა ტარიელ, თქვა მზისა დასაგვანებლად.

310. გამოეგება ტარიელ, მართებს ორთავე მზე დარად, ანუ ცით მთვარე, უღრუბლო შუქთა მოჰფენდეს ქვე ბარად; რომე მათ-თანა ალვისა ხეცა ვარგიყოს ხედ არად, ჰგვანდეს შვიდთავე მნათობთა, სხვადმცა რისად ვთქვა მე და რად!

311. მათ აკოცეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დარიდეს, ვარდსა ხლეჩდეს, ბაგეთაგან კბილნი თეთრნი გამოსჭვირდეს; ყელი ყელსა გადააჭვდეს, ერთმანერთსა აუტირდეს, ქარვად შეჰქმნეს იაგუნდნი მათნი, თუმცა ლალად ღირდეს.

312. მობრუნდეს; ყმამან ავთანდილს ხელი შეუპყრა ხელითა, ერთგან დასხდეს და იტირეს დიდხან ცრემლითა ცხელითა; ასმათი სულსა უღებდა, სიტყვითა საკვირველითა: “თავთა ნუ დაჰხოცთ, ნუ ბნელ-იქმთ მზესა თქვენითა ბნელითა”.

313. ტარიელის ვარდი იყო დათრთვილული, არ დაზრული; ყმასა უთხრა: “მესწრაფების, მითხარ შენი დაფარული, ვინ ხარ, ანუ სით მოსულხარ, სადაური, სით მოსრული? მე სიკვდილსა აღარ ვახსოვ, ვარ მისგანცა განწირული”.

314. ავთანდილ გასცა პასუხი, სიტყვები ლამაზებია: “ლომო და გმირო ტარიელ, ვის თავი გინაზებია: მე ვარ არაბი, არაბეთს არს ჩემი დარბაზებია, მიჯნურობითა დამწვარვარ, ცეცხლი უშრეტი მგზებია.

315. “მე პატრონისა ჩემისა ასული შემყვარებია; თვით მეფედ მათად მას ხედვენ მონები მკლავ-მაგრებია. თუცა არ მიცნობ, გინახავ, თავი ვით გიაზრებია, გახსოვსცა, ოდეს დაჰხოცე მონები არ-საპყრებია?